unisub.ge
ჰანსელი და გრეტელი (Hansel and Gretel)




"ამ სამყაროში, სადღაც ღრმად, გაუვალი ტყის სიღრმეში, სადაც ჩვენ ერთ დღეს შეიძლება სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდეთ, არსებობს ძალზედ უჩვეულო ადგილი, სადაც თითქოს ყველაფერი არსებული იღებს სათავეს..."

ამ სიტყვებით იწყება 2007 წლის სამხრეთ კორეული ფილმი -


Hansel and Gretel (ჰანსელი და გრეტელი)

ყველაფერი სწორედ ამ ტყიდან დაიწყო... ტყეში მდებარე ზღაპრული სახლიდან, სადაც თავმოყრილია ბავშვური ფანტაზიები, ტრამვები, შიშები... ესაა ადგილი, სადაც მოგონებები სამუდამოდ ცხოვრობენ, ხოლო იქ მოხვედრისას ყველაზე ბნელი, მიმალული აზრები იჩენს თავს. ეს არის საიდუმლოებებით, ფანტაზიებით სავსე ამბავი, რომელიც ამავდროულად, საკმაოდ მძიმე ისტორიებით სავსე ტრაგედიაა. მისი ნახვისას მარტივად შეიძლება გახდე ისეთივე დაბნეული და გაოცებული, როგორც მთავარი მოქმედი გმირი - იონსუ. 

დავიწყოთ ზოგადად სათაურით... ალბათ ყველას გვსმენია ამ ზღაპრის შესახებ და მისი ბევრი ვერსიაც მოგვისმენია, თუმცა ფილმი მის პირველწყაროს, საკმაოდ შავ-ბნელ ისტორიას ეფუძნება. ისტორიას სადაც, ჰანსელსა და გრეტელზე მამამ ცოლის ავი განზრახვის გამო უარი თქვა და გზააბნეული ბავშვები ტკბილეულისგან გაკეთებულ, მოჯადოებულ სახლში მოხვდნენ. აქ ჯადოქარი ჰანსელს გალიაში ამწყვდევს, რომელიც მისი მსხვერპლის ძვალებითაა სავსე... ახლა უკვე ბავშვი შეიძლება გახდეს ჯადოქრის სადილი, თუმცა გრეტელი კუდიანს ღუმელში ცოცხლად წვავს და ამით იხსნის ძმის სიცოცხლეს.
ამ ზღაპრის წიგნი, ისევე, როგორც ცალკეული დეტალები ფილმში ხშირად გვხვდება... თუმცა რეალურად ძალიან განსხვავებული ისტორიაა მოთხრობილი. ფილმი იწყება ზუსტად ისე, რორგორც საშინელებათა ფილმების უმრავლესობა... ახალგაზრდა მამაკაცი მიდის ავადმყოფი დედის მოსანახულებლად, როდესაც მოულოდნელად ავარიში მოყვება. გამოღვიძებისას კი დაინახავს მის წინ მდგარ გოგონას ჩირაღდნით... გარშემო სხვა არაფერია, უღრან ტყეში არიან, ამიტომ იძულებულია მას გაჰყვეს. გოგონა თავის სახლში წაიყვანს, სადაც უფროსი ძმა, პატარა და და დედ-მამა დახვდებიან. გარეგნულად საკმაოდ იდეალური ოჯახი ჩანს, თუმცა ყველა უჩვეულოდ იქცევა, განსაკუთრებით კი მშობლები, რომლებიც რაღაცაზე ნერვიულობენ...
"ნუთუ ეს ადგილი ბერმუდის სამკუთხედშია მოქცეული?" კითხულობს იონსუ, რადგან მის თვალწინ პარანორმალური მოვლენები ხდება... საათები ჩერდება, ტელევიზორი დენის წყროს გარეშე მუშაობს, სხვენიდან უცნაური ხმები ისმის, საკვები გამოულევადაა მაცივარში, დედ-მამა ქრება და მისი ყოველი მცდელობა სახლში დაბრუნების წარუმატებლად სრულდება. მის ხელში მხოლოდ წერილია, სადაც ბავშვების მშობლები ცოტახნით პატარებზე მზრუნველობას სთხოვენ...

ტყის შუაგულში მდგარი სახლი ჯადოსნურ ადგილს მოგვაგონებს. გარედან ჭიშკარზე აბრაცაა ჩამოკიდებული "ბედნიერი ბავშვების სახლი". ეს ერთი შეხედვით ზღაპრული ისტორია, საკმაოდ სევდიანი და მძიმეა (თუ რატომ, ამას ნახვის მერე მიხვდებით)... ეს სიტყვები კი ამის ფონზე ირონიულიც კი ჩანს. ერთი შეხედვით, ეს მართლაც ბავშვების ოცნების სახლია, თავისი ნათელი ფერებით, სათამაშოებით სავსე, სადღესასწაულო ტკბილეულების ზღვა არჩევანით... თუმცა ამ სახლში მყოფი ბავშვები რაღაცას ეძებენ, იმას რაც აკლიათ ცხოვრებაში...
ვიზუალურად ფილმი ძალიან ლამაზია... კადრები, გადაღება, დეკორაციები, მართლაც ჯადოსნურია. სიურეალისტურ გამოსახულებებსაც მრავლად ვხვდებით. სიუჟეტი ემოციურად არის დატვირთული დრამის, თრილერის, ფენტეზისა და „ჰორორის“ ელემენტებით.
პერსონაჟები საკმაოდ საინტერესოა. განსაკუთრებით კი ეს სამი პატარა ბავშვი, რომლებიც დიდ ტკივილსა და ტანჯვას იტევენ. მათი ისტორია გულს აგიჩუყებთ... თვითონ ეს პატარა მსახიობები კი საოცრად გადმოსცემენ გრძნობებს.
საერთო ჯამში ფილმი საკმაოდ კარგია... განსაკუთრებით მისი ვიზუალური მხარე და გირჩევთ ნახოთ... საკმაოდ ჩამთრევი და უჩვეულო სიუჟეტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. დასასრულიც საკმაოდ ორაზროვანი აქვს...

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია