unisub.ge
და ცხოვრება გრძელდება (And Life Goes On)




And Life Goes On (და ცხოვრება გრძელდება) 1992

ესაა ცნობილი "კოკერის ტრილოგიის“ მეორე ფილმი. ფილმები ერთმანეთთან კინოკრიტიკოსებმა დააკავშირეს, თავად რეჟისორს ამაზე არაფერი უთქვამს. მათი თქმით, ფილმებს აკავშირებს ადგილმდებარეობა, სოფელი კოკერი და სიცოცხლის ფასეულობის იდეა.პირველია "სად არის მეგობრის სახლი/Where Is the Friend's House?"  (1987) - ისტორია პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც კოკერიდან მეზობელ სოფელში მიდის თანაკლასელისთვის რვეულის დასაბრუნებლად... მესამე კი "ზეთისხილის ხეებიდან/Through the Olive Trees" (1994), ამ ორ ფილმზე მოგვიანებით ვისაუბრებ, საპატიო ადგილს იკავებენ 100-ეულში.ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ფილმზე. 1990 წელს ირანში ძალიან დიდი მიწისძვრა მოხდა, 7.4 მაგიტუდის სიძლიერის და დაახლოებით 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფილმი ნახევრად დოკუმენტური სტილითაა გადაღებული. სიუჟეტი მიჰყვება რეჟისორს (Farhad Kheradmand ასრულებს), რომელიც მიდის წინა ფილმის "სად არის მეგობრის სახლის“ მსახიობების მოსაძებნად.კინორეჟისორი და მისი ვაჟი, პუია ავტომობილით იწყებენ მოგზაურობას სოფელი კოკერისკენ. რადიო იუწყება, რომ მიწისძვრამ გზები დააზიანა, მეწყერია ჩამოწოლილი და გადაადგილება საფრთხილოა. მოუწოდებენ მოსახლეობას თავი შეიკავონ გადაადგილებისგან... ამ ხმის ფონზე მანქანის ფანჯრიდან ვხედავთ მიწისძვრის შედეგებს, ნანგრევებს, მომტირალ ხალხს, დაგნეულ შენობებსა და ჩანგრეულ გზებს. მოსახლეობა ეძებს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ითვლის ზარალს... სახლები მიწასთანაა გასწორებული, გადარჩენილ შენობებში კი უზარმაზარი ბზარებია..."ვფიქრობ, თუ ადამიანი მოკვდება და შემდეგ კვლავ მიეცემა ცხოვრების უფლება, უფრო მეტად დააფასებს სიცოცხლეს."კინორეჟისორის ურთიერთობა იმ მოსახლეობასთან, რომლებიც ქუჩაში ხვდებიან, ადამიანის ტანჯვის, ღირსებისა და სიმტკიცის რთულ პორტრეტს ქმნის. მიუხედავად მათი სიძლიერისა, მაინც მწვავედ ვგრძნობთ ამ კატასტროფის საშინელებებს, რადგან კიაროსტამის კამერა გზის პირას ჩამოშლილ შენობებს მუდმივად თვალს უსწორებს. გაკვირვებას იწვევს დაზარალებული ხალხის მდგრადობა, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიბრუნონ ძველებური ხალისი და შეეგუონ ბედს, რადგან ცხოვრება გრძელდება.კიაროსტამი ვერ შეცვლის მიწისძვრისგან გამოწვეული ზარალის მასშტაბურობას და მისი მიზანიც არ არის დანაკარგის დათვლა. არამედ იმის ჩვენება, თუ რა გადარჩა, ამიტომ ბავშვი მსახიობების ძიებას ისახავს მიზნად. მათი უსაფრთხოდ და ცოცხლად პოვნის სურვილი იმედია, რის გამოც სიცოცხლის გაგრძელება ღირს.კიაროსტამის ყოველი ახალი ფილმის ნახვის შემდეგ ვრწმუნდები მის დიდებულებაში. ვფიქრობ, რითი შეიძლება კიდე გამაკვირვოს, თუმცა ამას ყოველთვის ახერხებს. გაოცებული ვარ, როგორ შეუძლია სიმარტივე გენიალურობად აქციოს. მისი ხედვა უნიკალურია და არავის ჰგავს. ისეთი შესანიშნავი კადრები და ფერთა პალიტრა გვხვდება ფილმში, რომ აუცილებლად ცალკე პოსტად გაგიზიარებთ."ყოველდღიურობის ასახვას კინოში ბევრი კინოხელოვნებად არ მიიჩნევს. მაგრამ ის, რაც მე მინდა ვაჩვენო არის შეულამაზებელი რეალობა, ბუნება, როგორც ცხოვრების ჭეშმარიტება." 

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია