unisub.ge
აგვისტოს რაფსოდია (Rhapsody in august)




Rhapsody in august (აგვისტოს რაფსოდია) 

  • "ხალხი ომის მოსაგებად ყველაფერს აკეთებს. ადრე თუ გვიან კი ეს ყველას გაგვანადგურებს."
აკირა კუროსავას ეს ფილმი ნაგასაკის ატომური დაბომბვის მოგონებებს ეხება. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად "ბიჭუნა" („Little Boy“) ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად "მსუქანა" („Fat Man“) ნაგასაკში.

ფილმი ეფუძნება კიოკო მურატას ნოველას. მოქმედება მოხუცი ქალის გარშემო ვითარდება, რომელსაც ქმარი ნაგასაკის დაბომბვისას დაეღუპა. მას შვილები და შვილიშვილები ჩააკითხავენ ზაფხულში, რათა გადასცენ მომაკვდავი ძმის ბოლო სურვილი. ძმის რომელიც ჰავაიზე ცხოვრობს ამერიკელ ცოლთან და შვილთან ერთად. ცოტახნის შემდეგ სწორედ ეს ძმისშვილი (რიჩარდ გირი) ჩამოვა ოჯახის გასაცნობად მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ბავშვისგან მიიღებს წერილს...

შვილიშვილებს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავთ ფილმში. ახალი თაობა, რომელსაც არ გადაუტანია ის ტრაგედია, არ იციან ბევრი რამ და იმდენად მძიმედაც ვერ აღიქვამენ. თუმცა ნელ-ნელა, ბებიასთან ურთიერთობაში, დაბომბილი ადგილების, დაზარალებული ხალხის ნახვის შემდეგ აანალიზებენ მის მასშტაბურობას.

ფილმს გამოსვლისთანვე ბევრი კრიტიკა მოჰყვა. კანის კინოფესტივალზე კუროსავა გააკრიტიკეს იმის გამო რომ უარყო ფაქტები რასაც ბომბის გამოყენება მოჰყვა. ერთ-ერთმა კინოკრიტიკოსმა იომოტამ ასეთი კომენტარი გააკეთა: "კუროსავა შოვინისტია, რომელმაც იაპონია ომის მსხვერპლად გამოიყვანა, იაპონელების სასტიკი ქმედებები კი უგულვებელყო იაფფასიანი ჰუმანური სენტიმენტებით". კუროსავამ უარყო ანტიამერიკული იდეა და განმარტა რომ ომი მთავრობებს და არა ხალხს შორისაა.

ფილმის მთავარი იდეაც სწორედ ომის წინააღმდეგაა მიმართული და იმ მძიმე ჭრილობებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ის ყოველ ადამიანს უტოვებს. ერთ-ერთი საუკეთესო სცენა ფილმში, სწორედ ამ იდეის მატარებელია. მოხუცი ქალისა და მისი მეგობრის შეხვედრა, რომლებიც თავიანთ მიცვალებულებს იხსენებენ... ორივე ერთმანეთის პირისპირ ზის, არ საუბრობენ... არც სჭირდებათ თავიანთი ემოციის გადმოსაცემად. ეს ხანგრძლივი დუმილია სწორედ ამ დიდი ტრაგედიის "ხმამაღალი" გამოხატულება.

ფილმი საკმაოდ ემოციურია, შეიძლება არაა კუროსავას საუკეთესო ნამუშევარი, მაგრამ სანახავია. მე, პირადად, ძალიან მომწონს.

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია