unisub.ge
ჯოჯოხეთის საზღვარი (Hellbound)




Hellbound (ჯოჯოხეთის საზღვარი)

მიზეზი პირველი, თუ რატომაც მინდოდა ნახვა-იუ აინი.

მიზეზი მეორე-გახლავთ პირველი კორეული სერიალი, რომელსაც ყველაზე დიდი საერთაშორისო მიღწევა ხვდა წილად, კერძოდ: ტორონტოს რიგით 46-ე საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს სერიალი (TIFF) (ეს ერთი და სხვა მრავალი!)

მიზეზი მესამე-უაზროდ დიდი მოლოდინი მასაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ სერიალის რეჟისორი გახლავთ "მატარებელი ბუსანში" შემოქმედი იონ სანჰო. სცენარიც მას ეკუთვნის ჩოი ქიუსოკთან ერთად. (ეს მისი პირველი მცდელობაა ემუშავა მრავალსერიიან ნამუშევარზე, აქამდე მხოლოდ ფილმებით იყო დაკავებული)

მიუხედავად იმისა, რომ მე და ფანტასტიკის ჟანრში ვერ ვმეგობრობთ, ზემოთჩამოთვლილი მიზეზებისდა გამო დადებითად ვიყავი განწყობილი სულ მინიმუმ იმიტომ, რომ მჯეროდა ხარისხს დადებდა, თუნდაც ამ მიმართულებთ. თუმცა შემრჩა "Sweet Home (მყუდრო სახლი)"-ის გაუმჯობესებული ვერსია. თანაც აქვე გეტყვით, რომ ორივე დაფუძნებულია ვებტუნზე და მათ მიხედვით არის გადაღებული. ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ ცუდია. პირიქით, მე პირადად ორივე სერიალის ძირითადი იდეა მომწონს, თუმცა თვითონ სერიალები-არა.

რა არის მთავარი თემა: რელიგიური ფეტიშიზმი ან თუ გნებავთ ფანატიზმი უწოდეთ. გაკერპებული ღმერთი და ცოდვის სიმბოლიზირება. ზოგადად გავრცელებული შაბლონური ფრაზა მოვიყვანოთ მაგალითად: "არავინაა უცოდველი" და დავამატოთ საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპი, რომ ვინც ცოდვილი და ბოროტია, ღმერთი მას ჯოჯოხეთში წაიყვანს, ვინც პირიქით-სამოთხეში. თუმცა ეს იმდენად განზოგადებული წარმოდგენაა, ამის სადღაც ქვეცნობიერში ჩვენ ყველას გვჯერა, თუმცა რეალურად არავინ იცის საერთოდ არსებობს თუ არა ეს ყოველივე.

რას მოიმოქმედებდი, რომ იცოდე ზუსტად როდის მოკვდები? ან უფრო კონკრეტულად, რას იზამდი, რომ იცოდე ბნელ ჯოჯოხეთში მიექანებოდი? მოკლედ, ეს არის ისტორია, სადაც ადამიანებმა იციან როდის მოკვდებიან, მიაკითხავთ მათ სიკვდილის ანგელოზი და ჯოჯოხეთში წაიყვანს. რატომ?-იმიტომ, რომ ისინი ცოდვილები არიან და თუ შესცოდავ, დაისჯები.

"შიში ულმობელია, ცოდვის ჩადენის შიში. შიში იმისა, რომ შესაძლოა შემთხვევით სხვის ცოდვებზე თვალი დახუჭო. სამუდამო ტკივილის შიში. არ ვიცი ღმერთი ამას რატომ აკეთებს, მაგრამ მინდა ამ სამყაროში თითოეული ადამიანი იმ შიშს გრძნობდეს, რასაც მე ვგრძნობდი. თანდათან ეს შიში, სამყაროს ბევრად სამართლიან ადგილად აქცევს. სწორედ შიში იხსნის ადამიანებს ცოდვებისგან"-აინის ეს მონოლოგი, თეატრალური შესრულება, გროტეკული თვალები და ერთი ჩამოგორებული კურცხალი წონის მთელს სერიალს.

ადამიანი დაემორჩილა ბოროტების საცდურს (გველს) და დაიჯერა, რომ მას შეეძლო საკუთარი ნებით და ძალისხმევით გამხდარიყო,"ვითარცა ღმერთნი". ამ ამონარიდს ბიბლიიდან პირდაპირ მივყავართ ცოდვის ჩადენისკენ, მაგრამ შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ზრდასრულიც, რომელმაც ცხოვრება თითქმის განვლო და ახალშობილიც ერთნაირად ისჯებოდნენ? რა დანაშაული აქვს ახალ დაბადებულ ბავშვს ჩადენილი? ნუთუ ჩვენი დაბადება და დედამიწაზე არსებობსა უკვე ცოდვაა?-ღმერთში მარადიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა, რომელიც ადამიანს ებოძა, ადამიანმა შეატრიალა ბოროტების გასამრავლებლად და განსავითარებლად, სამყაროს სატანის სამფლობელოდ გადასაქცევად, კოსმიურ სასაფლაოდ, რომელიც კვნესის და იტანჯება მანამდე, სანამ არ გამოიხსნის მას ღმერთი-ეს ყველაფერი სწორედ დაბადები წიგნშია აღწერილი. თითქოს ბიბლიიის გარომანტიზირება ხდება და ჭეშმარიტების დანახვა, რომელსაც ყველა ისე ვიგებთ და ვუყურებთ, როგორც ჩვენ გვწამს: "ღმერთზე ბევრი რამ არ ვიცი და არც მადარდებს, მაგრამ დაზუსტებით ვიცი ერთი რამ, რომ ეს სამყარო ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენს საქმეს ჩვენ უნდა მივხედოთ". შესაბამისად, ნუ მოახვევთ სხვას ღმერთის არსებობის ერთ დოგმას, ყველას თავისი ღმერთი ჰყავს და ყველას თავისებურად სჯერა ღმერთის არსებობის, ყველას თავისი პერსპექტივა აქვს. მათ შორის მწამს, რომ ათეისტებსაც. რადგან ასე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენზე კარგად ვის ეცოდინება ანაფორას ამოფარებულ "წმინდანებზე". ადმიანები ხედავენ იმას, რასაც თვალები აჩვენებთ, სწორედ დღევანდელი სოციუმია ასეთი, საზოგადოება, რომელთაც ფიქრი ეზარებათ. ჭეშმარიტება არ არსებობს, ყველაფერი კი ძალიან მარტივია რის ამოხსნასაც ვცდილობთ, ყველაფერი ჩვენს წინაა, უბრალოდ ადამიანს უჭირს ამ ყველაფრის დანახვა, გააზრება და ყოველთვის სიღრმეებში იჭრება, რასაც ყველაფრის გართულება მოჰყვება ხოლმე.

სერიალი თითქოს 2 ნაწილად იყოფა. მე პირველი მეტად მომეწონა, მეორე კი უფრო გაწელილად მომეჩვენა, თუმცა აშკარა იყო ამ დაყოფით რისი თქმაც სურდა რეჟისორს, რომ უკეთ დაგვენახა განსხვავება. აინი არ მეყო არანაირად, ფაქტობრივად კამეოს ფუნქცია აქვს. (თუ რას ვგულისხმობ, როცა ნახავთ, თავად მიხვდებით)

ქასთი კარგია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს შესრულებაზე (აინს არ ვგულისხმობ) გადავირიე და განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ამ მხრივ თითქოს არც პერსონაჟები გამოირჩევიან.

თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყურების და მოვლენების მსვლელობისას უმბერტო ეკოს რომანი "ვარდის სახელი" გამახსენდა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი 1986 წლის ეკრანიზაციაა გადაღებული შონ კონერისა და მაშინ პატარა კრისტიან სლეიტერის მონაწილეობით, სადაც ასეთი ფრაზა ჟღერს და არც მავიწყდება: "სიცილი შიშს კლავს, შიშის გარეშე კი რწმენა ვერ იარსებებს, თუ ადამიანს ეშმაკის შიში არ ექნა ღმერთი აღარაფერში დასჭირდება". ეს იმიტომ მოვიგონე,  რომ კარგადაა გადმოცემული ცოდვა, რწმენა, ურწმუნოება, ფანატიზმი, რაც შეიძლება იყოს მიზეზი ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის და ეს კიდევ როდიდთგანვე მოგვსდევს სამყაროს, რადგან მათთვის მხოლოდ ერთი აზრი არსებობდა, მხოლოდ ერთ რწმენას აღიარებდნენ,  ერეტიკოსები მათ მსხვერპლს წარმოადგენდნენ. ისინიც შეპყრობილნი და დეგრადირებულნი იყვნენ ფანატიზმისგან. 
ეს ისტორია ახლაც ვრცელდება ჯაჭვურად და კიდევ ვინ იცის როდემდე გასტანს...

თემატიკა ძალიან კარგი და საჭირბოროტოა, თუმცა ვისიამოვნეთქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. არც აქ გამორჩენიათ პირველი თოვლი ყველაზე დრამატულ მომენტში და ისე დასრულდა გარდაუვალია მეორე სეზონი! თანაც ბევრ კითხვას ტოვებს ზედაპირზე, ჩაუღრმავებლად.
და ხო, მუსიკა, მუსიკა საერთოდ ვერ ვგრძენი, არ მომხვდა ყურში-ახლა ვიხსენებ ჰქონდა თუ არა საერთოდ)) არადა მუსიკის გარეშე არაფერია ჩემთვის სრულყოფილი, თუნდაც "სრულყოფილი" იყოს.

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია