unisub.ge
პატარა ტყე (Little Forest)




"როცა საქმეები რთულად მიდის, გაიხსენე აქაური მიწის სუნი, ნაზი სიო და მწველი მზე. მაშინ შეძლებ მოიშორო მტვერი, წამოდგე და თავიდან დაიწყო ცხოვრება".

Little Forest (პატარა ტყე)

საკმაოდ დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ და ხშირად გვიჩნდება სურვილი მოვწყდეთ ყველაფერს, გავერიდოთ და სიწყნარეში, სიმშვიდეში ვიცხოვროთ. ან თუნდაც, ვნახოთ ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერს გვაგრძნობინებს. სწორედ ასეთია "პატარა ტყე", ფილმი, რომელიც სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. თანაც დღეს გამორჩეული ბუნების სცენებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ამ ფილმს ვერ გამოვტოვებდი.
ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების მანგაზე, რომელიც 2002 წელს გამოიცა. ადაპტაცია 2018 წლისაა, ერთ-ერთი წარმატებული კორეელი რეჟისორი ქალის მიერ გადაღებული - იმ სუნრე.


ესაა ისტორია ახალგაზრდა ქალზე, რომელიც უბრუნდება თავის ბავშვობის სახლს, ტრადიციულ კორეულ სოფელს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ოცნებების ასასრულებლად წავიდა, დროებითი ნახევარგანაკვეთიანი სამსახურიც იშოვა მაინც დგამს ამ ნაბიჯს და ტოვებს ყველაფერს, მისი თქმით, დროებით. მიზეზად კი შიმშილს ასახელებს. "მზა საკვები არ მაკმაყოფილებდა, მუდმივ სიცარიელეს ვგრძნობდი და იმიტომ დავბრუნდი, რომ მშიოდა..."

რა თქმა უნდა, ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური შიმშილი, ეს იყო სულიერი საზრდოსკენ ლტოლვა. ბუნებასთან კავშირი ადამიანს ისევე სჭირდება, როგორც თევზს წყალი. თუმცა უამრავ საფიქრალსა და პრობლემებში ეს გვავიწყდება და ხანდახან ვერ ვხვდებით რა მიზეზით ვართ ცუდად... ადამიანი ხომ ბუნების ნაწილია.
მართალია ქალაქში გადავიდა, თუმცა მისი გეგმები ნამდვილად ისე არ აეწყო როგორც საჭირო იყო.. გამოცდები, სამუშაო, მეგობარი ბიჭი, ყველაფერი იშლება მის გარშემო და ზამთრის ერთ თოვლიან დღეს ბრუნდება ბავშვობის ცარიელ სახლში, სადაც გაიზარდა. გარემოშიც ისევე იყო მთები თოვლით დაფარული, როგორც მისი გონება უამრავი აზრითა და ფიქრით. ამ ყველაფერს კი დადნობა და ახალი სიცოცხლის შეძენა სჭირდებოდა.

  • "თუ იქამდე დავრჩები, სანამ გაზაფხულის სული ზამთრის სუსხში გაივლის... შევძლებ მაშინ ჩემი პასუხების პოვნას?!"
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი კიმ თერი, რომელმაც არაჩვეულებრივად და ძალიან ბუნებრივად მოირგო როლი. ძალიან კარგად დაიჭირა ემოციურად დაცლილი ადამიანის სახე, რომელიც თანდათან პოულობს საკუთარ თავს.
ფილმში ოთხივე სეზონია წარმოდგენილი თავისი სილამაზეებით... ფერმერობა, ნედლი პროდუქტის ამოღება, საჭმლის მომზადება და ტკბობა საკვებით, რომელსაც საკუთარი ხელით აკეთებს. ჰევონი ებრძვის მონატრებას, რომელიც დედის წასვლამ დაუტოვა. ფიქრობს რომ სწორედ იმ სახლში იპოვის მიზეზებს და თავს მიტოვებულად აღარ იგრძნობს.

წარსულში, საკვები იყო ჰე-ვონისა და დედამისის ურთიერთობის საფუძველი. ორივეს სიყვარული ერთმანეთის მიმართ სწორედ საკვებში გამოიხატებოდა. ბავშვობაში ჰე-ვონი თვლიდა, რომ დედამისი გენიოსი მზარეული იყო და "იგონებდა" რეცეპტებს, რაც უკვე ზრდასრულს ასე ძალიან აკლდა.
ზოგჯერ ჩვენ უნდა მოვშორდეთ იმას, რაც ვიცით, რომ გავიგოთ რა გვჭირდება ნამდვილად. თუ "პატარა ტყის" ძირითადი ნაწილი ეხებოდა ჰე-ვონის დედასთან ურთიერთობას, შემდეგი იყო უკვე გოგონას გამარჯვება საკუთარ თავზე, განკურნება, ზრდა და საკუთარი თავის პოვნა. ნამდვილად, ისეთი ფილმია, რომ მოგადუნებს და მშვიდად, სასიამოვნოდ გაგატარებინებს ორ საათს.

სიუჟეტის სტრუქტურაც ძალიან საინერესოა - ჰე ვონი სოფელში ჩამოდის ზამთარში, ცივ სუსხიან ამინდში, რომელიც ძალიან კარგად შეესაბამება მის განწყობას და ნელ-ნელა სეზონების ცვლასთან ერთად იწყებს გამოფხიზლებას. თითოეულ სეზონს დაახლოებით ნახევარი საათი ეთმობა.ეს არ არის დაძაბული, დრამატული ფილმი... თუმცა, ძალიან ბევრის მთქმელი სასიამოვნო ამბავი. ასახულია სოფლის მეურნეობა, იქაური ცხოვრება, გემრიელი, ნატურალური სამზარეულო... ამ ყველაფრის სილამაზე კი საოცარი ესთეტიკითაა გადმოცემული.

ფილმის გადაღებას მთელი წელი დასჭირდა, მსახიობები და გადამღები ჯგუფი ყოველ სეზონზე ხელახლა იკრიბებოდა კლიმატის რეალისტური ცვლილების უზრუნველსაყოფად. ძალიან იშვიათი და ლამაზი ფილმია, რომელიც გასწავლის მცირედით ტკბობასა და დეტალების დაფასებას, რასაც თითქმის არ ვაკეთებთ. ხანდახან დეტალებს ისე მარტივად ვუვლით გვერდს, რომ ვერც ვაანალიზებთ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე.
ფილმში ძალიან დიდი დრო ეთმობა კერძებს... საოცრად ესთეტიკური კუთხითაა გადმოცემული საკვების მომზადების მთლინი პროცესი. აზიელები საკმაოდ ესთეტი და მინიმალისტური ცხოვრების წესის მიმდევარი ხალხია, რაც ამ ფილმში განსაკუთრებით კარგად ჩანს, უბრალოდ "ომლეტის" გაკეთებაც ისე საოცრადაა გადმოცემული, რომ ყურებით ვერ "გაძღებით". თანაც სოფელი მოწყვეტილია ქალაქს, მაღაზიები არაა ახლოს, ყველაფერი რასაც აკეთებს მისივე ხელითაა მოყვანილი... თესვა, მკა, მოსავლის აღება-დაბინავებაც კი იმდენად ესთეტიკურად აქვთ გადმოცემული, რომ აუცილებლად მოგინდებათ მის ნაწილად ყოფნა. ის სიმშვიდე, სიწყნარე, რაც ფილმშია ისე გავსებს და დადებითად მოქმედებს, რომ წყდები არსებულ რეალობას.

ფილმში წამოწეულია იდეა, რომ საკვები არაა, რასაც მაღაზიაში იყიდი და შეჭამ დასანაყრებლად. ესაა, რასაც უვლი, მოთმინებით ელოდები, იღებ სიამოვნებას მისი მოყვანით და მიღებით ზეიმობ. პატივს სცემ მიწას და გრძნობ იმ ცხოვრების ციკლს, რასაც ყოველი სულიერი და არასულიერი გადის.

მანგის იაპონური ადაპტაციაც არსებობს, რომელიც ორ ნაწილიანია: "პატარა ტყე: ზაფხული/შემოდგომა" (2014) და "ზამთარი/გაზაფხული"(2015). მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მსგავსია ეს ვერსიები, მაინცაა მნიშვნელოვანი განსხვავებები. კორეული ვერსია ზამთრის სეზონით იწყება, მაშინ როცა იაპონური ზაფხულით... ეს ვითომ მცირედი განსხვავება ძალიან კარგად აისახება პერსონაჟების განვითარებაზე და ციკლი სხვანაირად იკვრება. ამიტომ ვარჩიე მეტი ყურდღება კორეული ადაპტაციისთვის დამეთმო. თუმცა ორივე არაჩვეულებრივია... ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ განსხვავდება ამ ორი აზიური ქვეყნის კულტურა, საკვები, ცხოვრების წესი, არქიტექტურა...

მოკლედ, გირჩევთ ყველას, ვისაც განტვირთვა, სიმშვიდე და ესთეტიკური ტკბობა გინდათ. კორეულიც და იაპონური ვერსიაც ამის გარანტიაა. 

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ. 
რეგისტრაცია