unisub.ge
დაბნელება (Eclipse)




Eclipse (დაბნელება)

რეჟისორი ჯონ ჰისონის თრილერი მოგვითხრობს 3 მოსწავლის ამბავს, რომელიც თავიდან არ ჩანდა ისეთი საშიში, როგორიც აღმოჩნდა.

იუნჯეს ახალ სკოლაში გადასვლის შემდეგ ერთადერთი ბიჭი ემეგობრება, რომელსაც სკოლაში ყველა ერიდება მისი ფეთქებადი ხასიათის გამო. ჩემი აზრით, სეჯინმა იუნჯე იმის გამო აარჩია, რომ მარტო იყო. მას შემდეგ, რაც სეჯინი თავის სამსახურს ახსენებს იუნჯესთან, ეს უკანასკნელიც ინტერესდება ამ საქმით, რადგან სასწრაფოდ სჭირდება შემოსავალი, ავადმყოფი დედის საავადმყოფოს ხარჯების დასაფარად.
იუნჯე იწყებს მუშაობას იქ, სადაც სეჯინი მუშაობს, თუმცა ბოლომდე არ იცის, რა საქმეს აკეთებს. მან მხოლოდ ის იცის, რასაც სეჯინი ეუბნება: ბარში კლიენტებს თავი უნდა მოაწონოს და მათთან კომუნიკაცია მაქსიმალურად დაამყაროს, დაიახლოვოს. აქ მთავრდება მისი საქმის ნაწილი, დანარჩენს კი სეჯინი და მისი ორი ნაცნობი აგვარებს. აი ეგ დანარჩენი კი იუნჯემ არ იცოდა, რადგან სეჯინი არ აძლევდა ამის უფლებას.

რამდენს ნიშნავს სიმართლის თქმა ან მისი დამალვა?

ერთ ტყუილს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე გრძელდება უსასრულოდ. იუნჯეს ყოველთვის უწევდა, სეჯინისთვის ტყუილი ეთქვა, რაც ყველაზე მეტად არ უყვარდა სეჯინს. რეალურად ისინი უკანონო პროსტიტუციას ეწეოდნენ, ათრობდნენ გოგონებს, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ აქცევდნენ და დიდძალი თანხის სანაცვლოდ ერთი ღამით ყიდდნენ უცხო პირებს. გოგონებს კი არაფერი ახსოვდათ. იუნჯესთვის, როგორც სულით სუფთა ადამიანისთვის, ეს საქმე არ იყო ის, რის ატანასაც მოახერხებდა. გამუდმებით ქენჯნიდა სინდისი და აპირებდა პოლიციასთან ეღიარებინა ყველაფერი.
ხოლო სეჯინი, ადამიანი, რომელსაც არც ადარდებდა მისი საქმიანობა, არასდროს ღელავდა იმ გოგონების ბედზე, რომლებიც ასე გასწირეს. მისი ფსიქოლოგიური არასტაბილურობა მხოლოდ ფილმის დასასრულში არ გამოჩენილა (რასაც მაყურებელთა უმრავლესობა ასე ამჩნევს), არამედ მანამდეც ჩანდა უამრავ სცენაში, როდესაც იუნჯეს დაცვას ცდილობდა სკოლის მჩაგვრელებისგან, ათასჯერ უფრო სასტიკი ხერხებით უხდიდა სამაგიეროს მეგობრის დაჩაგვრისთვის.

ჩემდა გასაკვირად, მომეწონა მუნ გაიონიც ამ ფილმში. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ეს მსახიობი, კარგი როლი ჰქონდა, ძალიან დადებითი პერსონაჟის, ინიონის. ინიონი ის გოგონა იყო, რომელმაც გადაწყვიტა სეჯინის ბედი. ინიონს მოსწონდა სეჯინი, ყოველთვის ცდილობდა მასში ინტერესის აღძვრას მისდამი, თუმცა არ გამოსდიოდა. სეჯინს ის არ აინტერესებდა, რასაც იუნჯეზე ვერ ვიტყვით. საბოლოოდ, მე მაინც ვფიქრობ, რომ სეჯინი იუნჯეზე ეჭვიანობამ მიიყვანა იქამდე, სადამდეც მივიდა ბოლოს.

რაც შეეხება ქასთს: ყოველთვის მომწონდა ჩე თეჯუნი და ეს როლიც ძალიან მოუხდა. იუნჯეს როლში უსაყვარლესი მსახიობი კიმ შიჰუ გახლავთ, ფიზიკურად ზუსტად ერგება, უმწიკვლო მზერა და გულწრფელი თვალები.

სასკოლო თრილერი, ბულინგი და გატაცება, უმაგრესი ბირომენსი!


ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია