unisub.ge
დაფები (Blackboards)




Blackboards (დაფები)

სანამ უშუალოდ ფილმზე გადავალ მოკლე შესავალს გავაკეთებ...

ბუსანის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე,
რომელიც მიმდინერეობდა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე და მასპინძლობდნენ სონ კანჰო და მარინა გოლბაჰარი, დასახელდა 100 საუკეთესო აზიური ფილმი.
სულ 302 ფილმი იყო ნაჩვენები, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა იაპონია, კორეა, ინდოეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ინდონეზია, ირანი და ა.შ. ფილმები შერჩეულ იქნა რეჟისორების, კინოკრიტიკოსებისა და კინომცოდნეების მიერ. ვინაიდან ჩვენი ჯგუფი ცდილობს ძალიან მრავალფეროვანი, ინფორმაციული და გამორჩეული იყოს, შევეცდები შემოგთავაზოთ ყველა მათგანი სათითაოდ. დავიწყებ მეასე ფილმიდან პირველისკენ სვლას, ჩვენი ექსპრესით (ეტაპობრივად დაემატება 100-ვე ფილმის რეცენზია). 

ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ სამირა მახმალბაფის (მოჰსენ მახმალბაფის ქალიშვილი) "დაფები (Blackboards)".
  • "სოფელ-სოფელ დავდივარ და მოსწავლეს ვეძებ, რომელსაც შემდეგ ექიმად ვაქცევ. ასე ქალაქში წასვლა აღარ მომიწევს. ექიმი გვერდზე სოფელში რომ გეყოლება, ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება."
მოსიარულე ქურთი პედაგოგები, რომლებსაც ზურგით დაფები დააქვთ, ეძებენ სტუდენტებს ირანის გორაკებსა და სოფლებში, ერაყის საზღვართან, ირან-ერაყის ომის დროს. საიდი შეხვდება მოხუცთა ჯგუფს, რომლებიც ეძებდნენ თავიანთ დაბომბულ სოფელს; საიდი სთავაზობს მათ ხელმძღვანელობას და იქორწინებს მათი კლანის ერთადერთ ქვრივ ქალ ჰალალეჰზე.
რებვარი კი ხვდება ბავშვების ჯგუფს, რომლებსაც კონტრაბანდა გადააქვთ საზღვარზე. მასწავლებლის ძალისხმევა, ამაოა, ბავშვებისთვის სწავლას არანაირი ფასი არ აქვს, მეტიც, მათთვის საკუთარი პიროვნებაც უმნიშვნელოა. ერთ-ერთი ბავშვის მიერ ნათქვამი სიტყვები „მე ჯორი ვარ“, ისეთი მტკივნეულია, გულში ისარივით გაივლის. ახალგაზრდა თაობა, რომელზეც დგას სახელმწიფოს სიძლიერე, თავს პირუტყვად მიიჩნევს. სახედრად, რომელიც მუდმივად თავდახრილი, ბრძანების შესასრულებლად უნდა დარბოდეს. ამაზე ტრაგიკული რა შეიძლება იყოს...
  • "განათლება უბრალოდ საზოგადოების სულს წარმოადგენს, რადგან ის ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა".
რაღა თქმა უნდა, ფილმის მთავარი თემა განათლება და მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის წარმოჩენაა, თუმცა სამირა ძალიან ოსტატურად დეტალებში დამალული შტრიხებით ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვთა ექსპლუატაცია, ქურთების მასობრივი გადაადგილების პრობლემა, მუდმივი ტერორი, რომელიც ყველა კლდის მიღმა იმალება, სადაც მიდიან.

უმეცრებაზე, სიღარიბესა და ომზე დაფუძნებულ სიუჟეტს აუცილებლად უნდა დაჰყვებოდეს რეალისტური ელფერი. სამირას კი ეს მშვენივრად გამოუვიდა. პერსონაჟების რეალურობა, სიუჟეტი და ამას დამატებული "პოეტურად" გადმოცემული დეტალები, ფილმს გამორჩეულ ელფერს სძენს. ოჯახი, რომელიც დაფას იყენებს ტყვიებისგან თავდასაცავად, როგორი მეტაფორული შეიძლება იყოს, არა?! განათლება ომის წინააღმდეგ ხომ ერთადერთი გზაა, მშვიდობის დასამკვიდრებლად.
ფილმმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. დაფებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდოც მიიღეს, მათ შორის "ფედერიკო ფელინის საპატიო პრიზი" იუნესკოსგან და "ფრანსუა ტრიუფოს ჯილდო" იტალიიდან.


ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია