unisub.ge
შურისძიება ჩემია (Vengeance is mine)




Vengeance is mine (შურისძიება ჩემია)

ესაა ნამდვილი ამბავი, სერიულ მკვლელ აკირა ნიშიგუჩიზე, რომელიც ჯერ რიუზო საკიმ წიგნად , ხოლო შიოჰეი იმამურამ ფილმად  აქცია. იაპონელ სერიულ მკვლელს, რომელმაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პროკურორმა "ისტორიაში შავი ოქროს მედალოსანი" უწოდა. ეს იყო ყველაზე გახმაურებული საქმე 60-იანი წლების იაპონიაში.

"იყავით ადამიანებთან ახლოს, იყავით ცნობისმოყვარე მათ მიმართ და დაინტერესდით, რისი აღიარება შეუძლიათ თქვენთან. ყველა ადამიანი რთული და უცნაურია და ძნელა გაუგო. სანამ მათ გულდასმით არ შეისწავლით, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა იწვევს მათ რეალურ ტკივილს" (იმამურას რჩევა ახალგაზრდა რეჟისორებს).

ფილმში მკვლელს სახელი აქვს შეცვილილი და ივაო ენოკიზუ ეწოდება. ამით რეჟისორმა შეინარჩუნა დოკუმენტური ხაზიც და საშუალებაც მისცა თავს საკუთარი ხედვით გადმოეცა მოვლენები. სიუჟეტი არაქრონოლოგიურად გვიყვება მკვლელის ცხოვრების ყველა ეტაპზე, რაც გარკვეული ფიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში გვეხმარება. ფილმი იწყება ივაოს დაკავებით და შემდეგ გადავდივართ მის ცხოვრებაზე. დეტექტივები კითხავენ მის ოჯახს, საყვარლებს, ვეცნობით ბავშვობას, ახალგაზრდობას და ა.შ.

მიუხედავად ამისა, "შურისძიება ჩემია" უფრო პერსონაჟების შესწავლაა, ვიდრე კრიმინალური თრილერი, რადგან ფილმის ბოლო ნაწილებში დეტექტივების როლი მცირდება და ყურადღება მკვლელისკენ ექცევა. მებრძოლი და თავდაჯერებული პატარა, რომელსაც მამის დამცირების გამო სირცხვილი აწუხებს, მალევე აჩენს ფსიქოპატურ ჩვევებს. თავდაპირველად ეს გამოიხატება იმაში, რომ სხვა ადამიანების გრძნობები ნაკლებად აღელვებს. ეს კი მისი ოჯახის სასტიკი ფსიქოლოგიური მოპყრობის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ივაოს ძირითადი ბუნება თანდაყოლილია, მაინც ვხედავთ როგორ ღრმა გავლენას ახდენს მშობლები მასზე. ქრისტიანი მამა იწვევს ივაოს სიძულვილს სისუსტისა და თავმდაბლობის მიმართ, რაც აიძულებს მას ღიად დასცინოს სხვებს.

სიუჟეტი ისეა აწყობილი, რომ გვაიძულებს დავსვათ კითხვები და დავაკავშიროთ მოვლენები ერთმანეთთან, რომ დავადგინოთ ზუსტი მიზეზი ამ მიზანმიმართული ძალადობისა და აგრესიისა. მაგრამ პასუხის მაგივრად უფრო მეტ კითხვას გვიტოვებს... ერთმანეთში არეულ აზრებს სიყვარულის, ოჯახის, რწმენის, საზოგადოების, სულიერების, სინანულის, სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ. მარტივი პასუხების ნაცვლად ჩვენ ვეხვევით ინტელექტუალური კინოს მახეში და მის ქსელში ვიკარგებით.  

ძალიან საინტერესო ფიგურაა ენოკიზუს კათოლიკე მამა შიზუო, რომელიც ისევე დგას თხრობის ცენტრში, როგორც მისი შვილი. იაპონელი ჯარისკაცის მიერ დამცირებული მამა მცირეწლოვან ივაოზე დიდ გავლენას ახდენს. გარკვეულწილად ქრისტიანობისა და იაპონური კულტურის შეუთავსებლობაცაა ამ ჟესტით წარმოჩენილი. მოგვიანებით მამა ინოკიზუს მეუღლესთან ამყარებს ახლო ურთიერთობას... ივაოს არ ჰქონდა მამის მოკვლის უნარი და შეიძლება სულაც ამ "სისუსტის" გამო მიმართავდა სხვების მიმართ აგრესიას. ენოკიზუს ხომ ბავშვობიდანვე სძულდა მამა, თავისი სუსტის გამო.

ფილმი ხომ ძალიან მაგარია, მაგრამ მინდა გითხრათ რომ მსგავსი ფინალი დიდი ხანია არ მინახავს. ბუნდოვანი, სიურეალისტური შედევრი. უნდა ნახოთ უბრალოდ, შეიძლება ოდნავ გაწელილი მოგეჩვენოთ უშუალოდ სიუჟეტი, თუმცა ნამდვილად ღირს ნახვად, თუნდაც ამ დასასრულის გამო. 
ჩემთვის ეს იყო სიმბოლო, რომ ოჯახისთვის ამ სირცხვილის ჩამობანა არც ისე ადვილია, მითუმეტეს, როცა თავადაც არ არიან ანგელოზები. მიწაც კი არ იღებს იმ სისასტიკეს, რაც ადამიანს შეუძლია მხრებით ზიდოს. საინტერესო იქნება, თქვენ როგორ აღიქვამთ ფინალს. 

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია