unisub.ge
კანაკოს სამყარო (The World of Kanako)




The World of Kanako (კანაკოს სამყარო)

  • "მიზეზი, თანამედროვე თაობის დაბნეულობის, მაყურებლის შინაგანი მენტალური ქაოსია" - ჟან კოქტო.
ეს გახლავთ რეჟისორ ტეცუია ნაკაშიმას ფილმი, რომელიც ძალიან ინდივიდუალური, განსხვავებული და თავისი დამახასიათებელი ხელწერის სტილით გამოირჩევა. ეს კონკრეტული ერთ-ერთი საუკეთესო და სარკასტული სურათია, ჩემთვის გამორჩეული და უსაყვარსელი ნამუშევარი.
სიუჟეტიც მეტი სიღრმეებით სავსე და დატვირთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და იკითხება.

ფილმი მთლიანად აგებულია ერთი გოგონას, სახელად კანაკო ფუჯიშიმას შესახებ და ალეგორიულად იკვლევს მისი პიროვნების ხატს, რომელიც ერთ დღესაც უჩინარდება, რის გამოც მამა, რომელიც ყოფილი დეტექტივია, იძულებული ხდება შვილი მოძებნოს და ამ გამოძიების დროს ის ისეთ რაღაცეებს აღმოაჩენს კანაკოს შესახებ, განაცხადებს, რომ "როცა ვიპოვი, მას ჩემი ხელით მოვკლავ".

საკმაოდ მძიმე და "არეული" ფილმია საყურებლად, მაგრამ ამ სიმძიმეში არა მარტო კადრებს, არამედ თვითონ ფილმის აურასაც ვგულისხმობ. კერძოდ, მთელი 2 საათი განუწყვეტელი სცენების ცვლილება და თანხვედრაა წარსულსა და აწმყოს შორის. გამოძიების კვალის გახსნას, ყოველთვის თან მოსდევს 3 წლის წინანდელი კანაკოს ისტორიები, რომლებიც ფარდას ხსნიან მის პიროვნებას. მარტივად რომ ავხსნა, კანაკო ერთი შეხედვით არის გარედან ულამაზესი, ანგელოზს გავს თუმცა შინაგანად "დამპალი" უმრავი მატლებით თუ ჭიებით სავსე სული აქვს, რომელმაც მის გარშემო თითქმის ყველას სიცოცხლე შეიწირა. 18 წლის ნამდვილი დემონი გოგო, რომელიც იმაზე საშიში და ამოუცნობია, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. სრულიად თავისუფალი, უპრინციპო, თავზეხელაღებული, "ბინძური", ირონიულ-სარკასტული სახით შემოსილი, რომელსაც თითქოს ნიღაბი აქვს აფარებული და არავინ, არაფერი ადარდებს. როცა მისი პოვნის პერიოდში ყველა მისი ცოდვის შესახებ იგებს მამა, თავზარი ეცემა და დაჯერება უჭირს, მაგრამ იხსენებს წარსულსაც, თუ რამ მიიყვანა კანაკო ამ ზომამდე-მის ქმედებებსა და საქციელს შვილის მიმართ. იმას, რომ ის კარგი მამა არასდროს ყოფილა, გაშორებული მშობლების ყოველდღიური ჩხუბი, დედის ღია საყვარლის ვინაობა და ამ ყველაფრის ფონზე კანაკოს ცხოვრება, რომლიც თითქოს სულ არ ადარდებს მას, სინამდვილეში კი უსაზღვრო ზეგავლენას ახდენს მის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. მალე დინებას ნარკოტიკებთან და სექსუალურ ცხოვრებასთან მიჰყავს იგი. გოგო, რომელიც საკუთარ ტკივილს სიცილით და სხვების გაუბედურებით ნიღბავდა, დამნაშავე ისევ თავად იყო სხვებისთვის, ისევ მასში ხედავდნენ ცუდს და არა მის გარშემომყოფებში, პირველ რიგში კი ოჯახში.

კანაკო თავისი არსით გაიგივებული იყო ალისასთან ("ალისა საოცრებათა ქვეყნაში") რომელსაც უკვირდა თუ როგორ შეძლებდა სამყარო ამ ადგილიდან გაქცევას?! ის ყოველთვის ამბობდა, რომ თავისუფლება საშიშია.

  • "რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ფრენა? რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს წყალში ცხოვრება? იქ ხომ ასეთი სიმშვიდეა, მაგრამ როგორც კი ზემოთ ამოხვალ, ნამდვილი ჯოჯოხეთია. რატომ ვარ ადამიანი? ეს ხელები, ფეხები, თვალები, პირი და ყურები. თმა, ჩემი ცხვირი, რომელიც სხვებზე გრძელია. მე არაფერი მჭირდება ასეთი, რადგან ამ ყველაფერმა შესაძლოა ტკივილი მომგვაროს, ამიტომ არც გული მინდა მქონდეს. მე ნამდვილად არ ვარ ადამიანობისთვის დაბადებული..."

ვთვლი, ეს ის ფილმია, რომელიც ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში პრობლემებია, რადგან აქ ისიც აშკარად ჩანს, როგორ ხდება სუსტის დამცირება და ბულინგი "ძლიერის" მხრიდან. ეს ყველაფერი კი ოჯახებიდან და მშობლების კერიდან მოდის. მთავარი გაჩენა კი არა, აღზრდაა. ეს ფილმი უფრო მეტია, ვიდრე მხატვრული სურათი. თუ გონებას ფართოდ გახსნი, გააცნობიერებ პრობლემების სიღრმეებს, საზოგადოების რეფლექსებს, მშობლების როლს, რომლებიც საბოლოო შედეგებს უსვამს ხაზს. ფილმი, რომლის ყურებაც ყველა მშობლის მოვალეობაა, რომელიც აქცენტებს აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც გარდამტეხია მოზარდისთვის, რომ მომავალში კანაკოს ბედ-იღბლის გაზიარება აღარ მოუწიოს. როცა მშობლები შვილის დადანაშაულებას იწყებენ, იქნებ დაფიქრდნენ და გაანალიზონ მათ ხომ არ დაუშვეს ისეთი შეცდომა, რამაც ასეთი საქციელი თუ ქმედება გამოიწვია?! ფილმი, რომლის მთავარი დედააზრიც, რაზეც უკვე ვისაუბრე, ბევრი სისასტიკითა და სისხლით არის დაფარული, არც ნიჰილისტურ მოგზაურობაზე ამბობს უარს და უამრავი ქვეტექსტით საკმაოდ ბევრ მინიშნებას გვაძლევს მაყურებელსა და რეალურად მოქმედ პირებს. ეს გახლავთ ნამუშევარი, რომელსაც მეტი ყურადღების მიქცევა და დაფასება სჭირდება.

  • "ხვრელი, რომელშიც ეშვები, ძალიან ღრმაა, ამიტომ შენ აგრძელებ დაშვებას და დაშვებას".
უამრავი ფსიქოლოგიური ასპექტი და აქცენტი, რომელიც ამ ნამუშევარს ახლავს თან, კარგად აშენებული სურათია, სადაც მამა, რომელიც ბოლოს ხვდება საკუთარ დანაშაულებებს შვილის მიმართ და მამა, რომლის თავდაპირველი სიტყვები როგორც უკვე ვახსენე შვილის სასიკვდილოდ გამეტება იყო, ასეთ რამეს ამბობს: "სანამ ცოცხალი ვარ, ის არ მოკვდება".

არ შემიძლია არ ავღნიშნო მაღალი დონის მუსიკალური გაფორმება და მსახიობთა პერფორმანსები. განსაკუთებით კანაკოს როლის შემსრულებელი: გამორჩეული სილამაზე და ნიჭი-ნანა კომაცუ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ ანტიგმირს და დასამახსოვრებელ, აიქონურ პერსონაჟს ჰქმნის, რაც კი ოდესმე მინახავს, არ მავიწყდედება... თან ისეთი ლამაზია.
  • ბოლოს კი მისი სიტყვებით დავასრულებ: "როცა თავს მარტოსულად ვგრძნობ, თითქოს ვგიჟდები".
ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია