unisub.ge
ოდა მამაჩემს (Ode to My Father)




Ode to My Father (ოდა მამაჩემს)

  • "რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახი პირველ ადგილას უნდა დააყენო, ხომ გესმის ეს?!"
რომ მკითხოთ რომელი ფილმით უნდა დაიწყოთ კორეული კინოსამყაროს გაცნობა, ალბათ ერთ-ერთი სწორედ ეს კონკრეტული გამახსედება (დორამებიდან - "გიგანტი"). ჩემთვის ესაა სურათი, რომელიც ძალიან კარგად გვაცნობს მათ წეს-ჩვეულებებს, ისტორიას და დამეთანხმებით, თუ იცით რა გზა გამოიარეს დღევანდელ დღემდე, უფრო სწორ აქცენტებს გააკეთებთ მათი შემოქმედების შეფასებისას.

"ოდა მამაჩემს" არის რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული სამხრეთ კორეული ფილმი, რომელიც ასახავს კორეის თანამედროვე ისტორიას, 1950-იანი წლებიდან დღემდე, ერთი ჩვეულებრივი მამაკაცის ცხოვრების პარალელურად. დოკ სუ თავის თავზე გამოცდის ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ჰუნგნამის ევაკუაცია1950 წლის კორეის ომის დროს, 1960-იანი წლების გადაწყვეტილებას ექთნებისა და მაღაროელების დასავლეთ გერმანიაში გაგზავნის შესახებ და ვიეტნამის ომსაც კი.

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წლები იყო კორეის ისტორიაში... კორეის ომი 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა (1950-53) და დასრულდა საზავო ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც საზღვარი ორ კორეას შორის გატარდა 38-ე პარალელზე. დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, ოჯახები გაიყო, განადგურდნენ ეკონომიკურად, ქვეყანა ქაოსმა მოიცვა... ეს დიდი ტრაგედია მთელ ფილმს გასდევს და კარგად ჩანს თუ რა გზა გამოარა ქვეყანამ, დუკ სოს მაგალითზე.

მთავარ პერსონაჟს თვალს ვადევნებთ ბავშვობიდან მოხუცებულობამდე და ვიზიარებთ მის ტკივილს, მასთან ერთად ვიზრდებით, გვიხარია, გვშია, გვცივა და გვიყვარდება... ეს არის ისტორია პატარა ბიჭზე, რომელსაც ბავშვობა წაართვეს და ოჯახის პრობლემები ძალიან ადრე დააწვა კისერზე. მან ყველაფერი გაიღო თავისი და-ძმისთვის და შეძლო თავიდან დაეწყო ცხოვრება, ისევე როგორც ეს სამხრეთ კორეამ მოახერხა.
ფილმი ძალიან ემოციურია სიუჟეტიდან გამომდინარე, თან ძალიან საინტერესო, მშვენიერი გადაღებითა და მუსიკალური გაფორმებით. მარტო დასასრულიც კი ზღვა ემოციას გამოიწვევს თქვენში... 

"ოდა მამაჩემს" არაჩვეულებრივი ქასთითაც გამოირჩევა... იუნ-მინ ჰვანი (გენიოსი მსახიობი) და იუჯინ კიმი (ჯერ კიდევ LOST-დან მიყვარს) თავიანთ როლებს შესანიშნავად ასრულებენ.

ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამხრეთ კორეაში... სულ 14.2 მილიონი ბილეთი გაიყიდა და გახდა მეოთხე ყველაზე მოთხოვნადი ფილმი, ქვეყნის მაშტაბით. აღებული აქვს უამრავი ჯილდო სხვადასხვა ფესტივალებზე.

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია