unisub.ge
ლეგენდა ჩონიანზე (Chunhyangdyun)




Chunhyangdyun (ლეგენდა ჩონიანზე)

ფილმი მოთხრობილია პანსორის (판소리 - მუსიკალური თხრობის ჟანრი) საშუალებით, ტრადიციული კორეული ფორმის სიმღერით. ეფუძნება Chunhyangga-ს, ტრადიციულ კორეულ ხალხურ ისტორიას, რომელიც სათავეს იღებს მე-18 საუკუნის კორეიდან. დღეისათვის ამ თხრობითი მიმდინარეობის თექვსმეტზე მეტი ნამუშევარია გადაღებული.

ფილმში მოქმედება თანამედროვე კორეაში იწყება... ჩონდონის თეატრში მაყურებელი ადგილებს იკავებს. სცენაზე გამოდის შემსრულებელი, რომელიც მაყურებელს აფრთხილებს 5 საათი გასტანს ამ ისტორიის თხრობა და ორი შესვენება ექნებათ. ასევე პირდება, რომ ბოლომდე დაიხარჯება და მთელ გულსა და სულს ჩადებს მოყოლაში.

"ტრადიციული მუსიკა კარგია, თუმცა როგორ მოვუსმენთ მას 5 საათის განმავლობაში?
შეიძლება ჩამეძინოს...
ექვსნი ვართ, მოდი თითომ 50 წუთი ვუყუროთ, დანარჩენი დავიძინოთ".


საუბრობენ ახალგაზრდები და სკეპტიკურად უყურებენ პერფორმანსს. მათთვის მოძველებულია მსგავსი ტიპის თხრობა და ეცინებათ, რომ 5 საათი უნდა გაატარონ ერთ ადგილას, კოლეჯის დავალების შესასრულებლად. ერთი იმასაც გადაწყვეტსს, რომ არ ნახოს და ინტერნეტში მოიძიოს მოკლე ინფორმაცია. ახალგაზრდები თითქოს ჩვენ გამოგვხატავენ, ჩვენც ვფიქრობთ, თუ როგორ მოვუსმენთ ერთი ადამიანის საკმაოდ დრამატულ სიმღერას, თუმცა აპლოდისმენტები წყდება და იწყება პანსორი.

"ნამვონის ქალაქი, ჰონამის პროვინციაში, ცნობილი, როგორც დე-ბანის რეგიონი. აღმოსავლეთიდან ჩირის მთებით გარშემორტყმული, დასავლეთით კი მდინარე ჩუქსუნის ნაპირი. წყლები მიედინებოდა სამხრეთ-დასავლეთით, მაღალი მთების ძირას. ამ დადებითი ენერგიით სავსე ადგილმა უამრავი ნიჭიერი ადამიანი აჩუქა დედამიწას. ამ პერიოდში კი ცხოვრობდა ადგილობრივი მმართველის ერთადერთი ვაჟი. 15 წლის იყო, მომხიბვლელი, ნიჭიერი და ძალიან კარგი ადამიანი. ერთ დღესაც..." იმდენად მომხიბვლელი გამოდგა ჩემთვის ეს თხრობის სტილი, რომ სრულიად დამავიწყდა თავდაპირველი გაუცხოვება და გაღიზიანება, რაც სიმღერით საკმაოდ დრამატულმა თხრობამ გამოიწვია.

მთხრობელს ახლა უკვე ამბის კადრები ანაცვლებს. ესაა ლეგენდა გუბერნატორის ვაჟისა და კურტიზანი ქალის შვილის სიყვარულის ისტორიაზე.. აკრძალული სიყვარული, საიდუმლო ქორწინება, რომელსაც აუცილებელი განშორება მოსდევს ორივესთვის ბევრ ტკივილს მოიტანს. 

ძალიან ლამაზი პირველი, უმანკო და ვნებიანი სიყვარულის ისტორიაა დახატული, შესანიშნავი გაფორმებებით, შესრულებითა და ტრადიციული კორეული ნიუანსებით. არ გეტყვით როგორი კულმინაცია და მითუმეტეს დასასრული ექნება ფილმს, ტრაგიზმია თუ არა, თავად ნახეთ.

ალბათ ესაა ფილმი, რომელიც კორეის ყველა მოყვარულმა უნდა ნახოს, რომ მათ სულში ჩაიხედონ. გაეცნონ ტრადიციებს, ჩვეულებებსა და რწმენებს. კორეული ლეგენდა, ეპიკური, მარადიული სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო. ლეგენდა ჩუნიანზე ძალიან ძველი თქმულებაა, ზუსტი დრო და ავტორი არაა ცნობილი, თუმცა სავარაუდო თარიღად მეფე სუხონგის მმართველობის პერიდი (1674-1720 წწ.) სახელდება. ეს ის დროა, როცა პანსორის მიმართულება გაჩნდა კორეაში.

მოკლედ, არ შეგაშინოთ პანსორიმ, ნახეთ არ ინანებთ. ძალიან ლამაზი კადრები, ისტორია, შესრულება და სიუჟეტური განვითარება გელით წინ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ორი საათის განმავლობაში დროში ვიმოგზაურე და შევიგრძენი ნამდვილი კორეა.


ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია