unisub.ge
გზა N1 (Road N1)




Road N1 (გზა N1)


დღეს მინდა გესაუბროთ დორამაზე, რომლის ნახვის შემდეგ კარგა ხანს საუბარიც მიჭირდა მასზე, იმდენად მძიმე და ტრაგიკულია. იმდენად ჩამრჩა გულში თითოეული ემოცია, რაც კი ყურებისას განვიცადე, რომ ციტატის ან ერთი კადრის ნახვაც საკმარისია, ხელახლა რომ ავტირდე. 


დორამის პირველი ეპიზოდი იწყება შემდეგნაირად:
  • ეს დორამა აღწერს კორეის ომის პირველ წელს, რომელიც დაიწყო 1950 წლის 25 ივნის და სამი წლის განმავლობაში მძვინვარებდა. 25 ივნისის მოვლენები დორამისეულად იქნა აღდგენილი და არ განსჯის არც რეალურ ინდივიდებს, არც ჯარს. იმ დროს, როდესაც ტანკი მანამდე არავის ენახა, მშვიდობიანი სოფლები დაიპყრეს. ამ ტრაგიკული ომის დაღის საპირწონედ, ვიბრძოლოთ, რომ ასეთი ტკივილი აღარასდროს განიცადოს ჩვენმა სამშობლომ. მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე ყოყმანის გარეშე გასწირა, სამშობლოს გამო თავი დადო, ყველა იმ უთვალავ სულს - ამ დორამას ვწირავთ. ომი შეჩერებულია, თუმცა ის არასდროს დამთავრებულა.

როგორც მიხვდით, დორამა კორეის ომს ეხება. ომის პარალელურად, იგი მოგვითხრობს ორი ადამიანის თავდავიწყებით სიყვარულზე, გზაზე, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში ერთად გამოიარეს. განუწყვეტლივ შორდებოდნენ ერთმანეთს ამ სასტიკი ომის გამო, თუმცა სიყვარული მაინც ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. ტყვიებით, იარაღებით, ტანკებითა და ბომბებით ებრძოდნენ, მაგრამ მაინც ვერ მოერივნენ. ეს დიდებული სერიალი მოგვითხრობს ჯანუსა და სუიონის ტრაგიკული სიყვარულის შესახებ. 

პირველი სიყვარული ყველაფერ წმინდასთან ასოცირდება ჩემთვის. რაც არ უნდა თავდავიწყებით შეიყვარო ადამიანმა, პირველი სიყვარული მაინც სხვანაირად გამახსოვრდება ან საერთოდ არ გავიწყდება. დორამის მთავარი გმირები, ჯანუ (სო ჯისობი) და სუიონი (კიმ ჰანოლი) ერთად გაიზარდნენ. პატარა ჯანუს ყოველთვის უყვარდა თავისი ბატონის ქალიშვილი, ულამაზესი სუიონი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეშევრდომს არ ჰქონდა უფლება, რაიმე პირადული გრძნობა გამოეხატა ბატონის ქალიშვილის მიმართ, ჯანუს ბავშვობიდანვე არ უცდია საკუთარი გრძნობების დამალვა. სუიონი ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისთვისაც შეეძლო საკუთარი ზურგი ხიდად ექცია, მდინარეზე გადასვლისას სუიონს ფეხები რომ არ დასველებოდა. იჩოქებდა გოგონას წინაშე, თავიდან ფეხებამდე წყალში წვებოდა, რადგან მისთვის მთავარი იყო, სუიონი სკოლაში სველი ფეხსაცმლით არ მისულიყო. 

ჯანუს ხატვის საოცარი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ არასდროს ხატავდა საგნებს ან პეიზაჟს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ლი ჯანუ ბავშვობიდან ხატავდა, კიმ სუიონი იყო. ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებდა, თავის დღიურში ხატავდა მუდამ მომღიმარ გოგონას, რის გამოც მისმა ძმამ ლამის ხელი მოაჭრა. ნაიარევი, რომელიც ჯანუს სუიონის დახატვის გამო დარჩა, მთელი ცხოვრება ტანჯავდა. თუმცა, ჯანუსთვის ეს ტანჯვა არ ყოფილა, პირიქით - შეხსენება იყო, რომ არ ჰქონდა უფლება, სხვა ადამიანი დაეხატა, მხოლოდ სუიონი.

  • "- მითხარი, რაზე ოცნებობ...
    - სამუდამოდ ერთი ადამიანის დახატვაზე. აი, ესაა ჩემი ოცნება.
    - მაშინაც კი, თუ ის ადამიანი შენ გვერდით არ იქნება?
    - მაინც მხოლოდ შენ დაგხატავ. შენს სახეს, შენს სურათს - მხოლოდ შენ. "

სუიონის ოცნება ექიმობა იყო. წყვილის პირველი განშორებაც სწორედ ამ ოცნებამ გამოიწვია... მეორე ეპიზოდი იწყება შემდეგნაირად:
  • თავისი სიყვარულისთვის, სუიონისთვის, სწავლის გადასახადი რომ გამოემუშავებინა, ჯანუ მოხალისის სახით უერთდება ჯარს, პოლიტიკური დაძაბულობების ფონზე. როცა სუიონი ნერვიულობს და ელოდება ჯანუს, წერილს მიიღებს, რომელიც ოჯახს მისი სიკვდილის შესახებ ატყობინებს. როდესაც სუიონი თავის მოკვლას ცდილობს, მის ცხოვრებაში სხვა კაცი, უმცროსი ლეიტენანტი შინ თეჰო ჩნდება, რომელიც სუიონის გაუბედავი გულისაკენ გაიკვლევს გზას. მათ ქორწინებამდე ერთი დღით ადრე, ჯანუ, რომელიც სუიონს გარდაცვლილი ეგონა, სახლში ბრუნდება. სამივე მათგანის ბედი საშინლად იცვლება, როდესაც დილის საათებში, 25 ივნისს, ომი იწყება.
  • "ჯანუ, მართლა დაიღუპე?.. მეც წამოვალ შენთან, თუ შენ არ შეგიძლია ჩემთან დაბრუნება."

ლეიტენანტი შინ თეჰო (იუნ გესანი), რომელსაც სიგიჟემდე შეუყვარდა სასოწარკვეთილი ახალგაზრდა ექიმი, სუიონი, გვერდიდან არ შორდება გოგონას. ძალიან, ძალიან მიყვარს გესანის ეს პერსონაჟი! ყველაზე უთქმელი, ფიცხი და ამავდროულად უკეთილშობილესი ადამიანი. განა, ნაკლებად სტკიოდა გული?! ელოდა, რომ საყვარელ ქალზე იქორწინებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სუიონი მასზე, როგორც ცხოვრების თანამგზავრზე არასდროს ფიქრობდა. დორამის დასაწყისშივე ლოგიკური იყო მათი დაშორება, რადგან მთავარი პერსონაჟი ლი ჯანუა, სერიალიც ამ ორის სიყვარულის ამბავზეა.

  • "- არ წახვიდე! არ წახვიდე! არ წახვიდე...
    - ხომ მითხარი, ექიმი მინდა გამოვიდეო. შენი სწავლის გადასახადს მე გამოვიმუშავებ. შენ კი უბრალოდ ისწავლე და არაფერზე ინერვიულო.
    - არ წავიხდე!..
    - სუიონ, ჩემი სურვილიც ზუსტად ესაა... შენი გულისთვის ცხოვრება.
    - სამედიცინო სკოლას მივატოვებ, ამიტომ არ წახვიდე ჯირის მთაზე. ანუ რა ფულსაც შენ ადამიანების დახოცვით გამოიმუშავებ, ის ფული ადამიანების გადარჩენის სწავლაში უნდა გამოვიყენო?
    - როდესაც ბაბუაწვერა იყვავილებს, სახლში დავბრუნდები. ამის შემდეგ... სამუდამოდ.. შენ გვერდით ვიქნები. "

სასიყვარულო სამკუთხედი ჯერ არც ერთ დორამაში არ ყოფილა ასეთი მტკივნეული. ეჭვიანობისა და იმედგაცრუების გრძნობით შეპყრობილი შინ თეჰო ყველანაირად ცდილობს, ლი ჯანუზე მაღლა წარმოაჩინოს თავი, საკუთარი უპირატესობა დაანახოს მხოლოდ ჯანუს და არა სხვას (მათ შორის, სუიონს). რაღაც მომენტებში ძალიან ვღიზიანდებოდი მის დაუფიქრებელ საქციელებზე, მაგრამ იმდენად გულჩათხრობილი პერსონაჟია, ბოლოს მაინც ყველაფერში ვუგებდი. 


ომი იწყება და სიყვარულთან ერთად პატრიოტიზმი იღვიძებს ადამიანში. ჯანუ და თეჰო ერთად მიდიან ომში, ერთს ლეიტენანტის წოდება აქვს, მეორეს - სერჟანტის. ორივენი მეორე დანაყოფის ჯარისკაცები არიან. დანაყოფის მეთაური არის კაპიტანი იუნ სამსუ (ჩე მინსუ). სამაგალითო კაპიტანი, რომელიც ყველა ჯარისკაცს ძმასავით უყვარდა, განსაკუთრებით შინ თეჰოს - მისთვის სამსუ მამაც იყო, ძმაც, ამხანაგიც და ყველაფერი... მეორე დანაყოფი ყველა მთავარ დარტყმას საკუთარ თავზე იღებდა. იქ უწევდათ წასვლა, სადაც ყველაზე დიდი საფრთხე იყო.

შემზარავია იმის ყურება, თუ როგორ აკლდება ყოველდღიურად ბატალიონს ჯარისკაცები. რამდენი ადამიანი წასულა ოჯახების დასაცავად და შინ აღარ დაბრუნებულა, რამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცი, გზა და გზა მიაბარეს მიწას. საფლავის სანიშნე კი ჯოხზე ჩამოცმული საომარი ჩაფხუტი იყო. კაპიტანი იუნ სამსუ სხვა დანარჩენთაგან სწორედ ამით გამოირჩეოდა: თითოეული ჯარისკაცის დაღუპვა მისთვის ახლობელი ადამიანის დაკარგვასავით იყო, ყველაზე მეტად განიცდიდა, როგორც მეთაური, მაგრამ ყველაზე ნაკლებად იმჩნევდა. მაგალითს აძლევდა სხვა ჯარისკაცებს, როგორ უნდა მიეგოთ პატივი თანამებრძოლებისათვის. სამსუ ის ადამიანი იყო, რომელიც ლეიტენანტ შინ თეჰოს ყველაფერში მხარს უჭერდა, ყველაზე რთულ მომენტებში მისი საყრდენი ხდებოდა და რჩევებს აძლევდა, მაგრამ შუა ომში ისიც უძლური აღმოჩნდა...

  • " - ყველაფერი, რისიც მანამდე მჯეროდა, ახლა ნამსხვრევებად იქცა: სამშობლო, სიყვარული და ჩემი სიცოცხლეც კი. ჰიონიმ, გთხოვ, მითხარი, რა უნდა გავაკეთო?!
    - ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ეცადე იცოცხლო, სანამდეც შეძლებ. დრო ყველა კითხვაზე გაგცემს პასუხს. მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია.

მათ უკვე აღარავის იმედი არ ჰქონდათ. ყოველდღიურად სახელმწიფოს აგდებული დამოკიდებულება უნდა აეტანათ: არც საჭმელი, არც ტრანსპორტი (მინიმუმ, დაზარალებულები რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ), არც თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ ყინვაში. ცოცხალ ფარად იყენებდნენ დედას მოწყვეტილ ახალგაზრდა ბიჭებს, როდესაც საბრძოლო აღჭურვილობაც კი არ ჰქონდათ ნორმალური, შუა ბრძოლის დროს ტყვიები ელეოდათ და გაქცევის გარდა სხვა გზა აღარ რჩებოდათ. გაქცევაც კი არ იყო გამოსავალი, ზურგში მოხვედრილი ტყვიითაც ბევრი დაცემულა ბრძოლის ველზე. ამბობენ, ზურგში მოხვედრილი ტყვია სირცხვილიაო, მაგრამ "სხვა სხვის ომში ბრძენია" - რეალურად ვისაც არ გამოუცდია, არავინ იცის, როგორია ტყვიების წვიმის ქვეშ ყოფნა.

დორამა უამრავი უძვირფასესი ადამიანური ღირებულებებითაა შემკული: მეგობრობა, ამხანაგობა, ერთიანობა, ძმობა, პატრიოტიზმი, ერთგულება - თუმცა, ყველგან არის შავი წერტილი, ყველა ომს ჰყავს გამოგინილი გმირი! სერიალშიც ვხედავთ "ყალბ" გმირს, რომლისთვისაც მთავარი იყო გმირის სტატუსი, მოკავშირე ამერიკელების თვალში ამაღლება, მასზე რომ დაებეჭდათ ამერიკულ გაზეთებში: "ფხენიანში სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცმა დროშა აღმართა!" სწორედ ამ ტიტულის გამო ჰან იონმინმა (პაკ ბიონუნი) საფრთხეში ჩააგდო ამხანაგების სიცოცხლე, ამ დროს კი სრულიად უმიზეზოდ თვითონ მიენიჭა გმირის სტატუსი! რეალურად, ერთადერთი პერსონაჟი იყო, რომელიც მთელი გულით მეზიზღებოდა (მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ძალიან მომწონს, ვერც ამან გამინელა ეგ ზიზღი). ეს არის ომის ნამდვილი შედეგი, ფაქტობრივი დეზერტირი ხდება გმირი, ხოლო გაუბედურებული, ნამდვილი ჯარისკაცები ჩრდილში რჩებიან.

ლეგენდარული მეორე დანაყოფის კაპიტანი ლი ჯანუ ხდება, შინ თეჰო კი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იტანდა ამ ფაქტს, მაინც დაემორჩილა. ყველზე მეტად ამ დორამაში არა ლი ჯანუსა და სუიონის სიყვარულის ამბავი, არამედ ჯანუსა და თეჰოს ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება მიყვარს! აი, არც ერთი წყვილის სიყვარულის ისტორიად არ მიღირს ის საოცარი ურთიერთობა, რაც ამ ორ ადამიანს შორის ომმა ჩამოაყალიბა, დიახ - ომმა! ისინი გახდნენ ძმებზე მეტნი, შინ თეჰოსთვის ჯანუ უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა, ვიდრე სუიონი იყო. ადამიანი, ვისთან ერთადაც ყველაზე რთულ მომენტებში უცხოვრია, ყველაზე დიდი საშინელება უნახავს და უბედურება გადაუტანია... თეჰომ საყვარელი ქალიც დათმო, რადგან იცოდა, რომ სუიონი მისი აღარასდროს იქნებოდა, როცა მის გვერდით ჯანუ იყო, ყველაზე ძლიერი საყრდენი და სიცოცხლის ძალა.

რაც შეეხება მთავარი წყვილის სიყვარულს... ეს იყო ნამდვილი ღვთაებრივი სიყვარული, ყველაზე წმინდა, გულწრფელი და უმანკო. ჯანუს მხრიდან ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა: სიცოცხლე მხოლოდ სუიონის გამო უნდოდა, დაუფიქრებლად გადაუდგებოდა ტანკს წინ საყვარელი ქალის გამო (და აპირებდა კიდეც)!🖤 მხოლოდ ასეთი სიყვარულის უნდა გწამდეს, ერთადერთის, ნამდვილის და სამუდამო სიყვარულის. ❤🌺იმდენად აღმატებული არსება იყო ჯანუსთვის სუიონი, არც კი სჯეროდა, პირველად რომ გამოუტყდა სიყვარულში გოგონა:
  • " - მიყვარხარ!
    - რა თქვი?
    - მიყვარხარ-მეთქი!
    - რა მითხარი?!
    - მიყვარხარ..."

უბრალოდ დასაჯერებლადაც რთული იყო ასეთი თავგანწირვით სიყვარული. მიუხედავად ერთმანეთის გარეშე გატარებული წლებისა, მიუხედავად საშინელი გარემო პირობებისა, მათი სიყვარული ოდნავადაც კი არ გამქრალა. ჯანუს ყოველთვის გულის ჯიბით დაჰქონდა თავისი დღიური📙✏, სუიონის ნახატებით სავსე და ყოველთვის ხატავდა მას, არასდროს გაჩერებულა.😭🖤
  • " - მინდა, რომ დაგხატო... და დაგიმახსოვრო. სამყაროს ყველაზე მშვენიერო ქმნილებავ, სუიონ..."
  • " ასეთი დამიმახსოვრე... თვალებში აღიბეჭდე ჩემი სურათი და გზას არ დაკარგავ. აუცილებლად დაბრუნდები. "

ის, რაც მათ უერთმანეთობას აძლებინებდა, იყო რწმენა. რწმენა, რომ აუცილებლად გადარჩებოდნენ ერთმანეთის გულისთვის, მთელ სამყაროს რომ დაემტკიცებინა რომელიმეს სიკვდილი, მათ მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ერთმაენთს კვლავ შეხვდებოდნენ, რადგან სხვანაირად არ შეიძლება - ეს უნდა იყოს მათი მწარე ცხოვრების ბედნიერი დასასრული. 

შესაძლოა, ომს გადაურჩე, მაგრამ ტრავმა, რომელიც ომში ნანახმა გამოიწვია, არასდროს ქრება. თვით უძლიერესმა კაპიტანმა ლი ჯანუმაც ვერ მოახერხა ამ ყოველივესთან გამკლავება. გადარჩი ერთია, მაგრამ დაღუპული ამხანაგებისადმი დანაშაულის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა არც ერთ ღირსეულ ჯარისკაცს. კოშმარები, გამუდმებით იმის შიში, რომ იგივე შეიძლება კვლავ განმეორდეს, სიცოცხლეს უმწარებდათ.

კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელზეც აუცილებლად მინდა საუბარი, სერჟანტი ო ჯონგია (სონ ჩანმინი). თავიდან, შეიძლება, ყველა მის მიმართ ზიზღს განიცდიდეს, რადგან ყოველთვის ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა. მაგრამ ყურების პროცესში ყველა მიხვდება, რომ ფიცხი და გაუწონასწორებელი ხასიათის მიუხედავად, იგი მართლაც ნამდვილი ჯარისკაცი იყო, რომელსაც უყვარდა თავისი ამხანაგები. ძალიან მძიმე ბედისწერა ხვდა წილად ო ჯონგის, საშინელი ცხოვრება გამოიარა და ომმა ყველაფერი წაართვა, ბრძოლისა და სიარულის უნარიც კი. მოკლედ, უმაგრესი პერსონაჟი შექმნეს ჯონგის სახით.

იმედი იმისა, რომ სახლში დაბრუნებას მოახერხებდნენ, ჯარისკაცებს სიცოცხლის ბოლო წამამდე ჰქონდათ. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ბიჭები გამოეცალათ ხელიდან. მათ კი სიკვდილის პირას ყოფნის დროსაც სახლი ახსენდებოდათ, არ სჯეროდათ, რომ წუთისოფელში სიცოცხლის ბოლო წამებს ატარებდნენ...
  • "- ჰონგი, გამოფხიზლდი. უნდა ადგე და დედაშენს მიესალმო.
    - კაპიტანო... სახლში მიშვებთ?
    - რა თქმა უნდა, ბიჭუნავ. ცოტა გამოიძინე, მერე ადექი და სახლში წავიდეთ. რას იტყვი?
    - კარგი.
    - დაისვენე..."

რიგითი ჰონგი სახლში არასდროს დაბრუნებულა...
ისეთ კატასტროფულ სიტუაციაშიც კი, როგორშიც ჯარისკაცები იყვნენ მაშინ, ისინი მხოლოდ ოჯახზე ფიქრობდნენ. საკუთარი სიცოცხლე აღარაფრად უღირდათ, ყველაფრისთვის იყვნენ მზად, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ათასში ერთხელ ეძლეოდათ შანსი, რომ ოჯახებისთვის წერილები გაეგზავნათ და მაშინაც მშობლებს არაფერს სწერდნენ, გარდა მწარე ტყუილისა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდათ.
  • "ტყვიები აქეთ-იქეთ დაფრინავენ. ჩემს ამხანაგებს ესვრიან და მტვრად იქცევიან. მაგრამ, სასწაულებისამებრ, მე ცოცხალი ვარ. ყველაფერს ისე თუ ვეტყვით მშობლებს, როგორც რეალურად არის, ინერვიულებენ და ღამე ვერ დაიძინებენ."
  • "ძვირფასო დედა, იარაღი თვალითაც არ მინახავს. მამა, იცი, პარტიზანი ჯარისკაცი როგორ გამოიყურება? ყოველდღე სამჯერ ვჭამ და ძალიან კარგად ვარ, ამიტომ ჩემზე არ იდარდოთ. ასე უნდა დაწეროთ წერილები. "

ზოგი კი საერთოდ ვერ წერს წერილს, რადგან არც წერა იცის, არც კითხვა. დაეხმარებოდნენ სხვა ჯარისკაცები, მაგრამ არც ადრესატმა იცის წერა-კითხვა. მაშინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ყველას არ ჰქონდა შანსი, სკოლაში ევლო.

ომის დროს ყოველთვის არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მტრის განადგურება და ეს ადამიანობაა. "ალბათ, შენც გელოდებოდნენ სახლში!" - უთქვამს სამხრეთელს ჩრდილოელის მოკვლის შემდეგ. ეს სინანულიც ქრება ბრძოლის ქარცეცხლში, როდესაც მკვლელად უნდა იქცე, შენი ოჯახი რომ არ შეეწიროს ისევ სხვას. პატარა მესაყვირე ჩინელი ბიჭუნაც კი შეიფარა ყველაზე მცირეწლოვანმა კორეელმა ჯარისკაცმა, ასწავლა, როგორ უნდა მიემართა მისთვის "ჰიონ!" ის ჩინელი იყო, ჩრდილოეთ კორეელი ჯარის მოკავშირე, სამხრეთის ჯარის მტერი, მაგრამ მაინც არ დაივიწყა ბავშვმა ის სიკეთე, რაც მეორე დანაყოფისგან დაინახა. მშივრები და გაყინულები, ჩრდილოეთ კორეელ ორ ჯარისკაცსაც გადაეყრებიან და აანალიზებენ, რომ ამხანაგობა და ძმობა მათაც იციან. დაბრმავებულ კაპიტანს როგორ უვლის რიგითი ჯარისკაცი, ყველასა და ყველაფრისგან იცავს და ბოლოს თავსაც კი სწირავს, ოღონდ კაპიტანი ლი ჯანუს გადასარჩენად. ჯანუს სიტყვები დაამახსოვრდა, როცა გააგებინა, რომ ომი მათი მიზეზით დაიწყო, მათ გამოიწვიეს ეს ყოველივე. მან თავისი წილი დანაშაული გამოისყიდა ამ თავგანწირვით.

ისე მინდა, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამომრჩეს, მაგრამ ამოუწურველია ეს შედევრი დორამა! გამორიცხულია, ნახოთ და საშინელ დანაკლისს და ტკივილს არ გრძნობდეთ რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც. რეჟისორი არის ლი ჯანსუ. გახლავთ ისეთი დორამების ავტორი, როგორებიცაა: "სამოთხის ხე", "კიბე ზეცისაკენ", "მშვენიერი დღეები", "ასფალტის კაცი" და ა.შ. აგრეთვე არანაკლებ ცნობილი და რეიტინგული დორამა/ფილმების პროდიუსერია, მათ შორის "ვინჩენცოსი".

ის დანაკლისი, რასაც სო ჯისობის მიმართ განვიცდიდი აქამდე, მთლიანად შემივსო ამ პერსონაჟით! დიდებული პერსონაჟი შექმნა, ბოლომდე გაითავისა და სხვა ვერც კი წარმომიდგენია ამ როლზე. გესანზე უბრალოდ აღარაფერს ვიტყვი, ვგიჟდები ამ ადამიანზე და მის შინ თეჰოზე ხომ საერთოდ! კინაღამ დამავიწყდა მეხსენებინა, რომ ეპიზოდურ როლში კიონჰოსაც კი შეხვდებით დორამაში, ისეთი მოულოდნელი იყო მისი დანახვა, თან ისე იყო გამოწყობილი, გადამოწმება დამჭირდა დასარწმუნებლად. 

 ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია