unisub.ge
მომაკვდავი თვალი (Dying Eye)




Dying Eye (მომაკვდავი თვალი)

ეს სერიალი, თავის დროზე, მიურასადმი ინტერესის გამო ვნახე. სიმართლე გითხრათ, სცენარი არაა დიდად შთამბეჭდავი და უამრავი თავსატეხით დატვირთული, მაგრამ, ვფიქრობ, ჩაგითრევთ.

რეჟისორი: კუნიმოტო მასაჰირო.

სერიალი იწყება უბედური შემთხვევით, რომელმაც ახალგაზრდა ქალის, კიშინაკა მინეს სიცოცხლე იმსხვერპლა. მთავარი პერსონაჟი არის ამემურა შინსუკე, რომელსაც თავს უცნობი მამაკაცი დაესხმება და შემთხვევის შედეგად, მეხსიერების რაღაც ნაწილს კარგავს. მოგვიანებით კი გაიგებს, რომ იგი დაეჯახა კიშინაკა მინეს მანქანით და მოსვენებას კარგავს. ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თავდამსხმელი კიშინაკა მინეს ქმარი იყო, რომელმაც თავი მოიკლა...

მისტიკური მოვლენები ერთმანეთის მიყოლებით ხდება. იმამურასთვის, რომელმაც მეხსიერება ჯერ ვერ აღიდგინა, რთულია ყველაფრისთვის სახელის დარქმევა და ვერ არჩევს ცხადსა და მოგონილს ერთმანეთისგან. ყველაფერი, რაც თავში მოუვა, წარსულის ფრაგმენტებად ესახება და ეს ყველაფერი მძიმე ფსიქოლოგიურ ფონსაც უქმნის. ერთი იდუმალებით მოცული ქალის, რიურიკოს გამოჩენის შემდეგ კი, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. არავინ იცის, ვინ არის რიურიკო. ერთი რამ კი ცხადია, იგი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მინეს ასლია. იმამურა იწყებს ფიქრს, რომ ის, რა ინფორმაციას მას ამ შემთხვევის შესახებ მიაწოდეს, ტყუილია და ცდილობს, სიმართლე რიურიკოს მეშვეობით გაიგოს. რატომ ჰგავს იგი გარდაცვლილ ადამიანს ასე და ვინაა საერთოდ?..

დრამას იმის გამო ჰქვია ეს სახელი, რომ რიურიკოს, არსაიდან მოსულ ყველასათვის უცნობ ქალს, თვალებით მანიპულაციის საშუალება ჰქონდა. მისი მომხიბვლელი თვალები ჯადოსნურად ელვარებდნენ, თუმცა, ვინაიდან სერიალი ჟანრობრივად არაა ფენტეზი, მგონია, რომ ეს ელვარება მხოლოდ იმამურას ფანტაზიის ნაყოფი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სერიალს ბევრი ეპიზოდი, მაინც ყოველ ეპიზოდში რაღაც წარმოუდგენელი ხდებოდა, თავიდან რომ ვერც ვიფიქრებდი ხოლმე. ფაქტები ერთმანეთს უკავშირდება და საბოლოოდ იხსნება საქმე. იმამურასთვის მთავარი იყო გაეგო, ნამდვილად მას მიეწერებოდა თუ არა უბედური შემთხვევა, რომელმაც სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა?.. ეჭვებმა იქამდე მიიყვანა, რომ კუდში დასდევდა ყველა ხელჩასაჭიდ პიროვნებას, ვისაც კი მინესთან ან რიურიკოსთან რაიმე აკავშირებდათ. ბოლოს კი, სიმართლე ისეთი წარმოუდგენელი რამ აღმოჩნდება, რამაც მართლა გამაოგნა. დორამის მიმდინარეობისას მოვიწყინე კიდეც, მაგრამ ამ ჩახლართული ამბის დასრულების გაგებად ნამდვილად ღირდა.

ქასთზე მოგეხსენებათ, შეუდარებელი ჰარუმა მიურა და მეორე მთავარ როლში გახლავთ ტაკაჰაში მარიჯუნი, ასევე ძალიან მრავალფეროვანი პროექტებით (უმრავლესობა მეორეხარისხოვანი როლია)

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია