unisub.ge
თეთრყვავილა (Snowdrop )




თეთრყვავილა (Snowdrop)

“მე და შენ რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვყოფილიყავით… მუსიკის კაფეში იმღერებდი, იმ კაფეში ყოველდღე მოვიდოდი... ყოველდღე! წვიმისა და თოვლის მიუხედავად,სიამოვნებით მოვუსმენდი შენს სიმღერას…”

მე, რომ რომელიმე დორამაში შემეძლოს ცხოვრება აუცილებლად “თეთრყვავილას” ავირჩევდი. ავირჩევდი იმიტომ,რომ აქ ის ძლიერი გრძნობა სუფევს,რომელიც სიყვარულის კონცეფციას ვეღარ ერგება და ამაზე უფრო მეტია. იმიტომ,რომ აქ ყველაფერი ისაა,რასაც პატარაობის ასაკიდან ზღაპრებში, ანიმაციებში და წიგნებში ვეძებდი/ვეძებ. იმიტომ,რომ აქ ის ზეციური გრძნობებია,რომელიც ადამიანურს უკვე აღარ/ვეღარ ჰგავს და წარმოუდგენელიც კი გეჩვენება,რომ იგივე შეიძლება შენც განიცადო. იმიტომ,რომ აქ თითოეული ადამიანი მთავარი გმირია. იმიტომ,რომ აქ თითოეული ისტორია ყველას ტკივილია. იმიტომ,რომ აქ ვერ გაარჩევ წიგნს კითხულობ თუ სერიალს; იმიტომ რომ ეს შედევრი სერიალზე მეტია!

საერთოდ არ მინდოდა ამ გენიალურობაზე საზოგადოების კრიტიკაზე პასუხის გაცემით დამეწყო,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვინაიდან სერიალმა ამის გამო გამოიარა ჩვეულებრივი ომი ჯერ შექმნისთვის და შემდეგ უკვე გამოშვებისთვის.

1987 წელი არის წელი,როდესაც სამხრეთ კორეაში დემოკრატია დამყარდა, მანამდე სამხედრო დიქტატურა იყო. სამხრეთ კორეის 70-80-იან წლების სამხედრო დიქტატურის მმართველობის ისტორია ტრაგიკულია. ამ დროს უამრავი სტუდენტი თუ ზრდასრული მონაწილეობდა პროდემოკრატიზაციულ მოძრაობაში, ხოლო ansp (ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის სააგენტო) კლავდა მრავალ უდანაშაულო ადამიანს, კომუნისტობაში დადანაშაულებით. თუმცა სერიალი არ ეხება პროდემოკრატიულ მოძრაობას. მას არაფერი აქვს საერთო 1980 წლის 18 მაისის დემოკრატიზაციის მოძრაობასთან,ისევე როგორც 1987 წელს ივნისის აჯანყებასთან. გაზაფხულზე მთავარი გმირების გაცნობიდან 6 თვე გავიდა და დრამაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი, ამიტომ “თეთრყვავილა” რეალურად 1987 წლის ოქტომბერში ვითარდება. ამასთანავე, JTBC-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ დრამა არ ეხება პროდემოკრატიულ მოძრაობას, მაგრამ გამოიყენა ის, როგორც ფონად მთავარი სიუჟეტისთვის, რომელიც არის 1987 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

დრამის მოტივი არის 1987 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ზემოთ აღინიშნა, და ეს ამბავი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია- სამხრეთ კორეის მთავრობა მუშაობს ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების მოსაწყობად. სცენარი იწერებოდა ზუსტად 12 წელი და მისი ავტორები- ჯო ჰიუნთაკი და იუ ჰიუნმი, ლეგენდარული “sky castle//ზეციური სასახლის” შემქმნელები არიან. ამასთანავე, ცნობილია,რომ სცენარისტი 90-იანებში თავად ცხოვრობდა ისეთივე საერთო საცხოვრებელში, სადაც დრამის მოვლენები ვითარდება. აქედან გამომდინარე, იმდროინდელი რეალობის დეტალებში აღბეჭდვა ზუსტია! ვისაც კი ამ დრამის შექმნაში წვლილი მიუღია, ჩადო უდიდესი შრომა და ნებისყოფა! გადამღებმა ჯგუფმა, დამხმარე სტაფმა და მსახიობებმა მოიარეს მთელი კორეა ზუსტად ლოკაციების გამო, რათა ისეთი ემოციური და რეალისტური სცენები შეექმნათ, როგორიც დღეს გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოვლენები ერთ ადგილას მიმდინარეობს დრამაში ინტერესი უფრო და უფრო მძაფრდება! თითოეული კოსტიუმი თუ დეკორაცია ზუსტად აღწერს იმდროინდელ მდგომარეობასა და სტილს. მძიმე ისტორიის ასაღწერად შუა თოვლში მოკლემკლავიანი მაისურებით მუშაობდნენ მსახიობები,უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა დღე-ღამესა და რთულ ამინდებს. მინიმუმ მადლობა უნდა მოვუხადოთ შემქმნელებს იმიტომ,რომ გააჟღერეს ისეთი უძველესი ჰიტები,რომლებიც დღეს ძალიან რთულია იცოდე და მერე მითუმეტეს, მოიპოვო.

მადლობა იმისთვის, რომ წარსული ასე ზუსტად და დეტალურად მოიტანეს ჩვენამდე! მადლობა იმისთვის,რომ ზეციური ქასთი შეკრიბეს ერთად: ჯან სუნჯო, ჯუნ უნგინი, იუ ინნა, კიმ ჯუნა, ჯუნ ჰეიონი, ბეკ ჯივონი, ჰო ჯუნო, სონ ვონი, ი ჰვარიონი, იუნ სეა, კიმ ჰეიონი, ჯუნ შინჰე, კიმ მისუ, ჩუე ჰეჯინი, ჯუნ ისო, კიმ ჯონსუ, ნამ მიჯუნი, იუმ ჯუნა, ან დონგუ, კიმ მინქიუ, ჯან ინსუბი, ჯონ მუსონი, ჯუნ ერიკიმი, ჯონ ჰუნი, სონ გონჰე. არავის გამოვტოვებ იმიტომ, რომ თითოეული მათგანი იყო უნიკალური! მადლობა ცალკე იმისთვის,რომ ახალი ნიჭიერი სახეები გაგვაცნეს. და ბოლოს, ყველაზე დიდი მადლობა იმისთვის,რომ უფლება მისცეს ჰეინსა და ჯისუს შეექმნათ იონრო და სუჰო. სანამ ჰეინის ფენომენალური შესრულების განხილვას დავიწყებდე იქამდე ჯისუთი მინდა დავიწყო,ვინაიდან მისთვის დებიუტი იყო.

მთელი მსოფლიო ელოდა ამ დებიუტს, გაჩნდა მოსაზრებებიც, რომ პიარის გამო ეს როლი არ უნდა მოერგო, რომ ძალიან ბევრი პოპულარული გოგო არსებობს,რომლებიც ცნობადობით სარგებლობენ და ქასთინგის გარეშე იღებენ როლებს, როცა რეალობა სულ სხვაა- ჯისუმ ქასთინგი გაიარა! თავად დირექტორის სიტყვებს გამოვიყენებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ ჯისუ დაბადებული იყო იონროს როლისთვის და მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. მინიმუმ უნდა ნახოთ მისი გარდასახვა პირველი სერიიდან ბოლო სერიამდე, ძვლებამდე გტკივა მისი შესრულება იმდენად გულწრფელი და ბუნებრივია ყოველგვარი დადგმული და დაყენებული მიმიკების გარეშე. ბედნიერება,სევდა,წუხილი,იმედგაცრუება და უმანკოება ერთიანად ჰქონდა შესისხლხორცებული ისე,როგორც პერსონაჟს ეკადრებოდა და გაუგებარია,რატომ ითხოვდნენ მისგან უფრო მეტ ‘სითამამეს’ , როცა ეს პერსონაჟის სახეს სასტიკად ეწინააღმდეგება. არსად მინახავს მსგავსად ბუნებრივად შესრულებული სცენები, თითქოს ახალი ისტორია დაწერა და ვფიქრობ, სავიზიტო ბარათიც გახდება მისი. გულწრფელობის პიკია მისი შესრულება, თითქოს არც კი თამაშობს.

ცალკე ის ლამაზი,თავისებური ხავერდოვანი ხმა ხომ საერთოდ სრულყოფილს ხდის მის ხასიათს. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისგანაც მიიღო შეფასება, მათ შორის ჰეინისგან, რომელმაც აღნიშნა ჯისუს სიჭკვიანე და ნიჭიერება. ისიც კი თქვა,რომ წარმოდგენაც არ ექნებოდა როგორ მოახერხებდა იონროს ადგილზე შესრულებას მისი სირთულიდან გამომდინარე. ისიც აღსანიშნია,რომ გადასაღებ მოედანზე მიუხედავად უტრაგიკულესი და უსევდიანესი სცენებისა, ყველაზე მხიარული თავად ჯისუ იყო და საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა! მე ვერც კი ვხვდები როგორ ახერხებდა წამში იმ გარდასახვას,რასაც ეკრანზე ვხედავდით. გამოუტოვებელი არ უნდა დარჩეს ის იმპროვიზაციები,რომლებსაც თავად სთავაზობდა რეჟისორს და ბოლომდე შრომობდა იმისათვის, რომ დღეს ეს გენიალური პერსონაჟი გვენახა მისი სახით. ცალკე აღსანიშნია ჰეინისა და მისი ურთიერთობა, რომელმაც ჩვეულებრივი ბუმი მოახდინა მთელ სოც.სივრცეში. უდიდესი წვლილი მიუძღვის ჰეინს იმაში,რომ ჯისუ მაქსიმალურად კომფორტულად მოერგო სეტს და შეიქმნა საოცარი, უპოზიტიურესი ატმოსფერო. მე პირადად ცხოვრებაში პირველად ვუყურე სერიალის ყველა კადრს მიღმა სცენებს, იმდენად ჯადოსნური იყო რომ გამოტოვება შეუძლებელია! თითქოს, საკუთარი დორამა აქვთ იქ.

უნდა ნახოთ როგორ ხუმრობს და ამხნევებს რეჟისორი, როგორ უფრთხილდებიან მსახიობები ერთმანეთს და რა ლამაზადაა გადაღებული თითოეული სცენა!გავიმეორებ,ეს ყველაფერი ასე არ იქნებოდა რომ არა ჰეინი. კარგად რომ დაუკვირდეთ, იგი თავად სთავაზობს რეჟისორს რა როგორ იქნებოდა უკეთესი რომ გადაეღოთ, თანაც ამას საოცრად ლამაზად და სიმბოლურად ხსნის.

რაც შეეხება მის სუჰოს, თუ კი რაიმეს შეიძლება კიდევ ეწოდოს ლეგენდარული ეს ჰეინის სუჰოა! გამოფიტვამდე შეისისხლხორცა როლი, მთლიანად შევიდა პერსონაჟში და ალბათ, ძალიან დიდხანს მოუწია მასში ცხოვრება იმიტომ,რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი პერფომანსი. ეს იყო თეატრი,რომელზეც ადრე თუ გვიან ყველა ისაუბრებს და მე უდიდესი იმედი მაქვს,რომ აუცილებლად დაფასდება! ცალკე არ დავივიწყოთ ის ფიზიკური მომზადება,რომელიც ჰეინმა გაიღო ამ როლისთვის და სრული სახით შეუდგა ამ გენიალური პერსონაჟის განსახიერებას!

უყურებ ჰეინს და სული გეხუთება, გული გეწვის და თვალებში ცარიელი ადგილი აღარ გრჩება ცრემლების გამო…ის ყრუ ტკივილი, ცხოვრების სიმწარე,სევდა თუ უმწიკვლო სიყვარული, რასაც ის განიცდის მთლიანად მაყურებელთან მოაქვს და შენც იძულებულს გხდის მთლიანად ჩაეფლო “სუჰოში”. სიტყვებით ვერ აღვწერ იმდენად გენიალური და შეუფასებელია! ინტერვიუში თავად ჰეინმაც კი აღიარა,რომ წარმოდგენაც კი არ ექნებოდა რას იზავდა ამ როლის გარეშე და პირველ რიგში მადლობა დირექტორს,რომ შეძლო მისი გადარწმუნება. გადაღებების ბოლოს ისე ატირდა ძლივს დაამშვიდეს, მისი საყვარელი სცენა ხომ ფინალი იყო…ჰეინმა და ჯისუმ ერთმანეთსაც კი მოუხადეს მადლობა პარტნიორობისთვის. მე კი უდიდეს მადლობას ვუხდი მათ ამ ერთდროულად ჯადოსნური და საოცრად ტრაგედიული ისტორიის შექმნისათვის!

როგორც აღვნიშნე მოქმედება ხდება 1987 წლის ოქტომბერში, მაშინ როდესაც უამრავი სტუდენტი იბრძვის თავისუფალი არჩევნებისათვის და ეიენესპი დაუნდობლად უსწორდება მათ. დრო,სადაც ყველასათვის ერთი კანონი არსებობდა - “სამხრეთში ისე უნდა მოიქცე,როგორც ეიენესპი იტყვის.”
სწორედ, ამ დროს ჰოსუს უნივერსიტეტის სტუდენტი იუნ იონრო საცხოვრებელში პოულობს იქამდე მისთვის ნაცნობ, დაჭრილ მამაკაცს სახელად იმ სუჰოს. ვითარება იმდენად მძიმეა,რომ გოგონას ბიჭი მაშინვე მომიტინგე სტუდენტი ჰგონია და მეგობრების დახმარებით საცხოვრებელში მალავს. სწორედ, აქედან იწყება უდიდესი სიყვარულისა და თავგანწირვის ისტორია.

აქ ჩანს რამდენად სასტიკია ეიენესპი, თუმცა ბევრმა ამ სცენებზე ყურადღება არ გაამახვილა და სადღაც გარომანტიზებასაც მიაწერეს. სანამ სუჰო დორმში შეიპარებოდა, ჩვენ ვხედავთ როგორ არბევს პოლიცია მიტინგს ცრემლსადენი გაზით და ამ დროს როგორ მღერიან სტუდენტები სიმღერას:
“ფიჭვის ხე, ფიჭვის ხე,მწვანე ფიჭვის ხე…არ შეგაშინოს აღმოსავლეთის ქარმა ციხის რკინებს უკან, სადაც დაბმული ხარ იქ ცოცხალნი შევხვდებით. სამართლიანი არჩევნები!”

აქტივისტებს შორის ვამჩნევთ იონ იონროს მეგობარს, ჯონ მინს(საოცარი კიმ მისუ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია დრამაში. ის სახეა იმ დროისა,სადაც სტუდენტებს თავისუფლად კითხვაც კი არ შეეძლოთ ისეთი წიგნის,როგორიცაა მაგალითად “სიმართლე სოციალიზმზე”.
მე არ ვიცი მეტად ტრაგიკულად როგორ უნდა წარმოაჩინო ეიენესპის ბნელი მხარე,როდესაც ყველა სცენაში მათი სასტიკი გავლენა ჩანს:
“დაემორჩილე ბრძანებებს!’ არ იცი ჩვენი დევიზი რა არის? ბრძანებებზე დამორჩილება მაშინაც კი,როცა უდანაშაულო ხალხს სამხილის გარეშე ჯაშუშებად ვაქცევთ.”

დრო,როდესაც უდანაშაულო ადამიანებს დაკითხვისას არასასურველი პასუხების შემთხვევაში უმოწყალოდ აწამებდნენ და ხოცავდნენ. დრო,სადაც კითხვების დასმა სიკვდილს უდრიდა… აქ გვევლინებიან ი განმუ (ჯან სუნჯო) და ჯან ჰანა (ჯუნ უნგინი), რომლებიც ფაქტობრივად მსხვერპლნი არიან ამ სასტიკი რეჟიმისა. თავდაპირველად საზოგადოების აგრესიაც სწორედ ამ პერსონაჟების გამო დაიბადა. ვიღაც უნიათომ სრულიად უსაფუძვლოდ გაავრცელა ი განმუს გმირის არასწორი დახასიათება და ლოგიკურიცაა საზოგადოების პასუხი ამ ყველაფერზე. თუმცა, მომდევნო სერიებმა სულ სხვა საპირისპირო სახე დაგვიხატა და თავად, არხმაც განაცხადა, რომ ლი განმუ არის პერსონაჟი, რომელსაც აქვს სკეპტიციზმი ansp-ის მიმართ და შემდგომ ვიგებთ,რომ მის მაგივრად, სასტიკი რეჟიმის წარმომადგენელია ან გიონჰუი-ანტიკომუნისტური გამოძიების უფროსი (ი ჰვარიონი). ეს პერსონაჟი არის სრულიად უგრძნობი, ფულსა და ძალაუფლებაზე მონადირე ადამიანი, რომლისთვისაც არავის სიცოცხლეს არ აქვს მნიშვნელობა.

განმუსა და ჰანას პერსონაჟებით ავტორებმა შექმნეს ახალი ისტორია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვხედავთ ტრაგედიის ორ მხარეს და სწორედ, აქ ვიხლიჩებით. ნურავის დაავიწყდება,რომ ეინესპის აგენტებიც ადამიანები იყვნენ,რომლებიც პირადი ტრაგედიის გამო დაადგნენ ამ სასტიკ გზას და ავტორებს სწორედ, ეს უნდოდათ რომ დაგვენახა-მათაც უყვარდებათ და სტკივათ. აქ კი სუჰოს ლეგენდარულ სიტყვებს გავაჟღერებ:
“ეიენესპის გუნდის ლიდერი ხარ. ეიენესპი აწამებს და კლავს იმ ადამიანებს,ვინც ტირანიის რეჟიმს ეწინააღმდეგება. რეჟიმის ძაღლები ხართ, უცოდველ ხალხს წამლავთ ვითომ უსფართხო ქალაქის შექმნისთვის. და შენ მათი აგენტი ხარ, ჩემი დადანაშაულების უფლება არ გაქვს!“

ეს დუო არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ბრომანსების ისტორიაში. დაუვიწყარია ამ ორის ერთად შექმნილი ყველა წამი, როგორ იბრძვიან უდანაშაულო მოქალაქეების გადასარჩენად, ივიწყებენ წარსულს და ქმნიან მომავალს! შეყვარებულ ადამიანს ყველაზე კარგად ის უგებს,ვინც სიყვარულის სიტკბოც იცის და სიმწარეც…და რომ არა სიყვარული ალბათ, ვერასდროს შეძლებდნენ იმას,რაც შეძლეს!

“- სიკვდილი არ გაბედო!
-თუ მოვკვდები, მხოლოდ შენს ხელებში!”


შეუძლებელია არ ვახსენოთ ჯუნ უნგინი და ჯან სუნჯო, რომლებმაც საოცარი ქიმია დადეს ერთად. არანაკლებ იწვოდა მათი სიყვარულიც! ამ წყვილმა კიდევ ერთხელ გვანახა რას ნიშნავს ეს გრძნობა. როცა თვალის დაუხამხამებლად, გაუაზრებლად, შეუტოკებლად იბრძვი ადამიანის გამო, როცა მზად ხარ საკუთარი სიცოცხლე დათმო მისთვის, მაშინ გაიგებ რამდენად ძლიერი ხარ,როცა გიყვარს!

თუ ეიენესპისა და რეჟიმის მსხვერპლებზე ვსაუბრობთ, პირველი ვინც უნდა დავასახელოთ არის ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟი, ჰოსუს ქალთა უნივერსიტეტის დირექტორი, მისის პი (იუნ სეა). “უდანაშაულო ადამიანები ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და მოკლეს, თქვენ ხალხო, მედლებითა და საპრიზო ფონდით დაჯილდოვდით, თქვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. გგონია ოდესმე დავივიწყებ?!”

როგორც მისის პი ვერ დაივიწყებდა,ისევე ახსოვს დღევანდელ კორეას ის გაუსაძლისი ტკივილი და ეს მესიჯი არაერთხელ გააჟღერეს შემქმნელებმა. ეს არის უკვე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი პერსონაჟი, როგორც დირექტორი,ლიდერი და ღირსეული ადამიანი, რომელსაც მიუხედავად დიდი წნეხისა და ძალადობისა არასდროს არ გაუყიდია საკუთარი სტუდენტები და ბოლო წამამდე იბრძოდა მათ გადასარჩენად! ნათელი სახე იმისა,რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და როგორც სიყვარულს,ისე სინანულსაც თან მოსდევს შედეგი. ცალკე აღსანიშნია იუნსეას შეუფასებელი გარდასახვა და შესრულება, მიწას აზანზარებდა ყოველი მისი სცენა!

“თუ შეკრავ, ობობის ქსელიც კი მყარი იქნება”.

ახლა კი მივუბრუნდები ისტორიას, სადაც ობობის ქსელი მართლაც რომ შეიკრა და მყარი გახდა. როგორც ზემოთ ვახსენე, დრამის ფონია საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ ერთად დაგეგმეს. სამხრეთ კორეაში ემინის პარტიას არჩევნების მოგება,ხოლო ჩრდილოეთს ფული სურს, რის გამოც ისინი ჩრდილოეთიდან შეთანხმებულად გამოგზავნიან ქვეყნის საუკეთესო აგენტებს. თუმცა, რა თქმა უნდა აგენტებმა ნამდვილი მისიის შესახებ არაფერი იციან და პაიკების როლს ასრულებენ. სამხრეთის შემთხვევაში პაიკად ი განმუა, ხოლო ჩრდილოეთის- იმ სუჰო.

“ჩვენ უბრალოდ იარაღები ვართ ერთმანეთის გადასაადგილებლად!”.
აქ ჩანს უდიდესი ტკივილი ჩრდილოელებისა,რომელსაც ისევ სასტიკი მმართველი ჰყავს. “ყველა ერთისთვის,ერთი ყველასთვის!” -სლოგანი,რომლითაც ისინი ცხოვრობენ შიშსა და მონობაში. იდეოლოგია,რომელიც ქვეყანაში ხალხს თავისუფლებასა და სიყვარულს ართმევს! მმართველები, რომლებიც აგენტებს პატარაობიდანვე უნერგავენ,რომ პარტიისთვის თავგანწირვა ყველაზე საპატიო სიკვდილია, რომელიც შეიძლება ვინმემ ითხოვოს. მათ იციან,რომ იმ ილსონისთვის სიცოცხლე უნდა გასწირო. მათ იციან,რომ ამ შემთხვევაში ისინი რესპუბლიკის გმირები გახდებიან და თავიანთი ოჯახებიც კარგად იცხოვრებენ, თუმცა ისმის კითხვა- “მშობლებს რა გახდის ბედნიერს, ის ფული რასაც შვილის სიკვდილისთვის მიიღებენ?”
რომელი თანხა მოიცავს ადამიანის სიცოცხლის ფასს? ფაქტობრივად, აგენტებს საკუთარი სიცოცხლე არ ეკუთვნით. თუ ისინი მისიაზე უარს იტყვიან ოჯახებით მოკლავენ,თუ ჩაფლავდებიან თავი უნდა აიფეთქონ. მათ არ აქვთ უფლება ჰქონდეთ სხვა გრძნობა, გარდა რევოლუციური გუნებისა. ამის ერთ-ერთი იდეალური და საკმაოდ ტრაგიკული სახეა კან ჩონია(Yoo In-Na საოცარი იყო! ), რომელსაც არასდროს არ უცხოვრია ისე,როგორც საკუთარი თავი. გარდა ერთი მომენტისა სუჰოსთან,რომელიც მასში ადამიანობას აღვიძებს. რაც მე პირადად სრულიად ბუნებრივი მგონია, როგორც ქალისთვის, რომელზეც პირველად იზრუნეს.

აქ გავაჟღერებ ისევ სუჰოს სიტყვებს და გაგრძელების გარეშეც მიხვდებით ამ პერსონაჟის მნიშვნელობას დრამაში:
“საკუთარი სიცოცხლე შენ გეკუთვნის?ეს ცხოვრება თავად არ აგირჩევია, შეწყვიტე კან ჩონიას როლით ცხოვრება და ნამდვილი სახელით იცხოვრე!”.

დრამაში ასევე მნიშვნელოვნადაა გამოხატული ორივე ქვეყნის საზოგადოების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. აუცილებელიც კია,რომ სამხრეთელებს ჩრდილოელები სძულდეთ და პირიქით: 
- დაწყებით კლასში, რომ ვიყავი, სასტიკი გარეგნობის ჩრდილოელი ჯაშუში დავხატე და ჯილდო მოვიგე.
- ჩრდილოელის მომზადებულ საჭმელს ვჭამდით? 
ეს უმნიშვნელო დიალოგებიც კი რამდენ რამეს ამბობს და რამხელა ისტორიას გვიყვება, თუნდაც კიდევ ერთი გარდამტეხი პერსონაჟის -გე ბუნოკის სახით. ეს გაჟღერებული ფრაზა ზუსტად მას ერგება-“ერთხელ გაავებული ძაღლი მუდამ ავია!” კიმ ჰეიონმა ფაქტობრივად დაანგრია ყველაფერი, დამახინჯებული ადამიანის როლი ისე განასახიერია, რომ ერთდროულად მძულდა და მეცოდებოდა ეს პერსონაჟი-ეს ხომ უდიდეს ნიჭს მოითხოვს! მეცოდებოდა იმიტომ,რომ როგორც ყველა დანარჩენი ისიც მსხვერპლი/შედეგია შეურიგებელი ომისა.

უმნიშვნელოდ არ უნდა დაგვრჩეს ემინის პარტიისა და პრეზიდენტის შეხვედრა,როდესაც სადღეგრძელოს თავიანთი სისხლით სვამენ. ეს არის ერთ-ერთი უბნელესი მხარე,რომელიც უგიჟესი პერსონაჟების სახით გვაჩვენეს!

იუნ ჩანსუ (ჰო ჯუნო), რომელიც ნაციონალური დაცვის გუნდის დირექტორია, მეორე კი ნამ თეილი (პაკ სონვუნი) - დემოკრატიული ემინის პარტიის გენერალური მდივანი. სუნუნი ხომ გენიალური მსახიობია და ასევეა, ჯუნჰოც, მაგრამ აქ ყოველგვარ საზღვარს სცდებიან და უბრალოდ უმაგრეს სცენებს ქმნიან! ამაზე მაგარი სატირა დიდი ხანია არ მინახავს და არც მგონია, ვინმემ კიდევ შექმნას მსგავსი რამ! მათი სახით ნათლადაა ნაჩვენები ის მწარე რეალობა, როდესაც “ეკლის გვირგვინს” უღირსო ადამიანები იდგამენ თავზე და უდანაშაულო ადამიანებით მანიპულირებენ. მათ მსგავსად საკუთარ თავებს აჯობეს ცოლების უმაგრესმა ტრიომ (კიმ ჯუნნამი, ჯუნ ჰეიონი, ბეკ ჯივონი). ქალები, რომლებიც რა თქმა უნდა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მეუღლეებმა ძალაუფლება ხელთ ჩაიგდონ. ამ მხრივაც ნათლადაა ნაჩვენები პოლიტიკური სამყაროს ირონიული მხარე.

ცალკე გამოვყოფდი ისევ ჯუნჰოს ჩანსუს.როგორც უკვე ცნობილია იუნ ჩანსუ მთავარი პერსონაჟის, იონროს მამაა,რომელიც უდიდესი დილემის წინაშეა- მას არჩევანის გაკეთება უწევს ყველაფერს შორის, უზომოდ რთული და მტკივნეულია მის ადგილზე წარმოიდგინო თავი. მან იცის,რომ წარსულში გენერალები სანამ ომში წავიდოდნენ, საკუთარ ცოლ-შვილებს კლავდნენ და ახლა თავადაც ომში აღმოჩნდა. უყურებ ამ პერსონაჟს და კითხვა გიჩნდება სადაა ზღვარი და სადამდე გადის ის…

ამდენად ასაღწერადაც კი ძალიან რთულია ის მდგომარეობა ახსნა,რასაც უკვე ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი წყვილი გადის, იონროსა და სუჰოს სახით. სანამ მათ ისტორიამდე მოხვალ, იქამდე უნდა იცოდე ორივეს წარსული და წარმომავლობა. ეს არაა უბრალოდ რომეოსა და ჯულიეტას ისტორია, სადაც მტრების შვილებს ერთმანეთი უყვარდებათ; ეს თვით შექსპირზე მეტია, ანალოგი რომ არ ჰყავს. ამ წყვილს ვერცერთ სხვა წყვილს ვერ ვადარებ, მიუხედავად იმისა რომ თავად კორეელებს ათასობით დრამა/ფილმი აქვთ ამ ფონზე შექმნილი. სუჰო იონროსთვის და იონრო სუჰოსთვის ამ აუტანელი ტკივილის გადასატანად შეიქმნა, რადგან მარტო ვერცერთი გაუძლებდა ამას.

წყვილი, რომელიც ზამთარივით იძარცვება გარშემო ღალატისგან და უნდობლობისგან, მაგრამ მაინც გაზაფხულივით ხარობს.
მზერა, რომელიც სულს ხუთავდა
ხელები, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთს ეძებდნენ
ზურგიდან ჩახუტება, რომლითაც წამიერად ახერხებდნენ ამოსუნთქვას
ბინტები, რომლითაც ჭრილობების მაგივრად, სულიერ იარებს უშუშავდნენ ერთმანეთს
კასეტა, როგორც აღსარება სიყვარულისა
ქაღალდის თვითმფრინავები, როგორც კავშირი ერთმანეთთან
სალოცავი, როგორც თავშესაფარი
სხვენი, როგორც სიყვარულის სახლი
მტრედი, როგორც თილისმა
“ცალმხრივი ბილეთი”, როგორც ერთადერთხელ ‘გაფრენა’...

ორად გაყოფილ რეალობაში ისინი ბედმა დააკავშირა და ბოლოს ერთმანეთის იმედი გახდნენ. რეალობა კი სუჰოს მხრიდან ყველაზე ცივი,ტრაგიკული და სასტიკია. ის ფაქტობრივად გაწვრთნილი იარაღია, რომელსაც სასიკვდილოდ იყენებენ. ზრდიან ისე, როგორც მკვლელს, რომელსაც გრძნობები გათიშული უნდა ჰქონდეს. სასოწარკვეთა,რომელიც მუდმივად არ ანებებს თავს ამ პერსონაჟს, აუტანლად მძიმე და ტრაგედიულია! ალბათ არ არსებობს ადამიანი,რომელსაც ამდენჯერ მოატყუეს,უღალატეს, გადააბიჯეს,გამოიყენეს და გათელეს! საკმარისი იყო სუჰოს თვალებში ჩაგეხედა,რომ წამში დაინახავდი უსაზღვრო ტკივილს, თითქოს ყველას ტრაგედიას თავად დაატარებდა. ის იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს თავად არ იყენებდა და ქვეყნისთვის სწირავდა, განა იმიტომ რომ გმირი გამხდარიყო, არა! იმიტომ,რომ ის ღირსეული ლიდერი და მოქალაქე იყო, რომლისთვისაც ყოველთვის სხვების სიცოცხლე იყო პრიორიტეტი.

“ჩემი ქვეყანა უკან დარჩენილ ამხანაგებს არ ტოვებს. პარტია ხალხს შვილებად მიიჩნევს.ისინი ჩვენ არასდროს გვიღალატებენ და თუ ეს ის არის,რაც ქვეყანას სჭირდება,მოხარული ვიქნები ვიყო პაიკი!”

სუჰო იმ იდეალურ და უჩვეულო პერსონაჟთა სიაში შედის, რომელთა რიცხვიც ძალიან პატარაა. ის ერთეული მამაკაცია, რომელიც ღირსებისა და ერთგულების ფენომენალური მაგალითია! ის ჰუმანიზმი, რაც ამ ადამიანში არსებობს უბრალოდ სამართლიანობის საზღვრებს სცდება და გამუნჯებს, კითხვას გიჩენს- განა, შეიძლება შესწევდეს ვინმეს იმხელა ძალა, რომ ასეთ ადამიანად იარსებოს? განა, შეუძლია ვინმეს ასე პატიოსნად და ღირსეულად გაიაროს ისეთი ბინძური გზა, რომელიც მან გაიარა…? ის იყო კედელი,რომელიც იცავდა უამრავ ადამიანს და არასდროს, არცერთი წამით არ უღალატია ვინმესთვის!

“ეგ ჩვენს დასაცავადაა და არა თქვენს მოსაკლავად…ასობით ჯარისკაცია ამ ადგილის გარშემო. რაღაც მჭირდებოდა,რომ ჩემი გუნდის წევრები დამეცვა, როგორც ლიდერს შეეფერება. არავინ მინდა დაშავდეს ამ საერთო საცხოვრებელში. ლიდერი ვარ და ჩემი ბიჭების სიცოცხლე ჩემზეა დამოკიდებული.”

ერთადერთი რაც სუჰოს იცავდა ‘მტრედის ყელსაბამი’ იყო, რომელიც შემდეგ ისევ იონროს დასაცავად გამოიყენა.

იცით რას ნიშნავს მისი სახელი? მნიშვნელობა ისეა,როგორც “ვიცავ ჩემს სიყვარულს”... ამ ადამიანში გაზაფხული მაშინ იღვიძებს,როცა იონროს ხვდება. რა იყო იონრო მისთვის, ბედის იღბალი თუ უიღბლობა? მე თუ მკითხავთ ეს სუჰოს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა,რომელსაც მხოლოდ ის თუ დაიმსახურებდა. მიუხედავად იმისა,რომ იცოდა მათი მომავალი არ არსებობდა, მას იონროსადმი არსებული გრძნობა არასდროს არ უარყვია და ყოველთვის ღირსეულად ამტკიცებდა! ფაქტობრივად, მისთვის ცალკე არსებობდა იონრო და ცალკე სხვა დანარჩენი. რა ტანჯვასა და წამებას არ გაუძლო სუჰომ,მაგრამ იონროს ტკივილზე სამყარო ენგრეოდა თავზე და წამში იშლებოდა უმოქმედობისგან.

“ყველაფერი რაც შენ დაგიშავე, ეგეც კი ძალიან რთულია ჩემთვის ასატანად. შენი ყურების გარდა შენთვის არაფრის გაკეთება შემიძლია და ეგ მაგიჟებს.”
ამიტომ, ის გამუდმებით პირველი თავად ეძებდა და პოულობდა,რათა სიყვარული გადაერჩინა…

იონრო,რომ მამაკაცი ყოფილიყო ალბათ სუჰო იქნებოდა და ამას არ ვამბობ დაუფიქრებლად. როგორი სასტიკიცაა სუჰოს რეალობა, ისევეა იონროს სამყარო,რომელიც მხოლოდ ცოტახნით გაზაფხულდება.

“სულ მაინტერესებდა, როგორი გრძნობა იყო ერთი ნახვით შეყვარება. მისი დანახვისთანავე ვიგრძენი ეს! არც ისე დიდხანს გაგრძელდა ეს,მაგრამ ჩემს გულს ვეღარ შეეძლო ამდენის გაძლება.მეგონა გული გამიჩერდებოდა…იქნებ ეს სიყვარულია? ერთმანეთისთვის გავჩნდით?”


20 წლის სტუდენტის ცხოვრებას ერთი საბედისწერო შეხვედრა მთლიანად ცვლის. იონრო პირველი ქალი პერსონაჟია, რომელმაც ერთი ნახვით შეყვარების არსი დამაჯერა! ყოველგვარი კლიშეებისა და ბანალურობის გარეშე, ეს იყო ყველაზე გულწრფელად გადმოცემული ისტორია, რომელსაც ერთხელ ყველა ჩვეულებრივი გოგო გადის! თუმცა, როგორც სუჰო, იონროც არ იყო ჩვეულებრივი. ნაციონალური დაცვის გუნდის დირექტორის ქალიშვილობა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტვირთი იყო, რომელსაც საბოლოოდ მაინც შეეწირა.

ტკივილი,რასაც ეს პერსონაჟი განიცდის ყოვლად აუტანელი და მძიმეა იმ სწრაფი მოვლენების გამო,რაც მის გარშემო ხდება. ყველაფერსა და ყველას, ვინც უყვარდა წამში კარგავს და იხლიჩება. ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია,როგორც ადამიანი, შეყვარებული ქალი,მეგობარი,შვილი,და და მოქალაქეც! მუდმივი დანაშაულის გრძნობა ახრჩობს, გუდავს და საკუთარ თავს ებრძვის…თუმცა, ისიც არასდროს უარყოფს გრძნობას,რომლისთვისაც თავი არაერთხელ გასწირა.
მზად იყო ყველანაირი სასჯელი მიეღო ოღონდ ის გადაერჩინა, ვინც მთელი გულით შეუყვარდა. არასდროს, არცერთი წამით არ დაუტოვებია სუჰო, მეტიც,უსასრულო ლოდინზეც კი თანახმა იყო,ოღონდ ოდესმე კვლავ ენახა ის. იონრო თავისი ადამიანურობითა და უმანკოებით სუჰოში ყინულს ადნობს, სუჰომ სწორედ მის გამო ირწმუნა სიყვარულისა და იმედის არსებობა! მათ შექმნეს ადგილი სიყვარულისთვის იმ დროში და იმ ადგილას,სადაც სისასტიკის გარდა არაფერი მძვინვარებდა! მტრედებივით შლიდნენ ფრთებს,რათა ერთმანეთი დაეცვათ! ქაღალდის თვითმფრინავებით უგზავნიდნენ სიყვარულს ერთმანეთსა და სამყაროს! ცუდ მოგონებებს ერთმანეთს უქრობდნენ,მაგრამ არა საკუთარ თავებს, რადგან ერთად განვლილი ყველა წუთი, განურჩევლად ცუდისა თუ კარგისა, ყველაფერი ძვირფასი იყო მათთვის. სუჰოს იმედი ჰქონდა,რომ გაზაფხული მოვიდოდა, როგორც თეთრყვავილა, მაგრამ ყველაფერი სეზონის მოსვლისთანავე სრულდება. იონრო კი თეთრყვავილას ახალი სახეა, რომლის გულშიც მხოლოდ ზამთარმა და შეუძლებელმა მოლოდინმა დაიბუდა. თუმცა, როგორც სუჰომ თქვა- იონრომ, როგორც სიყვარულმა, მიუხედავად სირთულეებისა არსებობა უნდა განაგრძოს.

‘თეთრყვავილა’ სიმბოლოა გაზაფხულის მოსვლისა- “თუ გაუძლებ ამ მძიმე სიცივეს,გაზაფული მალე მოვა”.

და მაინც რა არის სიყვარული?
სიყვარულს იდეოლოგიასა და პრინციპებზე მაღლა აყენებ, არ აქვს მნიშვნელობა კაცი ხარ თუ ქალი, ეს ცხოვრების ჭეშმარიტებაა და ამ შეუფასებელი დრამით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მის გარდა სხვას არაფერს აქვს შედეგი. ვერცერთი ბოროტი ძალა ვერ მოერევა სამყაროს იქამდე, სანამ ადამიანში გრძნობები ჩქეფს. ბოროტება უკან ბრუნდება, ისევე როგორც სიყვარული, თუმცა მათ შორის ერთი განსხვავებაა- სიყვარული შემოქმედია, ბოროტება კი უნაყოფო.

“იონრო, მახსოვს პირველად რომაული ყავის მაღაზიაში შეგხვდი. როდესაც დავინახე, დანგრევის პირას მყოფ ასანთებისაგან აწყობილ კოშკს ხელი როგორ შეაშველე…გულწრფელად რომ გითხრა, სწორედ მაშინ გამიჩნდა შენ მიმართ გრძნობები. მე რომ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვყოფილიყავი იმ დღესვე პაემანზე დაგპატიჟებდი, შემდეგ კი შეიძლება წყვილი გავმხდარიყავით,არა? ატრაქციონების პარკში წავიდოდით და ფილმებს ვუყურებდით. მინდოდა შენთან ერთად ძალიან ბევრი დრო გამეტარებინა…როგორ ვიქეცი ისეთ ადამიანად, რომელსაც შენს გვერდით ყოფნის უფლება არ აქვს? მაგრამ შენი გაცნობა არასდროს მინანია. იონრო,შენ თითქოს ჩემს სულში ყვავილები გაფურჩქნე, მადლობა! მივდივარ,მაგრამ მე…მე სამუდამოდ მემახსოვრები! იონრო,მიყვარხარ”

ტექსტზე იმუშავა ნია აბდულაშვილმა.

რეგისტრაცია