unisub.ge
ტაბუ (Taboo)




Taboo (ტაბუ) 1999

მოქმედება ხდება იაპონიაში, შოგუნის ერაში, როდესაც ახალგაზრდა სამურაებს წვრთნიდნენ. ყველაფერი მაშინ ირევა, როდესაც განსაკუთრებული სილამაზის მქონე ახალგაზრდა სამურაი, კანო სოძაბურო შეუერთდება საწვრთნელ გუნდს. 

ალბათ, გასაგებია, რატომაც ჰქვია ფილმს ეს სახელი. რა არის ტაბუ ამ ფილმში? ჰომოსექსუალიზმი. თუმცა-ღა, ეს მათთვის გასაკვირი არაა და ძალიან ჩვეულებრივად, ღიად საუბრობენ ამ თემაზე. კანო სოძაბუროს ფიზიკური მონაცემებით ყველა მოხიბლულია და ვერც უმალავენ ამას ერთმანეთს. ფილმის მიმდინარეობისას მოკლე ჩართვებიცაა, რომელიც გვამცნობს კანოს ახალ-ახალი თაყვანისმცემლების შესახებ. ერთ-ერთი პირველი კი გახლავთ ბიჭი, რომელიც მასთან ერთად მოვიდა სამურაების გუნდში - ჰიოძო ტაშირო. მათზე მალევე გავარდა ჭორები, რომ საყვარლები არიან და ბევრიც ეჭვიანობდა კანოს გამო. და ყველაზე მთავარი, რაც ამ ფილმში შეიძლება შეამჩნიოთ, კანოს ამოუცნობი პერსონაჟია, რომელიც საერთოდაც არ მომეწონა.
იგი ყველა ადამიანს იყენებდა საკუთარი სილამაზისა და მომხიბვლელობის საშუალებით, ფილმშიც გაცხადდა, რომ კანოს მოსწონდა სხვების ყურადღება და ეს დისკომფორტს საერთოდაც არ უქმნიდა. განზრახ არ იჭრიდა გრძელ თმას, რათა უფრო მაცდუნებელი და მომხიბვლელი ყოფილიყო. ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან გააბა რომანი, თუმცა ნამდვილი გრძნობები არც ერთის მიმართ არ აკავშირებდა და თავისუფლად შეეძლო, ბრძანების გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი მათგანი მოეკლა, როგორც მორჩილ სამურაის. ჩემთვის ზედმეტად ეგოისტი პერსონაჟი იყო და არანაირი თანაგრძნობით არ შემიხედავს მისთვის, ჩემდა გასაკვირად. 

ამ ფილმის მარგალიტი გახლავთ ტაკეში კიტანო, რომელიც ასრულებს კაპიტანი ჰიჯიკატა ტოშიძოს როლს და ძალიან საინტერესო პერსონაჟიცაა. ყოველთვის ამჩნევდა ვის რა აკავშირებდა ერთმანეთთან და მას ვერავინ ვერაფერს გამოაპარებდა, როგორც ადამიანებსა და მათ გრძნობებში გარკვეულ კაცს. ბოლოს მხოლოდ მან შეძლო გამოეაშკარავებინა ამ ამოუცნობი ბიჭის, კანო სოძაბუროს გრძნობები, თუმცა არავის გაუმხილა, ცხადია. 
ფილმის რეჟისორი არის ოშიმა ნაგისა, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ: მაცუდა რიუჰეი, ტაკედა შინჯი, ტაკეში კიტანო, ასანო ტადანობუ...

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია