unisub.ge
პენტჰაუსი (The Penthouse)




The Penthouse (პენტჰაუსი)


როგორც იქნა დასრულდა პენტჰაუსი... 🤡😶

ამ სიტყვებით თუ დავიწყებდი წერას ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა ასეა. ბოლო სერიაზე იმდენად გულაცრუებული ვიყავი, რომ დღეს ვნახე შაბათს გამოსული. არც ვიცი როგორ შევაფასო ან რა ვთქვა იმდენად იმედგაცრუებული ვარ. პირველი სეზონი და მეორე&მესამე ისეა, როგორც დღე და ღამე. მეორე სეზონის რამდენიმე სერიის შემდეგ რომ დაიწყეს დაბლა სვლა, ბოლოს არ ეყოთ მიწის ზედაპირზე გაჩერება და კარგად გათხარეს დიდი ორმო. არადა ისეთი სიუჟეტი ჰქონდათ, ისეთი ქასთი ჰყავდათ და შესაძლებლობები განვითარების, უბრალოდ ქარს გააყოლეს ყველაფერი. 😫🤧
პირველი სეზონი დღესაც ისევე მომწონს, როგორც თავიდან და ეს დორამა, ჩემთვის, იქ დასრულდა.💣გაგრძელება უბრალოდ სხვა სერიალია... პირველი სეზონის შემდეგ ისე ვიყავი აღფრთოვანებული, რომ ამდენი ვწერე ემოციებისგან დასაცლელად ;დ ამიტომ გაგიზიარებთ, ისე, რომ არ მქონდეს თაროზე შემოდებული.😃 თან ცოტა ჩავარედაქტირე და გაგრძელებასთან გავავლე პარალელები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დადებითი აზრები მხოლოდ პირველ სეზონს ეხება. 🙄
  • „პენტჰაუსი: ცხოვრების ომი“ ⚔ 🏙 💙

მოკლედ, სიუჟეტზე(თუ ვინმემ არ იცის)... მოქმედება მდიდრულ აპარტამენტში, ჰერა პალასში ვითარდება. 100-სართულიანი პენტჰაუსის ბინადრებს ბევრი საიდუმლოება და ფარული მიზნები ამოძრავებთ. მთავარი სიუჟეტი, სამი ქალის გარშემო ტრიალებს. შიმ სურიონი პენტჰაუსის დედოფალია. ჩონ სო ჯინი, რეზიდენციის პრიმადონა, ხოლო ო იუნ ჰი ღარიბი, მარტოხელა დედაა, რომელიც ცდილობს მოახვედროს თავისი შვილი ელიტარულ კოლეჯში და გახდეს მათი წრის ნაწილი. თუმცა პენტჰაუსში ბზარი ჩნდება, მოულოდნელი მკვლელობის გამო და იწყება ბრძოლა სიმდიდრის, ძალაუფლებისა და პრესტიჟისთვის.🎭

დორამაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყრის თავს. ისეთი თემები ამოდის ზედაპირზე, რომელზეც საუბარი აუცილებელია და არც რომელიმე ეროვნების ადამიანისთვისაა უცხო, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი მისი ასეთი პოპულარობისა. ადამიანების პიროვნული ჩამოშლა, ტრეფიკინგი, ბულინგი, ძალადობა, ქრთამი, ღალატი, მკვლელობა, კორუფცია, და ამის ფონზე ნაჩვენები სამხრეთ კორეის უძრავი ქონების და ეკონომიკის მზარდი ტენდენციები.
დავიწყოთ ტრეფიკინგით, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, საკვანძო საკითხადაა წამოწეული წინ. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია სამხრეთ კორეაში. დორამაშიც შეფარულად გვაპარებენ ამ თემას, ძალიან ფრთხილად და მოზომილად. მხოლოდ იმისთვის, რომ დაინახო, მსგავსი ფაქტებდი დღემდე ხდება, ჩვენს გარშემო, თუნდაც ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც სამხრეთ კორეაა. პატარა გოგონას ბავშვთა სახლიდან ამერიკაში გააშვილებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ გამოიყენონ ორგანოების დონორად. გულითადი დახვედრა და მოჩვენებითი მზრუნველობა ქურდობის ბრალდებასა და დეპორტში იზრდება. მსგავსი საქმიანობით, ბავშვთა სახლის დირექტორი იყო დაკავებული და დიდ ფულსაც აკეთებდა. მოვლენები როგორ განვითარდება არ ვიტყვი, რა თქმა უნდა, თუმცა მიმაჩნია, აუცილებლად ყურადღებაა გასამახვილებელი, თითქოს ფონად გამდევი, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებით.

ვერ ვიჯერებ, რომ ეს საკითხი საერთოდ მიივიწყეს და სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს სიუჟეტი. 

ბულინგი სკოლაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ასევე სერიალებში მისი პრობლემურობის გამოკვეთა ზრდის მაყურებელთა რიცხვს, თუმცა აქ ძალიან ზომიერად და საჭიროდაა ყველაფერი. როგორ შეიძლება სკოლაში ბულინგი არ იყოს, როცა მათ ოჯახებში ძალადობაა წამყვანი ურთიერთობისა. ბულინგს, თითქმის ყოველთვის საფეხურებრივი გამოხატულება აქვს. აგრესია, რომელიც გროვდება ბავშვში შემდგომ ამოხეთქავს მასზე სუსტ არსებასთან. ბავშვებში ძალადობის საწყისებს ყოველთვის ოჯახში უნდა ვეძიოთ და არც ეს ქეისებია გამონაკლისი. ბავშვები, რომლებიც სკოლაში სხვებს ატერორებენ, ხშირად თავად არიან ძალადობის მსხვერპლი.

ძალადობის თითქმის ყველა სახეა წამოწეული დორამაში. იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა თუ საერთოდაც უგულვებელყოფა. ეს კი შემდეგ გამოხატულებაა ყველა იმ ქმედების, რასაც დორამაში აქვს ლოგიკური განვითარება და ძალიან საინერესოდაა გადმოცემული პიროვნული ჩამოშლის ეტაპები.

ბულინგის თემა ერთადერთი იყო დორამაში, რომელიც შედარებით ნორმალურად განვითარდა, აქაც იყო ბევრი ლაფსუსები და ალოგიკურობები, მაგრამ მაინც...

ყველა პერსონაჟს აქვს მოსაყოლი საკუთარი ამბავი და მალავს საიდუმლოს, რომელიც თქვენში პროტესტის და უსამართლობის გრძნობას გააღვიძებს. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენ არასდროს ვიცით, როგორ მოვიქცევით მსგავს სიტუაციაში ან ტრამვებმა, როგორ შეიძლება ჩამოაყალიბოს ჩვენი პიროვნება. თითის გაშვერა და ადამიანის შეფასება მარტივია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ის გზაა, რაც მან მსგავს პიროვნებად ჩამოყალიბებამდე გაიარა.

აი ვერასდროს ვაპატიებ პერსონაჟების ხაზის ასე მივიწყებას. შუა გზაში მიაგდეს თითოეული მათგანი... 

სურიონისა და ჯუ დანტეს ოჯახი...
პირველ სეზონში სურიონი ნამდვილი დედოფალია, ყველა მხრივ. ჩემი აღმოჩენაა ეს ქალი (lee JI ah) და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩემს ტოპებში. პერსონაჟს რაც შეეხება, ძალიან ჭკვიანი, გაწონასწორებული და ბოლომდე ჰუმანურია, მიუხედავად ყველაფრისა, თანაც ძალიან რეალური, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 🥺👑
  • „ის ახალგაზრდაა, არ ფიქრობ, რომ ძალიან ზედმეტი მოგივიდა. ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის. მშობლის დანიშნულება ხომ ესაა.“

აი სურიონის პერსონაჟიც კი გააფუჭეს. ვერ განავითარეს და საერთოდ ამ ნაეგო გამოჩენამ სულ არია ყველაფერი. ფინალი და სურიონის გადაწყვეტილება ხომ საერთოდ ალოგიკურობის ზეიმი. 

სიუჟეტური ამბავიც ინციდენტით იწყება, როცა წვეულებაზე მიმავალი სურიონი მეასე სართულიდან ლიფტით ეშვება და ხედავს, როგორ აგდებენ ახალგაზრდა გოგონას აივნიდან, რომელიც ჰერა პალასის, სიმბოლოზე ეცემა. ულამაზესი და საოცრად ტრაგიკული კადრი. ეს სცენა ძალიან სიმბოლურია, არსაიდან მოსული გოგონა პირდაპირ ეპიცენტრში ექცევა, თანაც შენობაში, რომელიც სეულის შუაგულში მდებარეობს. ამას თავისთავად ყველაფრის გაბზარვა, ჩამოშლა უნდა მოყვეს.. უსამართლობა იფეთქებს სეულის შუაგულში... ოხ, როგორი სიმბოლურია ეს ყველაფერი. უდანაშაულო, უსამართლობასთან მებრძოლი, არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებების მქონე გოგონა ქანდაკების მკლავებში ხვდება და ეს კადრი, ე.წ „დატირების“ ასოციაციას ქმნის. ეს ტრაგედია, ზუსტად ყველაზე შესამჩნევ ადგილას მოხდა, თუმცა მაინც ვერავინ შეამჩნია, დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდია. რეჟისორი პირდაპირ სახეში გვილაწუნებს ამ კადრით, როგორ ვხუჭავთ ყოველდღიურ უსამართლობებზე თვალს.

ამ სცენის გამეორება ლოგიკური იყო ჩემი აზრით (ვინც ნახთ მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ), თუმცა არა ისე, როგორც გადაწყვიტეს... ეს რა ჩამოშლა იყო, რანაირიიი... 

ჯუ დანტე უბრალოდ ყველანაირი ფასეულობებისგან დაცლილი პიროვნებაა. ფულის გამო აქვს სული „ეშმაკისთვის მიყიდული“, ყველაფრის ჩამდენი და მკადრებელია ეგოს დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად ძალიან საინტერესო პერსონაჟია და მეორე სეზონში მისი პიროვნების უფრო ღრმა განხილვას ველოდები (ეჰ, რაიმედები ჩამიყარეს წყალში🤧). პირველ სეზონში მხოლოდ პატარა ფლეშბექივით იყო. ჩემი ვარაუდით, ის ძალადობის მსხვერპლია, რომელიც შიშებს ებრძვის და არაფერი უნახავს სხვა, დასწავლილი არ აქვს თუნდაც სიყვარული და შესაბამისად ჩამოყალიბებულიც არის ნამდვილ ეშმაკად. ზოგადად ყველაფერს აქვს მიზეზი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები ბავშვობის ტრამვებს უკავშირდება.

დანტეს ბავშვობა იყო ისეთი სამუშაო თემა, რომელიც საერთოდ სხვა მუხტს მისცემდა სიუჟეტს, მაგრამ ყველაზე მარტივი და უსუსური „გამოსავალი“ იპოვეს.

დარწმუნებული ვარ, ბევრი ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა. დანამდვილებით რაც ვიცით OCD-ია (ობსესურ-კომპულსური აშლილობა). ამას სურიონი ეუბნება მინსოლას, როცა დანტე გოგონას დახეული კედების გამო, როგორც არარაობას ისე მოექცევა. ესაა ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს განმეორებითი გარკვეული აზრები. არ შეუძლია გააკონტროლოს არც ფიქრები და არც ქმედებები. მისი მანიაკალურ-ფსიქოპატური სურვილები, ჰაერიდან არ მოვიდოდა.

რა იმედიანი დაკვირვებები გამიკეთებია, ცოტათი მეცინება კიდეც. 

ტყუპები და ზოგადად ბავშვები დორამაში, „პატარა ეშმაკუნები“, ოჯახების ღირსეული შთამომავლები, სარკესავით ასახავენ მათ ყველა მანკიერებას. დამცინავი, ქედმაღალი, ეგოისტი ადამიანები არიან, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლები...
სიკჰუნი და სოგიონი, ტყუპები, რომლებსაც მზე და მთვარე ამოსდით ერთმანეთზე. სოკჰუნი, უფრო რბილი და გაწონასწორებულია, ვიდრე მისი და. ძნელია მათი გაგება, განსაკუთრებით დედასთან მიმართებაში და დაიმსახურეს კიდეც ყველაფერი, რაც თავს დაატყდათ. პირველი სეზონის ბოლოს სოკჰუნის, პიროვნებაში დაიწყო ძვრები, გამოჩნდა პირველი სიყვარული...

ბოლო სერიაში, ის პატარა ქიმიური კავშირიც ვეღარ ვიგრძენი მათ შორის.

აი სულ მეგონა ტყუპების ბავშვობას, იმ საიდუმლო ოთხის ამბებზე რამეს იტყოდნენ, თუმცა აქაც ასევე ზერელედ გადაიარეს. 

პრიმა დონა, სოჯინის ოჯახი, მაგალითია იმის, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სხვისი ოცნებებისა და მიზნებისთვის ცხოვრებამ.


სოჯინი, რომელიც მუდმივად ცდილობდა მამამისისთვის დაემტკიცებინა, რომ ის საუკეთესო იყო, ყალიბდება ცბიერ და ყველაფერზე წამსვლელ ქალად. სოჯინსაც არ მიუღია სიყვარული არავისგან. იარაღი იყო ოჯახისთვის, რომელთა სახელიც უნდა გაემართლებინა, გამხდარიყო წარმატებული, რომ დარჩენოდა მამამისის კომპანია საჩუქრად. ქმარიც კი მეტოქის აირჩია, რომ ყველაფერში ეჯობნა ო იუნ ჰისთვის. ფულით ყველაფერი იყიდა, სიყვარულისა და ნამდვილი ბედნიერების გარდა.

ჩონ სოჯინი, აი ძალიან საინტერესო პერსონაჟია და კიდევ უფრო მაგარი მსახიობი. მისი შესრულება იყო გასაოცარი, არც მოველოდი მის ასეთ გარდასახვებს. ეს იყო მისი პირველი უარყოფითი როლი, რაც კიდევ უფრო მხიბლავს.
  • „როდესაც სხვადასხვა სერიალს ვუყურებ, მაგალითად „სამეფო კარის თამაშებს“, უარყოფითი ძლიერი ქალი პერსონაჟები ძალიან მხიბლავს. მინდოდა ასეთი როლი და როდესაც სცენარი წავიკითხე, ვიფიქრე, რომ ეს ზუსტად ის იყო, რასაც დიდი ხანი ველოდი. ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო ეს პერსონაჟი.“
ერთ-ერთი საუკეთესო სცენა დორამების ისტორიაში, ზუსტად სოჯინის შესრულებულია (ასევე პირველ სეზონში). ემოციურად განადგურებული, სისხლიანი ხელებით ასრულებს ფრანც ლისტის Mazeppa-ს. ეს მუსიკა, ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელია, როგორც მუსიკალურად, ისე ტექნიკურად. ამას რომ თავი დავანებოთ, მუსიკის ინსპირაცია მოდის ლორდ ბაირონის ლექსიდან, რომელშიც ლეგენდარული გმირი მიჯაჭვულია ცხენზე, რომელსაც გაათავისუფლებენ. უბრალოდ, როგორი სიმბოლურია მუსიკაც კი, სოჯინი სწორედ თავისუფლებას გრძნობს ამ მომენტში, ისიც ზუსტად დაბმული იყო და საშუალება მიეცა ფრთების გაშლის, გაფრენის, უბრალოდ, საოცარი მომენტია, გადაღების თუ შესრულების მხრივ, ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი. თანაც უნდა აღვნიშნო, რომ მსახიობმა იმ მონაკვეთის დაკვრა სპეციალურად ისწავლა და თავადვე შეასრულა უნაკლოდ. ახლაც მაჟრიალებს რომ ვიხსენებ...

ისეთი მასალა ჰქონდათ სოჯინის სახით და ისე სიღრმისეულად შეიძლებოდა მისი პიროვნების გამოკვლევა, რომ უბრალოდ მეტოქეობას შეწირულ ქალად არ დაეტოვებინათ

იუნჩოლი, სოჯინის ქმარი, მაგალითია იმის, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სიყვარულის ფულში გაცვლამ. ძალიან უბედური პერსონაჟია ჩემთვის, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, თუმცა ამავდროულად არაფერი... გამბედაობაც კი არ აქვს, რომ ხმა ამოიღოს მისთვის სახეში შეფურთხებასა და დამცირებაზე. ალბათ, ყველაზე საცოდავი პერსონაჟია დორამაში, რადგან არც მოხერხებულობა აქვს და არც სიამაყე.

ეს საცოდავი ასეთადვე დატოვეს ;დ ვითომ რაღაც განვითარება, მაგრამ ნუ აი არც ჩანდა ისე უაზროდ განავითარეს სიუჟეტი.

იუნ ბიოლი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟია ბავშვებში. ასევე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ხდება პიროვნება, როცა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და აჯერებს თავსაც, რომ მისი სურვილია სიმღერა და პირველობა. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგას ეს პატარა გოგონა. შური, ბოღმა, მისი მოთხოვნილებების უგულვებელყოფა, ტრამვები, რომელიც მის თავს ხდება. ერთ-ერთ მომენტს გამოვყოფ პირველი სეზონიდან, როცა დედა მისთვის ძალიან ტრამვულ ადგილას ჩაკეტავს და აიძულებს იქ იმეცადინოს სიმღერაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მაქსიმუმი გააკეთოს. უბრალოდ შემზარავი მომენტია და კიდეც ისახება მასზე ეს ყველაფერი. ისიც არაა გასაკვირი, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი, შიშები, შფოთვები, ჰალუცინაციები უჩნდება და სუიციდური აზრები... მსახიობიც ძალიან კარგად ასრულებს და ითავისებს ამ ყველაფერს.

მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ამ ბავშვის ხაზის განვითარება მომეწონა. მაინც ლოგიკურად დასრულდა მისი ამბავი. ბოლო სერიაში სხვებთან შედარებით მისი სასამართლოს სცენამ თავი დამამახსოვრა. 

ახლა კი გადავიდეთ „სამ მუშკეტერზე“ - კანგ მარისანაჰი და მისი ქმარი კიუ ჯინი. ეს სამეული წარმოადგენს იმ ადამიანთა ნაწილს, რომლებიც ერთი შეხედვით არაფერს აშავებენ, ყოველთვის მთავარი დამნაშავის უკან იმალებიან, დამნაშავეთა მასაში არიან გათქვეფილი, ერთგვარ მაყურებლებს წარმოადგენენ და თითქმის ყოველთვის მშრალზე გამოდიან. ასეთი ტიპის ადამიანები არც ცდილობენ განსაკუთრებული ინიციატივა გამოიჩიონ გარკვეულ სიტუაციებში ან მიიღონ გადაწყვეტილება. არც მიიჩნევენ თავს დამნაშავედ, რადგან კულისებში დგანან, თუმცა ის ყველას ავიწყდება, რომ მაყურებელი ისეთივე დამნაშავეა, როგორიც უშუალოდ ჩამდენი.

გარდა ამისა, პირველ სეზონში ძალიან კარგი, სახასიათო პერსონაჟები შექმნეს. არაფრის შემქმნელი, ცარიელი ადამიანების საუკეთესო გამოხატულებები არიან. განსაკუთრებით კიუ ჯინი, დედიკოს და მამიკოს ფულებით გამხდარი იურისტი, რომლის ჩანთაც ძალიან ბევრს მეტყველებს მასზე🐕 (ვისაც ნანახი გაქვთ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ). შავი იუმორის ძალიან კარგი ელემენტები შემოდის მათი სახით, ძალიან დახვეწილად და მშვენივრად ჯდება ამ არაჩვეულებრივ სატირაში.

ეს ხიბლიც დაკარგეს ბოლოს და უბრალოდ სიცანცარეში გადავიდნენ... 

კან მარის ხაზს კიდევ არაუშავს, სხვა ყველაფერი რომ მწყობრში ყოფილიყო, მას ნამდვილად არ დავიწუნებდი.
და ბოლოს, მესამე მთავარი ქალის ო იუნ ჰისა და მისი შვილის ბე რონას პატარა ოჯახი. ჩემი აზრით, იუნჰი ყველაზე მეტად არასწორხაზოვანი პერსონაჟია და მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება გაგხადოს ადამიანი მოულოდნელმა, არა შრომით მოპოვებულმა სიმდიდრემ.

რა ვიცოდი მაშინ ჰალკიუნჰის თუ ვიხილავდი მესამე სეზონში. ეგ სცენა მაინც შეუდარებელია, ან რამ მოაფიქრათ, მაგასაც ნიჭი უნდა. 

პირველი სეზონი სავსე იყო ულამაზესი კადრებითა და ფერებით. მაგალითად, პირველ სეზონში როცა სურიონი და სოჯინი ხვდებიან ერთად კადრში, ყოველთვის ვხვდებით შავისა და თეთრის, ან თბილი, პასტელის ფერებსა და მუქის კონტრასტს. ასეთი ფერებით თამაში, ძალიან ლამაზ სურათს ქმნის, თანაც ამას დამატებული კლასიკური მუსიკა იდეალურ გარემოს ქმნის. ერთ-ერთ ჩემს საყვარელ მომენტში, ზუსტად მათ საერთო კადრზე, ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ ფონად საოცარ მუხტს ქმნის.🦢🖤

ასევე, არ შეიძლება არ შევეხო სამოსს პირველ სეზონში. უბრალოდ მე ასეთი დახვეწილი ჩაცმის სტილი თითქმის არსად მინახავს. ძალიან კარგი დიზაინერი ჰყავს დორამას, ყველაფერთან ერთად.

ალბათ ბოლო სეზონში დიზაინერიც გაუშვეს სამსახურიდან. 

ბოლოს კი არ შემიძლია, მესამე სეზონის ფინალურ სცენას არ შევეხო, დაგვცინეს ბოლომდე. რა ფერები, კონტრასტი და ესთეტიკა უნდა მოვითხოვო, როცა კიტანოს „თოჯინების“ მიმბაძველობის მცდელობა იყო.😃😃😃 მართლა არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, არაფერი წმინდა არ დატოვეს, უკვე რეაქციაც არ მქონია. უბრალოდ ვალი მოვიხადე ბოლო სერიის ნახვით. 🤧

აღარ შევეხე მკვდარ-ცოცხლობანას თამაშს, ლოგანის ფენომენს, მაინც მინდა პირველი სეზონის პოზიტივი შერჩეს ამ პოსტს. 🙄

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია