unisub.ge
ექვსი მფრინავი დრაკონი (Six Flying Dragons)




Six Flying Dragons (ექვსი მფრინავი დრაკონი)

  • „ღირსება ყველაზე მთავარია, რაც ადამიანს გააჩნია. მე თუ ღირსეული არ ვიქნები და ღირსებას არ შევინარჩუნებ, ვერ შევძლებ საკუთარი ხალხის დაცვას“
სერიალი გახლავთ უძლიერესი და უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლიტიკური სურათი, ძალიან დეტალურად გათვლილი იდეალიზმის მწვერვალს მიღწეული ნამუშევარი, რომელშიც ნაჩვენებია XIV-საუკუნის მიწურულს გორეოს ეპოქის ბოლო და ასევე ასახულია ჩოსონის დინასტიის დაარსება უზარმაზარი პოლიტიკური ბრძოლის გზით. სახელი „6 მფრინავი დრაკონი“ კი შემდეგნაირად იშიფრება: ექვსი ცნობილი ადამიანის გაერთიანება ერთ მოძრაობაში. ახალი, ძლიერი და ისეთი სახელმწიფოს შექმნის იდეით გაერთიანებული საზოგადოება, სადაც ხალხი გაღიმებას შეძლებდა და სწორედ ხალხი იქნებოდა მისი დამაარსებელი! და რატომ ერთად და არა ცალ-ცალკე? ”რადგან მნიშვნელობა არ აქვს თუ რა გეგმა გაქვს, ის სხვას გაუზიარე. მნიშვნელობა არ აქვს მართალი ხარ თუ არა, რადგან მიზნის მიღწევას მარტო ვერ შეძლებ. ხალხი გეგმას სახავს, მაგრამ წარმატება ზეცაზეა დამოკიდებული“ და რას ნიშნავს პოლიტიკა, რომელის გატარებაც მათ სურდათ, რადგან ეს ხომ ძალიან აბსტრაქტული ცნებაა? პოლიტიკა ეს გაზიარება და განაწილებაა თუ ვისგან მივიღებთ და ვის მივცემთ“.

მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, პოლიტიკა გაბატონდა მათზე და არა პირიქით...

1დრაკონი🐉- მომავალი მეფე კორეის ისტორიის ლეგენდარული ფიგურა ლი ბან ვონი (აინი) რომელიც ადრეულ ასაკში გაიგებს, რომ ძალაუფლებისთვის საჭიროა იუსტიციისთვის გაბატონება. მისი გენერალი მამა, რომელიც ხალხის სიმბოლოს წარმოადგენდა, ისეთი ადამიანის ხატს, როგორიც ნამდვილი ლიდერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გახდებოდა კი ის მეფე? რადგან როგორც თავად ამბობდა „მეფე პირველ რიგში ხალხზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ჩემი არჩევანი ყოველთვის ჩემი ოჯახი იყო და იქნება“, თუმცა ერთი სცენაა, სადაც მას სწორედ არჩევანის გაკეთება მოუწევს და სწორედ იქ გამოჩნდება მისი სიტყვების ჭეშმარიტება (საოცარი მომენტია). შვილი, ლი ბან ვონი, გენიალური იუ ა ინი და მისი შეუდარებელი პერფორმანსი. მეტამორფოზა და ის კათარზისი, რაც პერსონაჟმა განიცადა სერიალის დასაწყისიდან ბოლომდე იყო წარმოუდგენელი, რა ადამიანიდან რად იქცა. ძალაუფლების, პირველობის, გეგმის დასახვისა და მისი აუცილებლად ასრულების წყურვილმა რა ზომამდე მიიყვანა, რომ სიყვარულიც კი ვერ გახდა მისი სისუსტე. პატარა, გულუბრყვილო, მაგრამ ძალიან გონიერი და ჭკვიანი ბიჭიდან სასტიკ მხეცად იქცა, მაგრამ ყველაფერს აქვს გამართლება. ის იმედები, ის ოცნებები, რომლებიც იმედგაცრუება და ნამსხვრევები აღმოჩნდა მისი მასწავლებლისა და მამის შეცდომებისდა გამო. სწორედ მათი ბრალია, მათ მიუძღვით მთავარი დამნაშავის როლი მის ასეთად გახდომაში. ადამიანის სიხარბე და პირველობის სურვილი ყოველთვის იჩენს ხოლმე საბოლოოდ თავს. მამამ, რომელიც მისთვის მთელი სამყარო იყო, ბავშვობაში მას ასეთი სიტყვები უთხრა: „ომი რა არის?“- ბან ვონმა ვერ გასცა პასუხი. ამიტომ თავად უპასუხა: “მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ძლიერად შევეცდებით ომის გალამაზებას, ის მაინც ადამიანების მოკვლას ნიშნავს. ეს სამყარო კი იმისთვისაა, რომ საუკეთესონი გადარჩნენ. მოკალი ან მოკვდი“შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს სიტყვები გახდა მისი ცხოვრების მთავარი კრედო. ისეთ ადამიანად იქცა, როგორიც არასდროს სურდა გამხდარიყო, როგორად გახდომასაც უბრალოდ არც კი უშვებდა, მაგრამ ცხოვრება ბუმერანგია, არასდროს იცი როგორ დაგიბრუნდება შენი სიტყვები უკან. და ბოლოს, როცა ამ სიტყვებს მისი საყვარელი ქალი ახსენებს, მას მთელი წარსული თვალწინ უდგება, ცრემლიანდება და აანალიზებს, რომ ის სწორი იყო, თუმცა ყველაფრის შეცვლა და დროის უკან დაბრუნება ძალიან გვიანი. მოსწავლემ მასწავლებელს აჯობა. კაცს, რომელიც მისი გმირი და იდეალი იყო ბავშვობიდან. მან იცოდა, რომ გამარჯვება ნიშნავს გადარჩენას! „სანამ ფრენას არ ეცდები, მანამდე ვერ გაიგებ ქათამი ხარ თუ ჩითი“ამიტომ არაფრის დათმობას და უკან დახევას არ აპირებდა. ის სისასტიკე, რაც მან მეფობის ჟამს ჩაიდინა, ის დაღვრილი სისხლი, რაც მის კისერზე იყო, ყველაფერი საყვარელი ადამიანების იმედგაცრუებიდან, ყველაფერი წარსული შეცდომებიდან მოდიოდა. ბევრი მას აკრიტიკებდა, როგორც მეფეს და მის საქციელებს გაუმართლებლად თვლიდნენ, მაგრამ მე პირიქით. რომ არა ის ცოდვები, რომ არა ამდენი უდანაშაულო მსხვერპლი, საბოლოოდ იმ შედეგს ვერ მივიღებდით, რაც მივიღეთ. მისი გონივრულობა, გამჭრიახობა და ამავდროულად შეურიგებლობა, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ახალი ქვეყანა შექმნილიყო. მას უჭირდა, ყოველთვის უჭირდა არჩევანის გაკეთება, მაგრამ ბოლოს ალბათ მაინც ყოველთვის სწორ შედეგებამდე მიდიოდა ხოლმე. მისმა პრაგმატულმა აზროვნებამ, მის გულს მონობა და დაჩოქება უბრძანა. „ენდე და შეამოწმეს“ პრინციპი გახდა მისი ცხოვრების განმსაზღვრელი. რადგან სანამ ცხოვრობ რამე უნდა გააკეთო და რამე თუ გინდა გააკეთო, ამისთვის მეფე უნდა გახდე. აინმა პერსონაჟის ხასიათის გადასხვაფერება იდეალურად შეასრულა თავისივე დამახასიათებელი ხმის ტემბრითა და უდახვეწილესი ინტონაციით.

2დრაკონი🐉-მისი მასწავლებელი, მისი გმირი, ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობოდა. ასევე ძალიან ცნობილი გენერალი ჯონ დოჯონი (კიმ მიუნ მინი) რომლის მთავარი მიზანიც ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემის დანგრევა და თავიდან ახალი ქვეყნის შექმნა იყო, ვინაიდან საბაბი იყო ის დიდი გულისტკივილი, რაც მან გორეოში კორუფციის გამო განიცადა, რაც ცოტაც და მისი სიცოცხლეს შეიწირავდა. სწორედ ის გახლდათ გაერთიანების ლიდერი, რომელსაც მეფედ ლი ბან ვონის მამის, ლი სონგეს დასმა სურდა როგორც ვახსენე იდეალური გენერლისა და ლიდერის. თუმცა აღმოჩნდა კი ეს ადამიანი საკმაოდ ძლიერი იმისთვის, რომ მეფე გამხდარიყო? იმის ფონზე, რომ მის შვილ ლი ბან ვონს თავიდან ზედაპირულად და შემდგომ კი იმდენად საშიშ ფიგურად თვლიდნენ, რომ ეშინოდათ მისი, ამიტომ მაქსიმალურად ირიდებდნენ მის კანდიდატურას მეფობისთვის. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გახდა ბანვონის ისეთ ადამიანად ქცევის, როგორიც საბოლოოდ გახდა. დოჯონის სიხარბემ და ეგოისტობამ იმდენად შორს გაიდგა ფესვები, რომ ის „თავისუფლების მარშიც“ კი დაავიწყა, რომელსაც ასე გულმოდგინეთ მღეროდა. მისი სიტყვები: „ეს სამყარო ჯოჯოხეთია სუსტებისთვის, ამიტომ თუ ძალისხმევას არ დავიშურებთ, შევძლებთ ისეთი ქვეყნის შექმნას, როგორიც წიგნებშია“. ეს ერთიანობა კი საბოლოოდ ნაფლეთებად იქცა, რადგან არავის უნდა ენდო ცხოვრებაში საკუთარი თავის გარდა! არასდროს იცი ვინ გიღალატებს, რადგან შენივე საუკეთესო მეგობარი შეიძლება შენი უპირველესი დაუძინებელი მტერი გახდეს და რატომ? ისევ პირველობის წყურვილთან მივდივართ, ისევ სიხარბისკენ და ეგოისტობისკენ ვიხრებით. რა იყო და არის ოდითგანვე ქართველი ერის პრობლემა? ის, რომ ერთმანეთ „ვჭამთ“ იმის მაგივრად, რომ გვერდში ამოვუდგეთ და ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ მტერს. მაგრამ სრული რეალობაა ის, რომ არ ვთმობთ გამარჯვებას და საბოლოოდ ისეთ დასასრულს ვიღებთ, როგორიც არ გვსურს, მაგრამ ფაქტობრივად ამისთვის მივიღწვით. დოჯონის დასასრულიც ყველაზე რეალისტური იყო, რადგან რაც დათესა, ის მოიმკო.

3დრაკონი🐉-ლი სონგე (ჩონ ჰო ჯინი) ლი ბან ვონის მამა და მთავარი გენერალი. ყველაზე საპატიო და მრავალ ომგამოვლილი პიროვნება, რომელიც მენტალურად იმაზე სუსტი აღმოჩნდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მაგრამ საინტერესოა დათმობს კი ის ტახტისთვის ბრძოლას, რადგან არ იყო იმდენად საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ სკამისთვის ებრძოლა. „მეფეს მხოლოდ ისტორიის დაწერის ეშინია“. მაგრამ რა არის არა ადამიანის შინაგანი სამყარო, როცა საქმე საქმეზე მიდგება... აქ უკვე ერთმანეთის დანდობა გამორიცხულია და მზადაც კი არიან ერთმანეთი დახოცონ იმისთვის, რაც ადამიანობის მიღმაა. სიხარბე ცოდვაა, რომელიც ბოლოს აუცილებლად მოგიღებს.

4დრაკონი🐉- ბუნია (შინ სე კიონი) დაბალი კლასის წარმომადგენელი ქალი, რომელიც ლი ბან ვონის ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარული იყო. ქალი, რომელიც მისი ხალხის ლიდერი ხდება და თავისი გამჭრიახობით ბევრ სიკეთესაც გააკეთებს, საკუთარი თავის გარდა. როცა ისეთს დაინახავს ბან ვონს, როგორიც არასდროს უნდა გამხდარიყო, ასეთ სიტყვებს ეუბნება: „იმ შემთხვევაშიც თუ მოკვდები, იცოდე რომ მე მაშინ ვიღიმოდი, რადგან შენ ესე გსურდა“მე ვთვლი, რომ საოცარი პერსონაჟი იყო. ქალი, რომელმაც სიყვარული შესწირა ქვეყანას. ქალი, რომელიც ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებდა. ქალი, რომელიც ალბათ მაინც არ იმსახურებდა იმას, რაც მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის არ აქვთ სასიყვარულო მომენტები, მე ვგრძნობდი, რომ ერთმანეთი უყვარდათ და ეს დიდ ტკივილს მანიჭებდა, რადგან მხოლოდ თვალებიც საკმარისი იყო მათი გრძნობის აღსაქმელად.

5დრაკონი🐉- ბუნის ძმა, საოცარი დანსეა (ბუნ იო ჰანი) და გორეოს საუკეთესო Swordman-ი⚔️ ადამიანი, რომლსაც ტანჯვის გარდა მთელი ცხოვრება არაფერი უნახავს. ბავშვობაში, როდესაც საყვარელ ქალს მის თვალწინ ნამუსს ახდიან და ის მის დასაცავად ვერაფერს გააკეთებს, გადაწყვეტს ყველაზე ძლიერი ადმიანი გახდეს და ასეც იქნება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რომ საყვარელი ადამიანის პატიებას ვერ იმსახურებდა, რადგან თავის დროზე ვერ შეძლო მისი დაცვა და ამ გოგოსაც ვერაფერში ვამტყუნებდი. ორივე საოცარი პერსონაჟია. თუმცა საბოლოოს მათი სიყვარული იმაზე ღრმა, სევდიანი და მარადიული აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. ზოგადად, როცა მათი სცენები იყო, თითქოს ვჰიპნოზდებოდი არაჩვეულებრივი ქიმიის ფონზე და მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო + ამას საოცარი ოსტი გასდევდა ფონად მათ სიყვარულს. არ შემიძლია არ ავღნიშნო ბუნ იოჰანის საოცარი პერფორმანსი, შეუძლებელია ძალიან არ შეგეხოთ... იმდენად გულს მიკლავდა მისი ტანჯვა, მეც მასთან ერთად ვსევდიანდებოდი და განვიცდიდი. იუნი, გოგონა ასევე მძიმე წარსულით, რომელიც როგორც ვახსენე ბავშვობაში გააუპატიურეს და ვერ პატიობდა დანსეას იმას, რომ იქ იყო და მის დასაცავად ვერაფერი გააკეთა. ისიც შურისძიებით იყო გამსჭვალული და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ახალი ქვეყნის შექმნაში დიდი წვლილი შეეტანა. ძალიან სამართლიანი, გამორჩეული ძლიერი ქალის სიმბოლოა. ჩემი დიდი პატივისცემა ამ პერსონაჟს. საოცარი სცენაა, სადაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც პირადად ჩემთვის შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც მის საყვარელ კაც არჩევანის წინაშე დააყენებენ და ის გადაწყვეტილებას ვერ იღებს, სწორედ იუნი შეასრულებს მთავარ როლს და გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს. წარმოუდგენელი, გენიალური და ტკივილით სავსე სცენაა, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ. ზოგადად დორმის მე-18 და 47-ე სერიები არის შემზარავად მძიმე და ეპიკური.

6დრაკონი🐉-მუჰიული (იუნ გიუ სანი) უერთგულესი, უსაყვარლესი, კეთილგონიერი და ამავე დროს საოცარი საბრძოლო უნარებით დაჯილდოებული ადამიანი. სწორედ ის გახდება ბან ვონის „მფარველი ანგელოზი“ ყველა სიტუაციაში. იდეალური მეგობარი იყო, ალბათ ბევრი რომ ინატრებს. მისი დამოკიდებულება ზოგადად ყველას მიმართ გამორჩეული იყო. ამას ემატებოდა მისი პოზიტივი და სისაყვარლე, რომელიც დორამის „ნათელ წერტილადაც“ კი შეიძლება ჩავთვალოთ. მსახიობმა იდეალურად მოირგო პერსონაჟის ტყავი და ვთვლი, რომ მისის საუკეთესო როლია. ზოგადად ეს გმირი ყველა ლი ბანვონზე გადაღებულ ნამუშევარში გვხვდება და ყველგან ერთპიროვნულ დადებით და ერთგულ ადამიანად არის გამოყვანილი.

საბოლოოდ იმდენად იდეალური და გამორჩეული დორამაა, თითოეულ პერსონაჟზე ისტორიაზე თუ განვითარებაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ბოლო 20 სერია სისხლის ამადუღებელი და გასაოცარია, აბსოლუტური გადაწყობა სიუჟეტის თუ მსახიობ-პერსონაჟების. თუმცა პირველივე სერიიდან რომ ჟრუანტელმა დამიარა, ბოლომდე არ გამნელებია და როცა დასრულდა, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე. საოცრად მგრძნობიარე, ემოციურად გამანადგურებელი სერიალია, დახუნძლული შიდა თუ გარე პოლიტიკური ინტრიგებით, გენიალური დიალოგებით, ფრაზებით, სცენებითა თუ პერფორმანსებით. ისეთ დონეზეა საბრძოლო ხელოვნება გადმოცემული, გადაღებული მთელი თავისი რეჟისურითა და კამერის მოძრაობებითა და თუ არსაიდან წამოსული სიმბოლოებით, გაოცდებით. ზოგიერთი სცენა სუნთქვასაც კი დაგავიწყებთ და ნაპერწკლებს გადმოგაყრევინებთ თვალებიდან! კიდევე ერთი ფავ პერსონაჟი, საოცარი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ქალი ჰან იერის იუნ რანი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა.

ხშირად მქონდა ხოლმე გაორებები ვინ იყო მართალი და ვინ არა. ბევრი შავი და თეთრია ერთად გაერთიანებული. ეს გახლავთ რეალური ისტორია, თუ როგორ ჩამოყალიბდა ერი. ბევრი ღალატი, ერთგულება, გვერდში დგომა, ბევრი ნელი შელოცვა, რომელმაც საბოლოოდ მომნუსხა და მათ სამყაროში გამატარებინა დრო, სადაც მეც მონაწილე ვიყავი ახალი ქვეყნის შექმნის მათთან ერთად.

„იმისათვის, რომ მტერი მოატყუო, შენს ირგვლივ ხალხიც უნდა გააცურო და შენი თავიც უნდა მოატყუო. თუმცა როცა შენი თავის მოტყუებას დიდი ხანი გააგრძელებ, სწორედ ისეთ ადამიანად იქცევი, როგორადაც თავს ატყუებდი“ 
- ი ბანვონი

ტექსტზე იმუშავა Asian Express-ის ადმინისტრაციამ.
რეგისტრაცია