unisub.ge
საიდუმლო ხელახალი გაერთიანება (Secret Reunion)




მინდა გესაუბროთ ფილმზე, რომელიც მოგვითხრობს სამსახურიდან გათავისუფლებული სამხრეთ კორეელი აგენტისა და ჩრდილოეთ კორეელი დეზერტირის შესახებ, რომელთაც ერთმანეთის მიმართ თავიანთი გეგმები აქვთ, თუმცა მათი ამბავი მოულოდნელად იცვლება და ცუდი განზრახვებით დაწყებული ურთიერთობა მტკიცე მეგობრობამდე მიდის. 

ეს ფილმი არის ისეთ ძლიერ მეგობრობაზე, როგორიც ძალიან იშვიათია. ვისაც ნანახი აქვს, შეიძლება არც დამეთანხმოს, რომ ამდენად კარგი მეგობრები იყვნენ მთავარი პერსონაჟები, მაგრამ ისინი იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრები. ორი მარტოსული ადამიანი და ცხოვრება, რომელიც ორივეს სასტიკად მოექცა - მეტი რაღა სჭირდებოდათ ისეთი ძლიერი სულიერი კავშირის შესაქმნელად, რომელსაც მეგობრობა ჰქვია?..


Secret reunion (საიდუმლო ხელახალი გაერთიანება)


(ასევე ცნობილი, როგორც "ძმები" ან "სისხლით ძმები")
ძალიან ბევრი "ცემა-ტყეპა", ექშენი, სისხლი, მიზნებისკენ სწრაფვის გამო დახოცილი ადამიანები და ამ ყველაფრის ფონზე აგებული მეგობრობა, მით უმეტეს, როდესაც ორივენი, სონ ჯივონიცა და აგენტი ლი ჰანგიუც სხვადასხვა მხარეს იჭერდნენ. ეს ფილმი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბევრი ადამიანისათვის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გავლებული მავთულხლართი არაფერია, გარდა მავთულის გროვისა. ყველაზე მთავარი, რაც ასეთი ხალხისათვის ფასობს - ადამიანობაა. ჩრდილოეთ კორეის ღალატი იქაურებისათვის უმძიმესი დანაშაულია, რაც სიკვდილით ისჯება. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყნიდან განკვეთით. სონ ჯივონის შემთხვევაც "უკეთესი" აღმოჩნდა: ჩამოაცილეს ცოლ-შვილს (მათ არსებობას ყველას უმალავდა, რადგან ისედაც იმის შიშით ცხოვრობდა, ორ უძვირფასეს ადამიანს რამე არ შემთხვეოდა) და სამშობლოს, რაც მისთვის ასმაგად უფრო მტკივნეული აღმოჩნდა.

ყველას თავისი სამშობლო აქვს - მართლაც ასეა. რაც არ უნდა ბევრი ნაკლი ჰქონდეს შენს ქვეყანას, ის მაინც გიყვარს. ეს თანდაყოლილი გრძნობაა სამშობლოს სიყვარულისა და, თითქოს, ყველაფერს პატიობ, თვალს ხუჭავ. ასეთი იყო ჯივონიც. ყველაზე მეტ შეურაცხყოფად და პიროვნულ სიმდაბლედ მიიჩნევდა მოღალატეობას და ძალიან ბევრჯერ გვესმის ფილმში მისი პირით ნათქვამი "მე მოღალატე არ ვარ". უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილიც კი, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ეფიქრა, ამბობს: "მე არავისთვის მიღალატია". ხოლო ერთადერთი ადამიანი, ვისაც მისი სჯეროდა და იწამა, რომ კეთილსინდისიერი კაცი იყო, აგენტი ლი ჰანგიუა. იგი იძიებდა ჩრდილოეთ კორეიდან დანაშაულებრივი საქმის ჩასადენად ჩამოსული კაცის, მეტსახელად "ჩრდილის" საქმეს, რომელმაც სამხრეთში უამრავი ადამიანი დახოცა და ამას აკეთებდა დღისით, მზისით, როცა ყველას შეეძლო დანახვა, არც კი ერიდებოდა დღის შუქზე გამოჩენას. სხვათა შორის, მის როლს უმაგრესი მსახიობი ჩონ გუკ ჰვანი ასრულებს, რომლის როლების უმრავლესობა უარყოფითი პერსონაჟია (მაგალითად, ყველას ეცოდინება "იმპერატორის მეუღლე", სადაც კანცლერი ელთემურის როლს ასრულებს. დამბურძგლა გახსენებაზე). 

სონ ჯივონი უთვალთვალებს აგენტ ლი ჰანგიუს, ხოლო ეს უკანასკნელი კი ჯივონს. ორივეს უნდა ერთმანეთზე ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მხოლოდ იმას გაიგებენ, რომ ორივე სუფთაა. ჯივონი უბრალოდ სამშობლოში დაბრუნების იმედით დაჰყვებოდა "ჩრდილს" და მასთან ერთად ერეოდა ბინძურ საქმეებში, რამაც გამოიწია ჰანგიუში ეჭვი. ყველაზე მაგარი სცენები კი ბოლოშია, სადაც საბოლოოდ მტკიცდება, რომ ერთმანეთი ძმებივით შეიყვარეს და არც ერთს შეეძლო არც დასმენა ან რომელიმეს გაწირვა.

ახლა კი ქასთი: ცეცხლი! ჩემი უსაყვარლესი მსახიობი სონ კანჰო, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ დორამებში მონაწილეობა არ მიუღია, საოცარი ფილმოგრაფია აქვს. გეცოდინებათ მისი "პარაზიტი", "ტაქსის მძღოლი", "ტახტი", "იდუმალი ნათება", "წყურვილი" და მოკლედ, ყველა ფილმი, სადაც მთავარ როლს ასრულებს, ძალიან რეიტინგული და პოპულარულია. მეორე მთავარი როლი კი არანაკლებ მაგარ მსახიობს ხვდა, კან დონვონს, რომელიც ძააალიან მომწონს. ძალიან ცნობილია მისი დრაამა "არაფრის 1%" და ფილმები შეიძლება იცოდეთ "დუელისტი", "მკვლელის ხმა", "მღვდლები" - მოკლედ, ძალიან კარგი მსახიობია. 


ისევ და ისევ, ვისაც გიყვართ ექჩენი, თრილერი, მძაფრსიუჟეტიანი დრამა, გირჩევთ ნახოთ. 

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ. 
რეგისტრაცია