unisub.ge
მირაი მომავლიდან (Mirai no Mirai)




Mirai no Mirai (მირაი მომავლიდან)

"ასე არ გამოვა, ასეთი დამოკიდებულება არ მომწონს.
ვინ ხარ?
შენ სალაშქროდ მიდიხარ არა? მწერების დასაჭერად და ფეიერვერკების სანახავად. სჯობს ბებიასთან და ბაბუასთან დარჩე... ყველა ასეთ საზაფხულო არდადეგებზე ოცნებობს, რომ ერთად შექმნან ბედნიერი მოგონებები და შენ რატომ არ წყვეტ წუწუნს?
მითხარი, ვინ ხარ?
თქვი, რა არის უფრო მნიშვნელოვანი შარვლის ფერი თუ შენი ბედნიერი მოგონებები?! არჩევანი შენ უნდა გააკეთო".


მამორუ ჰოსოდას მე-7 სრულმეტრაჟიანი ანიმეა. ესაა ისტორია 4 წლის ბიჭის შესახებ, რომლის ცხოვრებაც მას შემდეგ იცვლება, რაც ოჯახში ახალი წევრი ჩნდება. ახალდაბადებული და, რომელიც „მის ადგილს იკავებს“. ეჭვინობა და ყურადღების ნაკლებობა მას თავს მარტოდ აგრძნობინებს. საკმაოდ რეალისტურია ეს გრძნობები... ბრაზი, რომელიც უმცროსი დედმამიშვილის მიმართ უჩნდებათ ხოლმე პატარებს, ძალიან კარგადაა გადმოცემული. თუმცა ეს ყველაფერი არაა... რეალობას შერწყმული ფანტასტიკური ელემენტებით გაჯერებული ისტორიები, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით შემოიჭრება პატარას ცხოვრებაში მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენენ მასზე და მის შეხედულებებზე.
რა ხდება მაშინ როდესაც ოჯახში ახალი წევრი ჩნდება? უფროსებისთვის ეს შეიძლება სასიხარულო ამბავი იყოს, მაგრამ საინტერესოა რას გრძნობენ ამ დროს პატარები... ანიმე „მირაი- მომავლიდან“ სწორედ ბავშვის თვალით დანახულ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
ესაა მრავალი ამბის გაერთიანება. წარსული, აწმყო და მომავალი მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს, რომ მოგვიყვეს ერთი ოჯახის ისტორია. წარმოსახვითი და გულისამაჩუყებელი ამბავი ოჯახის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სიბრაზის, ეჭვიანობისა და დაბნეულობის მომენტები წარმოდგენილია ლამაზად გულწრფელი და იუმორისტული გზით. რაღაცით, ჩარლზ დიკენსის ნოველა "საშობაო სიმღერა" (A Christmas Carol) მომაგონა მისმა სიუჟეტმა. შეიძლება ნანახიც გქონდეთ, რადგან მისი უამრავი ადაპტაცია არსებობს.
უმცროსი და მომავლიდან, დიდი ბაბუა, დედის პატრაობა ან თუნდაც ძაღლის ადამიანური ვერსია შემოიჭრებიან მის ცხოვრებაში და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ "გაკვეთილებს ჩაუტარებენ". უცნაური მოგზაურობა წარსულში, აწმყოსა და მომავალში 4 წლის ბიჭუნას დაეხმარება ცხოვრებისეული სირთულეებისა და ცვლილებების გამკლავებაში.
ჰოსოდას სცენარის დაწერა 3 წლის შვილის რეაქციამ შთააგონა, რომლის ცხოვრებაშიც პატარა და გაჩნდა. პირველ შეხვედრაზე სათამაშოც კი ესროლა დას, მშობლების ყურადღების მისაქცევად. ჰოსოდა ფიქრობდა როგორ ადაპტირდებოდა მისი შვილი უფროს ძმად, სწორედ ამ ფიქრებმა მიიყვანა ის ანიმეს შექმნამდე.

პროტაგონისტის შესაქმნელად მან ბავშვები მიიყვანა სტუდია ჩიზუში, ასე რომ ანიმატორებს უამრავი დრო ჰქონდათ რომ გაეკეთებინათ ჩანახატები. ჰოსოდას ასევე სურდა გამოეყენებინა ფანტასტიკის ელემენტები, რომ ჯადოსნურ ამბავს დამსგავსებოდა ანიმე.
"ბავშვები ხედავენ სამყაროს სულ სხვა კუთხით. ყველაფერი რასაც ჩვენი გმირი წარმოიდგენდა, უბრალოდ სახეა ბავშვების წარმოსახვის. ყოველ დღე რაღაც სიახლეს აღმოაჩენენ, რაღაც განსაკუთრებულს... ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძაღლებთან ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ბავშვებისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს... მინდოდა მეჩვენებინა, რომ ცხოვრება ბავშვებთან ერთად საოცარია. ბედნიერება იმალება ყოველდღიურ ცხოვრებაში..."


დიდი ბაბუის ამბავი კი მისი ცოლის ბაბუის ისტორიაა, რომელიც ომში ავიაციაში მსახურობდა და შეტაკების დროს დაშავდა. შესაბამისად, ანიმე შეიძლება ჰოსოდას ოჯახის ისტორიადაც ჩავთვალოთ.
"მატარებელში დაკარგული ბავშვის ხატვისას ვცდილობდი გამეხსენებინა ის პერიოდი, როცა მე თავად დავიკარგე. ბავშვებისთვის ადამიანები ჩვეულებრივები არიან, მაგრამ როცა იკარგები, ისინი საშიშ, ცივ რობოტებს გვანან... ამიტომ გამოვიყენე ბოლოს განსხვავებული სახის ნახატები, რომ წარმომეჩინა დაკარგული ბავშვის თვალით დანახული საშიში გარემო".

დასაწყისი არც ისე შთამბეჭდავია, უბრალო გასართობი ანიმეს ვაიბი მოაქვს, მაგრამ თანდათან საკმაოდ იცვლება, თითქოს გარდატეხა ხდება და საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. საერთო ჯამში, ძალიან კარგი, თბილი და ტკბილი ანიმეა... ძალიან კარგი აქცენტებით.
ჰოსოდა მამორუ პატარა ბიჭის პერსონაჟზე ამბობს: "კუნმა დაკარგა საკუთარი იდენტობა. დაავიწყდა ვინაა. იმ სცენის, როცა საათის კაცთან მიდის, მთავარი მიზანი იყო დასმულიყო კითხვა - "ვინ ხარ?" მინდოდა ამ პერსონაჟს ჰქონოდა ავტორიტეტი... უნდა ჰქონოდა უფლება დაესვა მსგავსი შეკითხვა, ამიტომ ის სპეციალური დიზაინით შევქმენი... ზოგადად ეს სცენა მინდოდა გამორჩეული ყოფილიყო, რადგან იდენტობის საკითხს ეხება".


იყო თუ არა ეს ყველაფერი წარმოსახვა, თუ მართლა შეხვდა მირაის მომავლიდან, დიდ ბაბუას და მშობლებს ბავშვობაში ბუნდოვანია, თუმცა მთავარია მან მიიღო გაკვეთილი, რომ ცხოვრება პატარა მომენტებითის კრებულია, ამიტომ არ შეიძლება მათი უაზროდ გაფლანგვა.
"დიდ ბაბუას მაგრად რომ არ ეცურა და დიდ ბებიას ძალით რომ არ წაეგო ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. სწორედ ასეთი პატარა დეტალები გვაქცევენ იმად, რაც ვართ".

ანიმეს ვიზუალური მხარე განსაკუთრებით მომხიბლავია. პერსონაჟები თუ ხედები საოცარია. "
ფონი მთლიანად ხელით ნახატია. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს და თქვას, რომ ეს ანიმესთვის ნორმალურია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მალე კომპიუტერული ტექნიკით ხატვა სრულიად ჩაანაცვლებს ამას. ასე რომ ჩემი ანიმე და მიაძაკის ანიმე, რომელზეც წლებია მუშაობს, შეიძლება ბოლოც იყოს ხელით ნახატ ანიმეებს შორის. შეიძლება ეს ძალიან ცუდია, რომ სრულიად უნდა ჩანაცვლდეს ხელით ხატვა, თუმცა ცხოვრება ასეთია... ტექნიკა ვითარდება და ჩვენ მას უნდა მივსდიოთ. ამ ანიმეს ფონის შექმნაზე 20 მხატვარი მუშაობდა. ეს ოცი ადამიანია უკანასკნელი იაპონიაში, ვინც ამ ტექნიკას ფლობს... ეს კი ძალიან საწყენია".

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ. 
რეგისტრაცია