unisub.ge
გაუცნობიერებელი პოეზია (Unconcealed Poetry)




გარინ ნუგროჰოს 2000 წლის ინდონეზიური ნახევრად დოკუმენტური შავ-თეთრი ფილმი

Unconcealed Poetry (გაუცნობიერებელი პოეზია)


2001 წლის სინგაპურის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა მიიღო FIPRESCI პრემია და ვერცხლის ეკრანის ჯილდო საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო აზიელი მსახიობისთვის. ფილმის რეჟისორის გარინ ნუგროჰოს თქმით, მან დაწერა სცენარი "ისტორიის ჭრილობების რეინტერპრეტაციისთვის".

  • "ცხოვრება მამაცებისთვისაა, ხოლო ისტორია გამარჯვებულთა ჩანაწერებია".
სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს პოეტ იბრაჰიმ კადირის ცხოვრების იმ პერიოდზე, როცა ის ციხეში იმყოფებოდა. ესაა დრო, როდესაც ინდონეზიის პრეზიდენტი სუჰარტო ხელისუფლებაში მოვიდა. 1965 წელს მან მასობრივი დევნა მოაწყო კომუნისტების და დაახლოებით 500 000-დან 2 მილიონამდე ადამიანი შეეწირა ამ ამბებს. პოეტიც სწორედ ამ განუკითხაობის მსხვერპლი გახდა (ციხეს თავი დააღწია), რადგან ღიად გამოთქვამდა საკუთარ შეხედულებებს.

ადგილობრივმა მთავრობამ აღიარა, რომ პოპულარული ხელოვნების ფორმა - დიდონგი, შეიძლება გახდეს საშიში იარაღი. დიდონგი მე-20 საუკუნის შუა ხანებში ხალხური ფორმიდან ტრანსფორმირდა და გადაიქცა მწვავე პოლიტიკური კრიტიკის იარაღად თანამედროვე სამყაროში. სწორედ დიდონგის მიმდევარი გახლდათ იბრაჰიმ კადირი და მისი პოეზიის ბალადურ ვერსიებს თავად ფილმშივე შეხვდებით.

"რატომ აღარ აკაკუნებენ ეს ხელები კარებზე სხვის შესაგებებლად,
რატომ არის ახლა კარზე კაკუნი საშიში?
რატომ აღარ ვიყენებთ თითებს სიკეთის დასათვლელად,
რატომ გვღალატობენ ჩვენივე თითები?"


ჩემთვის ძალიან საინტერესო და სიახლეებით სავსე ფილმი აღმოჩნდა, რადგან პირველად (მგონი) გავეცანი ინდონეზიურ ფილმს და შესაბამისად ახალი ტოპიკიც დაემატება ჯგუფს (ინდონეზიური ფილმები🇮🇩).

ძალიან მომეწონა საერთო ჯამში ფილმი, საკმაოდ დახვეწილი და ემოციური იყო. იბრაჰიმ კადირის შესრულება და მონოლოგები მომნუსხველი. პატიმრების მიერ ერთად შესრულებულ სიმღერებს კი ბრძოლის მუხტი მოჰქონდა. ეს ერთობლივი შესრულებები, თითქოს გამოხატულება იყო, რომ არ კარგავდნენ სიცოცხლის სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე უამრავი ადამიანი გაჰყავდათ საპყრობილიდან და სიკვდილით სჯიდნენ. დაცვის ხმა კი, რომელიც პატიმრების სახელებს ასახელებს ექოსავით გაისმოდა.

"მთვარეს გავხედე და მისი თვალები ცრემლებით იყო სავსე...
მთვარე და ვარსკვლავები ტიროდნენ, როგორც ჩემი საკუთარი შვილი".


კამერა ორ საკანს შორის მოძრაობს. ფილმი შავ-თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და ახლო კადრებითაა ნაჩვენები ძირითადი სიუჟეტი. ყოველივე ძალიან მძიმე და დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის, ისეთი გარემოა, რომ შეიძლება სუნთქვა შეგეკრას უჰაერობისგან. თავად ნუგორო ვიზუალს დიალოგთან შედარებით მეორეხარისხოვნად თვლიდა. ეს ამ ფილმშიც კარგად ჩანს, რადგან დიალოგ-მონოლოგებია წამყვანი და მთავარი იდეის გადმომცემი.


ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია