unisub.ge
ვერავინ გაიგებს (Nobody Knows)




Nobody Knows (ვერავინ გაიგებს)

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, ცნობილი როგორც "ნიში-სუგამოს ოთხი მიტოვებული ბავშვის საქმე" და მოგვითხრობს ახალგაზრდა მრავალშვილიან დედაზე. ეს ისტორია 1988 წელს მოხდა და მისი დეტალები ფილმის გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი.

სიუჟეტი კი შემდეგნაირად ვითარდება: ოჯახი ახალ სახლში გადადის, დედას თან თორმეტი წლის ვაჟი აკირა და 10 წლის კიოკო ახლავს, დანარჩენი შვილები შიგერუ და იუკი კი დამალული ჰყავს ჩემოდნებში, რათა ბინის მეპატრონემ უარი არ განაცხადოს ბინის მიქირავებაზე. ბავშვებს სხვადასხვა მამა ჰყავთ, მათთან კონტაქტი არ აქვთ, არც სკოლაში დადიან, იმალებიან, რომ მეზობლებმა არ დაინახონ, რადგან გამოსახლების ეშინიათ. დედა ახალი შეყვარებულის პოვნის შემდეგ სახლიდან მიდის და ბავშვებს მარტო ტოვებს, უტოვებს ფულს და წერილს, რომ დაბრუნდება... სწორედ აქედან იწყება მათი "თავგადასავალი".

ზოგადად, კორეედას ფილმები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება, ის ისეთ ყოველდღიურ თემებზე აკეთებს აქცენტს, რაც ნებისმიერისთვის შეიძლება ახლო აღმოჩნდეს და იმდენად საოცრად გადმოსცემს, რომ პერსონაჟები ოჯახის წევრებადაც კი შეიძლება ჩათვალო ფილმის ყურებისას. განსაკუთრებული ადგილი კი უჭირავთ ბავშვებს, თვიანთი პრობლემებით. ამ ფილმში აღწერილია ოთხი და-ძმის ისტორია, რომელთაც მარტო უწევთ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება. ყველაზე მეტი ჯაფა კი უფროს ბიჭს აწევს, რომელიც ყველაზე კარგად აღიქვამს იმას თუ რის პირას არიან. უწევს პატარებზე ზრუნვა, ფულის შოვნა, საკვების მოპოვება...

აკირა (იუია იაგირა) ძალიან საინტერესო პერსონაჟია, მასში ჯერ კიდევ არის მცირე ბავშვური გრძნობები, თუმცა ძალიან კარგად გამოხატავს, ამავდროულად, ცხოვრების სიმძიმეს, რომელიც ადრე დააწვა მხრებზე. მოუწია „გაზრდილიყო“ და უარი ეთქვა "ხალისიან" ბავშვობაზე. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ჭიდილი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რეალური ცხოვრების უსამართლობა და სისასტიკე 12 წლის ასაკში აკირასა და მისი და-ძმის ყოველდღიურობაა. ესაა ოთხი ადამიანი, რომელიც მიტოვებულია საკუთარ სამყაროში. დღეები გრძელი და მარტოობით სავსეა, ბავშვები თამაშობენ სახლში სანამ აკირა საკვების საშოვნელადაა წასული... და დრო გადის.

კიოკო, მეორე შვილია, რომელიც თითქოს ხალისიანია, მაგრამ მასშიც იგრძნობა ის ტრაგიზმი, რასაც ნიღბის ქვეშ მალავს. ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონა, დაახლოებით 10 წლის, მხიარული ბავშვია, თუმცა წარმოუდგენელია ფილმის ყურებისას ვერ შენიშნოთ ის სიმძიმე რისი გადატანაც მას უწევს. ის თითქოს ამ თავისი ხალისით ცდილობს არ იფიქროს, ყურადღება გადაიტანოს და საკუთარი თავიც მოატყუოს. პატარებიც საოცრად გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებს, ისინი ჯერ კიდევ იმ ასაკში არიან, როცა ყველაფერი თამაშთან ასოცირდება, უკვირთ ბევრი რამ, მაგრამ ჩუმად არიან.
დედის სახეც ძალიან საინტერესოა, ერთი შეხედვით შვილებთან ხალისიანი ქალი, სასოწარკვეთილი და დეპრესიულია... აკირა ამას ყველაზე უკეთ ამჩნევს, ამჩნევს მის ჩუმ ტირილს, ხვდება, რომ დედა მათ ვერ მოუვლის, ეშინია, გული სტკივა, ბრაზობს მაგრამ მაინც უყვარს...

ესაა კორეედას პირველი ფილმი, რომელიც იაპონიის სოციალურ პრობლემებს შეეხო. მან სცენარის წერა თხუთმეტი წლით ადრე დაიწყო. ფილმის სახელი უნდა ყოფილიყო "მშვენიერი კვირა" თუმცა მასში ბევრი რამ შეცვალა პირვანდელი სცენარიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქასთის შერჩევა დაიწყო. ამ ბავშვებმა ბევრი დეტალი შთააგონეს რეჟისორს და მართლაც, აღსანიშნავია მათი შესრულება. იმდენად ბუნებრივები არიან და ზუსტად გრძნობენ მათი პერსონაჟების ემოციებს, რომ წარმოუდგენელია გულთან ახლოს არ მოიტანონ.

ფილმი კინოკრიტიკოსების მიერ იქნა აღიარებული, კანის კინოფესტივალზე აღებული აქვს ჯილდო საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიაში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იუია იაგირამ (აკირა) აიღო ჯილდო და გახდა პირველი საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი კანის კინოფესტივალის ისტორიაში. ის ამ დროს მხოლოდ 14 წლის იყო.

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.

რეგისტრაცია