unisub.ge
დი-დღე (D-Day)




D-Day (დი-დღე)

"უბრალოდ მინდა გავიგო, რთული პერიოდი მართლაც ქმნის თუ არა გმირებს."


სიუჟეტი ასეთია: სეულში მოხდება 6.5 ბალიანი მიწისძვრა, რაც გაანადგურებს აბსოლუტურად ყველაფერს. არ რჩება მთელი არაფერი, გარდა კარგად დაცული მდიდრული შენობებისა, რომელთა შორისაცაა საავადმყოფო მირე. მიწისძვრის დროს სეულში შემთხვევით აღმოჩნდება ბუსანელი ექიმი ჩონ დოლმი, რომელიც სიგიჟემდე იყო სეულზე შეყვარებული და ყოველთვის ცდილობდა, ბუსანის საავადმყოფოში რაიმე მიზეზი ენახა, თუნდაც 1 დღით რომ ჩამოსულიყო სეულში და მდინარე ჰანისთვის ეყურებინა. მისი საყვარელი სეული მისივე თვალწინ ინგრევა. ერთ მხარესაა ბუსანელი, გამოუცდელი ექიმი ჩონ დოლმი, ხოლო მეორე მხარეს სეულის ყველაზე პრესტიჟული საავადმყოფოს პროფესიონალი ექიმები: ი ჰესონი და ჰან უჯინი.

ი ჰესონი დორამის მთავარი პერსონაჟია. ექიმი, რომელიც სიცოცხლესაც დათმობს პაციენტის გადასარჩენად. ხოლო ჰან უჯინი სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ექიმია, რომლისთვისაც ავტორიტეტია უმთავრესი და არა პაციენტი. ესაა მათ შორის განსხვავება. აგრეთვე ჰან უჯინისა და მედდა პაკ ჯინას წყვილიც უსაყვარლესი მეორე წყვილია დრამაში. ყველაფერი ინგრევა და ამ დროს მთავარი არ არის ის, რომ ქალაქი ნადგურდება. დორამაში ცხადად ესმევა ხაზი ადამიანურ ღირებულებებს. ყველა ივიწყებს ერთმანეთს და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. ლი ჰესონი და ჩონ დოლმი კი რამდენიმე მედდასთან ერთად თავს წირავენ, ნანგრევებიდან ხალხი ამოჰყავთ, სიცოცხლის ფასად ცდილობენ მათ გადარჩენას. ერთის მხრივ, ადამიანებს არასდროს შეუძლიათ სახელმწიფო მოხელეს (პოლიტიკოსს, ექიმს და ა.შ.) შესაბამისად გაუგონ. ყოველთვის ჰგონიათ, რომ ექიმს აუცილებლად რამე შეეშალა, თუ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა; ან პოლიტიკოსმა თავისი საქმე შესაფერისად ვერ შეასრულა, რახან აღდგენითი სამუშაოები დროზე ადრე არ დაიწყო. ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ლი ჰესონი და მისი კოლეგები აღმოჩნდნენ, ქალაქი სეული ბოლოს კორეის ომის დროს იყო და ამას რამდენჯერმე ახსენებენ დორამაში. ერთ დროს აღორძინებული ქალაქი მთლიანად მიწასთან სწორდება და სწორედ ეს სიტუაცია ქმნის გმირებს. შეიძლება გმირებს არც ქმნის, უფრო მგონია, რომ გმირს გმირობის საშუალებას აძლევს, ვინაიდან გამოუვალ სიტუაციაში ჩვეულებრივი ადამიანი კონტროლს კარგავს და ცდილობს გარშემომყოფებში იპოვოს დამნაშავე მისი უბედურებისათვის. ხოლო გმირი, როგორიც ლი ჰესონია, ყველა ხელსაყრელ ვარიანტში იქნება გმირი.რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, აქაც გვყავს ანტაგონისტი. ბოროტების განსახიერება, ისე მეზიზღებოდა, ვერ წარმოიდგენთ. საავადმყოფოს მთავარი ექიმი, დირექტორი. მას უმიზეზოდ ეზიზღებიდა ლი ჰესონი და ბოლო დონის ბოროტი ადამიანი იყო, ყველაფერს აკეთებდა ახალგაზრდა ექიმის გასამწარებლად. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ეჭვიანობისგან მოდის, რადგან თავად არასდროს იყო ჰესონისნაირი თავგანწირული ექიმი. გულის სიღრმეში, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის აცნობიერებდა, რომ იგი ექიმი კი არა, თანამდებობას დახარბებული გაუმაძღარი ადამიანი იყო, რომლისთვისაც ჩვეულებრივი ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ ღირდა. სხვათა შორის, ამ ადამიანის ნამდვილ სახეს სერიალის დასრულებამდე ვერც გაიგებთ, რადგან ზედმეტად დაფარული პერსონაჟია, გასაკვირი და საეჭვოცაა, სულ ბოროტებას რომ აფრქვევს. ვფიქრობ, ასე ელ-თემურიც კი არ მძულდა, მაგრამ თვითონ მსახიობისადმი სიყვარული მაინც ფარავდა ზოგჯერ ჩემი ფავორიტი პერსონაჟი, ი ჰესონი, მზე და მთვარე ამომდიოდა მასზე და ახლაც ამომდის. ადამიანი, რომელსაც ყოველდღე მიწასთან ასწორებდნენ. დიდი ძალისხმევისა და მარტოსულობის ფონზე კვლავ დგებოდა ფეზე და მაშინვე ახალ დარტყმას აგებებდნენ. ის ექიმია, რომელსაც მხრებზე მთელი სეული დააწვა. ერთადერთი ექიმი, რომელმაც გადაწყვიტა, ავტორიტეტი და სახელი გვერდზე გადაედო, ყველას დაპირისპირებოდა, მაგრამ ადამიანები მაინც გადაერჩინა. იგი იდეალური ადამიანის სახეა: წყენას გულში არასდროს იტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ აწყენინა და ოდესღაც ზურგიც აქცია. კომაში ჩავარდნილ დედამისს ზურგით ატარებს, ოღონდაც კი გადარჩეს და პარალელურად ხალხს ეხმარება. უმცროსმა ძმამაც ზურგი აქცია, რადგან როცა მისი მშობლები ავარიაში მოყვნენ, საჭესთან ჰესონი იჯდა. პირველი ფსიქოლოგიური დარტყმა სწორედ ეს იყო. პოსტ-ტრავმული აშლილობა ტანჯავს, თუმცა ხმას არასდროს იღებს და ყველაზე სტრესულ სიტუაციებსაც პოზიტიურად უდგება. მისნაირი ადამიანები თითქმის არ არსებობენ! ერთადერთი ადამიანი, რომელშიც მან ცხოვრების თანამგზავრი და საყრდენი დაინახა, ჩონ დოლმია. ბუსანელი აუტანელი ექიმი, რომელმაც თავისი შესაძლებლობები თან აღმოაჩინა და თან დახვეწა ლი ჰესონთან ერთად.

  • "ყველას გადარჩენა რომ შეგეძლოს, ღმერთი იქნებოდი, ექიმი კი არა."

ყველაზე მთავარი, რის გამოც ჰესონი და მისი კოლეგები იკიცხებოდნენ გამოუცდელი და თავში ავარდნილი ექიმების მიერ, ისაა, რომ ხშირად საავადმყოფომდე არ მიჰყავდათ პაციენტი და ხან შუა ქუჩაში გაუკეთებდნენ ოპერაციას, ხან ვეტ-კლინიკაში და ხან ისეთ საავადმყოფოში, სადაც არც ელექტროენერგია არ იყო და არანაირი საჭირო მედიკამენტი. ვის ადარდებდა წესები, როცა ადამიანი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე მოკვდებოდა და არაფრისთვის აღარ იყო დრო. ლი ჰესონმა ამ ყველაფერს შესწირა კარიერა და ექიმის ლიცენზიაც კი, რომელიც მისთვის მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯი იყო, რადგან ჰესონს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდებოდა.

  • "- მოულოდნელად, სხვა ადამიანი გახდი. ისეთი ადამიანი ჩანდი, რომელსაც უკვე მთელი ცხოვრება გამოვლილი ჰქონდა.
    - ვიღაც ბუსანიდან ამგვარ ბრძოლის ველზე ჩამოვიდა ჩემ გამო ჩამოვიდა. ასე მარტივად თუ დავეცემი, იმ ქალისთვის ვინღა ვიქნები?"

შემდეგი უსაყვარლესი პერსონაჟია მეხანძრეთა კაპიტანი ჩე ილსობი. ალბათ, ბევრს გიყვართ მსახიობი კიმ სანჰო, ის ასრულებს ილსობის როლს. მეხანძრეები ყველაზე დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ თავზე და სიცოცხლის ფასად ცდილობენ ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანას. მეხანძრეები, რომელთაც არც წყალი აქვს (სახელმწიფო ვერ ამარაგებს), არც წესიერი საჭმელი და საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ რჩებათ. ერთ-ერთი მეხანძრეთაგანი ლი ჰესონის უმცროსი ძმაა. ილსობი კი, მათი კაპიტანი, არასდროს აგდებს მეხანძრეების სიცოცხლეს საფრთხეში. ყოველთვის ცდილობს, მთავარი ტვირთი თვითონ აიღოს საკუთარ თავზე და ახალგაზრდა კოლეგებს მხარი დაუჭიროს. იმდენადაა გადართული სხვების გადარჩენაზე, რომ საკუთარი ოჯახი ავიწყდება. ყველა ასეა: თავისი და ოჯახი სიცოცხლე უკანა პლანზე გადადის, რადგან ნაკლებად წარმოიდგენენ მათ დაშავებას. უსაფრთხო ადგილას იგულებენ ერთხელ და მერე თავს სწირავენ სხვების ოჯახებს.უამრავ ადამიანს გადაურჩინა ლი ჰესონმა დედა, მამა, ქმარი, შვილი... მაგრამ ვინ დაეხმარებოდა მას დედამისის გადარჩენაში, როცა დედა კი არა, საკუთარი თავიც კი დაივიწყა ასეთი ტრაგედიის შემყურემ?..ხალხის უმადურობა და უნდობლობა თითქმის ყველა სერიაში ჩნდება. ერთი ქვეყნის შვილები მტრებივით არ ენდობიან ერთმანეთს, თითქოს სხვა რაიმე გზა არსებობდეს ან გასარისკად, ან გადასარჩენად. ის, რის გადატაბაც ექიმებს უწევდათ ამ პერიოდში, ყველა ტრაგედიაზე უფრო მეტია. არ ჰქონდათ ელექტროენერგია, წყალი, საჭმელი და მედიკამენტები. საავადმყოფოში შეკრებილი ხალხი კი ყოველდღე ერთი და იმავე საჭმლის ჭამას აპროტესტებდა. კრიტიკულ პაციენტებს ექიმამდე მისვლას არ აცდიდნენ, უმნიშვნელო ნაკაწრის გადახვევისთვის იტკიებდნენ თავს.ჰან უჯინი, როგორც ზემოთ ვახსენე, პროფესორი ექიმია. თუმცა ეს ტიტული მას ნაკლებად ეკუთვნის. მთავარ ექიმზე არანაკლებ მეტად მეზიზღებოდა იგიც, მაგრამ აზრი შემეცვალა. უჯინი არასდროს არ იყო ბოროტი, ერთი ისეთი პრობლემა ჰქონდა, რომლის გამოც ფიზიკურად ვერ მკურნალობდა ყველა პაციენტს და თავისივე სარგებლის გამო მთავარი ექიმის მხარეს იჭერდა ყოველთვის. სინამდვილეში კი, გულის სიღრმეში, იგი ყოველთვის ჰესონის გვერდით იდგა და გულშემატკივრობდა. მოკლედ, ძალიან, ძალიან მომეწონა ეს პერსონაჟი.


რაც შეეხება წყვილებსა და რომანტიკას... ვისაც რომანტიკა და ცანცარა სიყვარულის თამაშები გიყვართ, არ უყუროთ, თქვენთვის არაა. მაქსიმალურადაა შემცირებული სასიყვარულო ან რომანტიკული სცენები, რა დროს რომანტიკა იყო, ქალაქი თავზე ექცეოდათ. მაგრამ დამნახავი დაინახავს, რამხელა სიყვარული ტრიალებდა იმ ორ წყვილს შორის, რომელიც დორამაში იქმნება. ამისთვის არც თამამი და არც კოცნის სცენები არაა საჭირო, მხოლოდ უნდა იგრძნო. რომანტიკული ცხოვრება და მსგავსი კარიერა ერთად წარმატებულად ნაკლებად ვითარდება, ამიტომ რომელიმე რაღაც დოზით უნდა შემცირდეს. ჰოდა, ექიმებაც სწორი გზა აარჩიეს... ძალიან, ძალიან ბევრ პერსონაჟზე მინდა კიდევ დაწერა, ვერ ამოვწურავდი საერთოდ, თუმცა კან ჯურანის გამოტოვება არ შემიძლია. იგი საავადმყოფოს ხელმძღვანელია. პატივსაცემი ადამიანი, რომლის სიტყვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვით მთავარი ექიმისთვისაც კი. მან ყველაფერი განზე გადადო, მიწისძვრისას დაკარგული შვილის ძიებაც კი, რადგან მარტომ თავი ვერ გაართვა. გრძნობების კონტროლი შეძლო და მაქსიმალურად დაუდგა მხარში მირეს ექიმებს (ცოტა თავისი პოლიტიკოსი საქმროც ჩარია, მაგრამ ეგ რაღა იყო) ეს პერსონაჟიც ძალიან მიყვარს!მთავარი მიზეზი, რის გამოც ვნახე, ქასთი, პირველ რიგში კი, იონკვანია.

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.

რეგისტრაცია