unisub.ge
გულიანი თათები (Hearty Paws)




- "ჩან, ჩვენ ღარიბები ვართ?
- ეს ვინ გითხრა?
- მოხუცმა მეზობელმა...
- ის ჩვენზე ღარიბია, რადგან მარტო ცხოვრობს... ჩვენ კი უკვე სამნი ვართ. ხედავ, როგორი მდიდრები გამოვდივართ?!"


მინდა რეკომენდაცია გავუწიო ერთ ძალიან საყვარელ, თბილ, სევდიან, ადამიანური გრძნობებით სავსე ფილმს
 

Hearty Paws (გულიანი თათები)

ამაღელვებელი ისტორია ორი ბავშვის ცხოვრების შესახებ, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ მიატოვა. ერთხელაც, უფროსი ძმა თავის პატარა დას, დაბადების დღეზე ლეკვს აჩუქებს, რომელიც ბავშვების მთელი ცხოვრების მეგზური ხდება... სამუდამოდ.

თავიდანვე, რა თქმა უნდა, მძიმე პრობემების წინაშე დგანან ბავშვები, თუმცა ფილმი იმდენად თბილი და საყვარელია, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას არ მოველოდი. ესაა, ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ტრაგიკული შეიძლება იყოს ბავშვების ბედი, რომლებიც უგულვებელყოფის მსხვერპლი ხდებიან. უგულვებელყოფა ძალადობის ერთ-ერთ სახედაა აღიარებული და ხშირად ის შეიძლება ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მეტად მძიმე შედეგების მომტანი იყოს. ამ დროს ბავშვები თავისთავად ხდებიან მსხვერპლი, უჩნდებათ გრძნობა, რომ ისინი არავის სჭირდება და აწუხებთ პროტესტის გრძნობა სამყაროს მიმართ.

მიუხედავად ამისა, "ინციდენტამდე" მათი ცხოვრება მაინც რადიკალურად განსხვავებული იყო. უფროსი ძმა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა პატარა დის გასახარებლად და მოსავლელად... თავადვე ბავშვს, 12 წლისას დაეკისრა ის პასუხისმგებლობები, რაც წარმოუდგენელია ამ ასაკში შეასრულო. თუმცა, მიანც შეძლო, მალე "გაიზარდა" და ცდილობდა ის სიცარიელე შეევსო დისთვის, რასაც თავად გრძნობდა. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა, როცა თავისთვის საკვებიც კი არ ჰქონდათ საკმარისი, ძაღლიც კი მიუყვანა, რომ მის 6 წლის დას მარტოობა არ ეგრძნო.
ძალიან საყვარლადაა გადმოცემული მათი ყოველდღიურობა, კინკლაობა, მუდმივად გაბუტული პატარა დისა და მოსიყვარულე ძმის ურთიერთობა. როგორ უვლიან პატარა ლეკვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მზრუნველობა არ მიუღიათ. მთელ ყურადღებას უთმობენ, კვებავენ, ბანენ, ეთამაშებიან. მათთვის სწორედ ეს არსება ხდება ის იმედი, რომელიც ასე აკლდათ ცხოვრებაში. ოჯახისა და მეზობლების მიერ მიტოვებული სასოწარკვეთილი მდგომარეობის მიუხედავად, ეს ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ სიცოცხლის გაგრძელებას. საკუთარი სამყარო აქვთ შექმნილი და არ კარგავენ ხალისს, ბავშვური გულუბრყვილობით აგრძელებენ ცხოვრებას და იტოვებენ იმედს დედის დაბრუნების.

ფილმი ორ ნაწილადაც შეიძლება დაიყოს, უფრო ნათელ, ფერად, ბავშვურ სამყაროდ და ბნელ, მძიმე რეალობად. "ინციდენტი", რომელიც ორივეს ცხოვრებას ცვლის, ძალიან ტრაგიკული და მტკივნეულია ბავშვისთვის. ამის გამო უფროსი ძმა ბევრად მძიმე, ნამდვილ სამყაროში ხვდება, იმაზე სასტიკში, ვიდრე აქამდე იყო. ფილმში შემოდის ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ქუჩაში, უსახლკარო ბავშვების ცხოვრება და მუშაობა. ამ ბავშვთა გაერთიანება, რომელთა უკან ზრდასრული დგას. ადამიანი, რომელიც მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და ხშირად კრიმინალურ და ძალადობრივ საქმიანობებშიც რთავს. იძულებითი მათხოვრობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, დამცირება მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რას გადიან უსახლკარო ბავშვები ქუჩაში. როგორ არის დარღვეული მათი უფლებები და საზოგადოება გულგრილია მათ მიმართ. ამის მიზეზი კი ის სტერეოტიპული დამოკიდებულებებია, რაც ალბათ ყველა საზოგადოებაში არსებობს. რეჟისორს ძალიან კარგად შემოაქვს სიუჟეტში ეს საკითხები. გადაღების მხრივაც შესამჩნევია ეს ყოველივე, როგორ ერთიანად გადადის ნათელი ხალისიანი ფერები საკმაოდ ბნელ, მუქ ტონებში. ამ მძიმე პერიოდში კი ერთადერთი ნათელი წერტილი ძაღლია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად არ ტოვებს მათ, იცავს და ისეთ სიყვარულს გამოხატავს, როგორსაც არავინ მათ გარშემო.
არ შემიძლია ქასთზე ცალკე არ ვისაუბრო. ყველამ კარგად იცით კორეელი ბავშვების ნიჭიერება, თუმცა ამ შესრულებას არ ვიცი რა დავარქვა. ბავშვები, რომლებსაც ალბათ არაფერი აკლით ცხოვრებაში იდალურად ასრულებენ მათგან რადიკალურად განსხვავებული საჭიროებების მქონე პატარების როლს. ჯერ ისედაც საკმაოდ ემოციური ფილმია და ამ ბავშვების საოცარი შესრულება ყველაფერს აორმაგებს.

იუ სუნჰო უბრალოდ ბავშვობიდან გენიალური ვინმეა. ახლაც, ყოველი როლით ამტკიცებს თავის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს... თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ამ ფილმში ის სულ რაღაც 13 წლისაა და ვერც გაარჩევთ გამოცდილი მსახიობისგან. სრულიად გათავისებული აქვს თავისი პერსონაჟის სატკივარი, პრობლემები და ზუსტად, ძერწავს ჩანის სახეს.
პატარა დის როლს კი უნიჭიერესი კიმ ჰიანგი ასრულებს. ეს მისი პირველი როლია 6 წლის ასაკში და უბრალოდ იმდენი ემოცია მომიტანა, ზრდასრულს რომ გაუჭირდებოდა. ეს გოგონა, შეიძლება იცოდეთ ფილმიდან "მაქცია" ან ნანახი გქონდეთ მისი წარმოუდგენლად მაგარი შესრულება ფილმში "უდანაშაულო მოწმე", სადაც აუტისტი გოგონას როლი იდეალურად მოირგო.

მოკლედ, ძალიან ემოციური და კარგი ფილმია, არაჩვეულებრივი ისტორია ძაღლისა და ადამიანის მეგობრობის შესახებ. 

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ. 
რეგისტრაცია